წყლის თემაზე დაფუძნებული თვალწარმტაცი ფოტოკონკურსის გამარჯვებულები — ფოტოები
ჰამდანის საერთაშორისო ფოტოგრაფიის კონკურსი დუბაის პრინცმა, შეიხ ჰამდან ბინ რაშიდ ბინ მუჰამედ ალ მაკტუმმა 2011 წელს დაარსა, რის შემდეგაც ის ყოველწლიურად იმართება. კონკურსის საერთო საპრიზო ფონდი 400 ათას აშშ დოლარს შეადგენს.
2020 წლის კონკურსის თემა წყალი იყო. იხილეთ გამარჯვებული ფოტოგრაფები და მათი ნამუშევრები.
სილამაზის და საფრთხის სამეფო
პორტფოლიოს კატეგორიაში პირველ ადგილზე მექსიკელი ფოტოგრაფი ქრისტიან ვიცლ მაკ გრეგორი გავიდა. მაკ გრეგორი ცნობილია წყალქვეშა შავ-თეთრი ფოტოებით და მისი ნამუშევრები უცნაური განათებით გამოირჩევა.
მეტივეები იალუს მდინარეზე
პორტფოლიოს კატეგორიაში მეორე ადგილი ჩინელმა ფოტოგრაფმა, ზოუფან ცუიმ, იალუს მდინარის ფოტოებით მოიპოვა. ეს მდინარე ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას ყოფს. ყოველწლიურად გაზაფხულზე და შემოდგომაზე ჩრდილოეთ კორეელები ჩანგბაის მთებში ხეებს ჭრიან და მდინარეზე უშვებენ. დინებას გაყოლილი ხეები კი ქალაქ ჟონჯიანგჯუნის ნაპირებისკენ მიცურავენ.
ხის ტრანსპორტირების ეს მეთოდი, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთდ გაიშვიათდა, თუმცა, კორეის და ჩინეთის ზოგ ნაწილებში დღემდე გამოიყენება.
მტაცებლის ფარფლები
პორტფოლიოს კატეგორიაში მესამე ადგილი ინდონეზიელმა ათო ულაჰმა დაიკავა, რომელმაც წყლის ყველაზე საშიშ მტაცებელზე, ზვიგენზე ნადირობა ფოტოებზე აღბეჭდა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, მეთევზეები მილიონობით ზვიგენს კლავენ და მათი ფარფლებით ვაჭრობენ.
ულაჰის ამ ფოტოზე მეთევზეებს ახლად დაჭერილი ზვიგენი ნაპირზე აჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზიაში ზვიგენზე ნადირობის არაერთი რეგულაცია არსებობს, ზვიგენების პოპულაცია სწრაფად მცირდება, რაც ადგილობრივ ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის.
მოგზაურობა ჩვენი მსოფლიოს მიღმა
მობილური ფოტოგრაფიის კატეგორიაში პირველი ადგილი ინდოელმა ფოტოგრაფმა აპრატიმ პალმა მოიპოვა. ზამთარში წყლის დინება ძალიან ნელია, რის გამოც ბევრგან, წყალში ხავსის მაგვარი სტრუქტურები წარმოიქმნება. ფოტოზე აღბეჭდილია მენიჩბე, რომელიც ხავსით მოცულ წყალში გზას იკვალავს.
ჩანჩქერის დინება
წყლის კატეგორიაში პირველი ადგილი ბელგიელმა ფოტოგრაფმა ფრანსუა ბოგაერტსმა მოიპოვა. პრიზიორი ფოტო ისლანდიაში არის გადაღებული. დინჯანდიფოსი ამ ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზეზი ჩანჩქერია. "ამ ფოტოთი მინდოდა მეჩვენებინა, რამდენად პატარა და უმნიშვნელონი ვართ ბუნებასთან შედარებით", — ამბობს ბელგიელი ფოტოგრაფი.
უზარმაზარი პრობლემა
წყლის კატეგორიაში მეორე ადგილი ინდოელმა ფოტოგრაფმა, შანთა კუმარ სამბა შივამ ლაილამ მოიპოვა, რომელმაც მასობრივი დატბორვის ფოტოზე აღბეჭდვა მოახერხა. მუმბაიში ადამიანები წყლის მასისთვის თავის დაღწევას მანქანებზე და სიმაღლეებზე აძრომით ცდილობენ.
რვაფეხაზე მონადირე
წყლის კატეგორაში მესამე ადგილი ინდონეზიელმა ფოტოგრაფმა ბუქარი მუსლიმ დიკენმა დაიკავა. მის ფოტოზე რვაფეხაზე მონადირე ბავშვია ასახული, რომელსაც მამა ნავში ელოდება. მალუკუს კუნძულებზე ნადირობას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებენ.
გადამარჩინე
წყლის კატეგორიაში მეოთხე ადგილზე ინდოელი ფოტოგრაფი სოურავ დასი გავიდა. ინოდეთის პატარა სოფელში ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, როცა უცაბედად გაწვიმდა. ბავშვების შეძახილებს მამა შეეგება და შვილების წარღვნისგან გადასარჩენად გაეშურა.
წყალი — სიცოცხლის საიდუმლო
წყლის კატეგორიაში მეხუთე ადგილზე ფოტოგრაფი ბინ შაკარ ალ ზააბი გავიდა. მონღოლეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ბაიან-ულგიიში მდებარე ეს ტბა ადგილობრივებისთვის მტკნარი წყლის მთავარი მარაგია. ფოტოზე სახლისკენ მიმავალი ბაბუა და შვილიშვილი ტბიდან წყალს სვამენ.
სიცოცხლის ესენცია
მთავარი პრიზის მფლობელი ავსტრალიელი ფოტოგრაფი ჟასმინ კარი გახდა, რომელმაც ფოტოზე კუზა ვეშაპი და მისი ახალშობილი აღბეჭდა. ოკეანის წყვდიადიდან ამოსული ვეშაპები წყლის ზედაპირს უახლოვდებიან.
კომენტარები