COVID-19-ის ნევროლოგიური გართულებები, შესაძლოა, ინსულტი და ფსიქოზი იყოს — კვლევა
COVID-19-თან დაკავშირებული საყურადღებო ნევროლოგიური გართულებები, შესაძლოა, ინსულტი და ფსიქოზი იყოს — ვკითხულობთ ჟურნალში Lancet Psychiatry გამოქვეყნებულ სტატიაში. კვლევა შედარებით მცირე მოცულობის არის და იგი ექიმთა კლინიკურ დაკვირვებას ეყრდნობა. შესაბამისად, მასში გამოთქმული შეხედულებების საზოგადო განვრცობა სწორი არ იქნება. მიუხედავად ამისა, სამედიცინო ექსპერტთა შეფასებით, კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები კორონავირუსის შესაძლო გართულებებსა და მათი მკურნალობის მნიშვნელოვან კლინიკური ასპექტებს აღწერს.
"COVID-19-ით გამოწვეული ნევროლოგიური თუ ფსიქიატრიული გართულებების შესახებ კვლევები აქამდეც ქვეყნდებოდა. თუმცა, როგორც წესი, ისინი პაციენტთა მცირე ჯგუფებს (მაქსიმუმ 10 ადამიანი) აღწერდნენ", — განაცხადა ბენედიქტ მაიკლმა, კვლევის მთავარმა ავტორმა, ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორმა.
მკვლევართა აზრით, მათი მიგნებები დაავადების პოტენციური გართულებების შესახებ მნიშვნელოვან კლინიკურ ასპექტებს უსვამს ხაზს. მიუხედავად ამისა, ეს მოსაზრებები პრაქტიკაში სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული.
როგორც სამეცნიერო ნაშრომიდან ვიგებთ, მაიკლმა და მისმა კოლეგებმა აპრილის თვეში ბრიტანულ კლინიკებში მოთავსებული პაციენტები გამოიკვლიეს. ამისათვის მათ ექიმებს სთხოვეს, რომ COVID-19-ით ინფიცირებული იმ პაციენტების შესახებ ეცნობებინათ, რომელთაც მკურნალობის პერიოდში ნევროლოგიური თუ ფსიქიატრიული ხასიათის პრობლემები გამოუვლინდათ. 125 ასეთი კლინიკური შემთხვევის ანალიზის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ყველაზე ხშირი გართულება ინსულტი გახლდათ. აღწერილი 77 კლინიკური ისტორიიდან, 57 შემთხვევაში ინსულტი თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვებში თრომბის მოხვედრით იყო განპირობებული, 9 შემთხვევაში — თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვის გახეთქვით, ხოლო ერთ შემთხვევაში — თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვის ანთებით.
39 პაციენტს შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობით გამოწვეული ქცევითი დარღვევა აღენიშნა, რომელთაგანაც 7 შემთხვევაში ამის მიზეზი ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება) გახლდათ. 23 პაციენტში ეს ფსიქიატრიული მიზეზებით იყო გამოწვეული. მიზეზებს შორის გახლდათ: ფსიქოზი, დემენციის მსგავსი სინდრომი და გუნება-განწყობის დარღვევა. მიუხედავად ამ შედეგისა, მკვლევრები გადაჭრით ვერ ამბობენ, ფსიქიატრიული პრობლემები COVID-19-ის მიერ არის გამოწვეული, თუ ისინი პაციენტებს აქამდეც აღენიშნებოდათ და ამის შესახებ ექიმებისთვის აქამდე ცნობილი არ იყო.
"ეს თითოეულ ჩვენგანს შეახსენებს, რომ COVID-19 უფრო მეტია, ვიდრე რესპირატორული ინფექცია და მისი სხვა დაავადებებთან კავშირი ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ", — აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მედიცინის პროფესორი, მაიკლ შარპი. მისი თქმით, შემდგომი კვლევები უკეთ გამოკვეთს, რამდენად დიდი წვლილი მიუძღოდა ამ გართულებებში კორონავირუსს.
კომენტარები