ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) გამოყენებით უჩვეულო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც PSR J2322-2650b დაარქვეს.

იგი დაახლოებით იუპიტერის ზომისაა და თავისი ვარსკვლავისგან 1 600 000 კმ აშორებს. ეს იმ მანძილის დაახლოებით 1%-ს შეადგენს, რომელიც მზესა და დედამიწას შორისაა. ახალაღმოჩენილ ეგზოპლანეტაზე "წელიწადი" სულ რაღაც 7.8 საათს გრძელდება. ვარსკვლავი, რომლის გარშემოც PSR J2322-2650b მოძრაობს, პულსარია. სწორედ მასთან სიახლოვე განაპირობებს ვარსკვლავის წაგრძელებულ ფორმას, რომელმაც შეიძლება ლიმონი მოგაგონოთ.

კვლევა გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა. მასში წარმოდგენილი მიგნებები იმდენად უჩვეულოა, რომ ასტრონომები იმაზეც კი ფიქრობენ, საერთოდ სხვა კლასის კოსმოსურ სხეულთან ხომ არ გვაქვს საქმე. როგორც ავტორები განმარტავენ, ამდენად "გაწელილი" პლანეტა აქამდე არასდროს უნახავთ.

პლანეტის ვარსკვლავი სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავია. ეს ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ დარჩენილი ბირთვია, რომელიც თითქმის წარმოუდგენლად მკვრივია.

აღნიშნული ნეიტრონული ვარსკვლავებიდან ზოგიერთი პულსარი ხდება და ენერგიის დიდ ნაკადებს გამოყოფს, რომლებსაც ტელესკოპები განმეორებად სიგნალებად აღიქვამს. მეორე მხრივ, ეს ნაკადები ძირითადად გამა-გამოსხივების სახით გამოიყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ JWST-ს მსგავსი ტელესკოპებისთვის მისი სინათლე უხილავია. ცნობისთვის, JWST უმეტესად მხოლოდ ინფრაწითელ ტალღებს აღიქვამს. ეს ყველაფერი მეცნიერებს იმ ეგზოპლანეტების გამოკვლევაში უწყობს ხელს, რომელთაც ხშირად თავიანთი ვარსკვლავი ჩრდილავს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.

აღმოჩნდა, რომ ამ პლანეტის ატმოსფეროს შედგენილობა თითქმის მისი ფორმასავით უჩვეულოა. ზედაპირის ტემპერატურა 2037°C-მდე აღწევს, რაც ვენერასას თითქმის 4-ჯერ აღემატება. PSR J2322-2650b თითქმის მთლიანად ჰელიუმისა და ნახშირბადისგან შედგება. საინტერესოა, რომ ეს მოცემულობა ჩვენთვის ცნობილ არცერთ პლანეტაზე არ შეგვხვედრია. ამის მიზეზი ისაა, რომ მოლეკულური ნახშირბადი სხვა ელემენტებს (მაგ. ჟანგბადსა და აზოტს) მარტივად ებმის. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ ეს აირები ამ პლანეტაზე წესით არ უნდა გვხვდებოდეს.

ბუნებრივია, რომ უჩვეულო შედგენილობა ასეთსავე ამინდთანაა დაკავშირებული. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ახალაღმოჩენილ ეგზოპლანეტაზე ჰაერში ნახშირბადის ჭვარტლის ღრუბლები მოძრაობს, რომლებიც პლანეტის ბირთვთან ახლოს შეიძლება მყარი ალმასის ნატეხებად ჩამოყალიბდეს.

PSR J2322-2650b არამხოლოდ ნახშირბადით, არამედ იდუმალებითაცაა მოცული. პულსარების გარშემო, როგორც წესი, პლანეტები საერთოდ არ მოძრაობს, არათუ ისეთები, რომლებსაც ლიმონის ფორმა და გრაფიტის ღრუბლები აქვს და რომლებსაც სხვა პლანეტებისგან რადიკალურად განსხვავებული ქიმიური შედგენილობა აქვს.

ასტრონომებს ამ იდუმალების ასახსნელად რამდენიმე ვარაუდი ნამდვილად აქვთ. მაგალითად, ეს კონფიგურაცია შეიძლება ვარსკვლავთა სისტემის ერთ-ერთი ტიპი იყოს, რომელიც შავი ქვრივის ბინარული სისტემის სახელითაა ცნობილი. ასეთ შემთხვევებში პულსარი მის ორბიტაში მოძრავ უფრო მცირე ზომის ვარსკვლავს მასალას "აცლის" მანამ, სანამ საბოლოოდ არ გაანადგურებს მას.

ამ ვარაუდს ერთი დიდი ნაკლი აქვს: აღნიშნული ფენომენი მხოლოდ პულსარსა და სხვა ვარსკვლავს შორისაა დაკვირვებული, პულსარსა და პლანეტას შორის კი — არასოდეს. ამ წინააღმდეგობას მეორე ახსნამდე მივყავართ: შესაძლოა, ეს ეგზოპლანეტა გარკვეული სახის ვარსკვლავური ნარჩენია. თუ ეს მართლაც ასეა, სავარაუდოდ, მან თავისი მასის 99.9% უკვე დაკარგა, ხოლო რაც ჩვენ ვიხილეთ, მისი სიცოცხლის უკანასკნელი ეტაპია.

მკვლევრების აზრით, უფრო საინტერესო ალტერნატივა ისაა, რომ ახალაღმოჩენილი ეგზოპლანეტა კოსმოსური სხეულის სრულიად განსხვავებული ტიპია, რომლისთვისაც ჯერ სახელიც კი არ გვაქვს. ამას ის წინააღმდეგობები ადასტურებს, რომლებიც ზემოთ განხილულ სავარაუდო ახსნებს ახლავს თან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.