2022 წელს NASA-ს ხომალდი პაწაწინა თანამგზავრს ააფეთქებს
2022 წლისთვის NASA DART-ის მისიის ფარგლებში ხომალდით პაწაწინა თანამგზავრის აფეთქებას გეგმავს. ექსპერიმენტის მიზანი იმ ჰიპოთეტური შემთხვევისთვის მომზადებაა, რომელიც დედამიწისკენ წამოსული მკვლელი ასტეროიდის განადგურებას მოიაზრებს.
პატარა თანამგზავრი ასტეროიდ Didymos-ის გარშემო ბრუნავს, რომელიც ასტრონომებმა 1996 წელს აღმოაჩინეს. მან დედამიწას 2003 წელს ჩაუფრინა. Didymos-ის თანამგზავრის დიამეტრი სულ რაღაც 160 მეტრს შეადგენს, სწორედ ამ ზომისა და მისი ადგილმდებარეობის გამო იგი ექსპერიმენტისთვის იდეალურ სამიზნედ იქცა. თუმცა NASA-ს ერთი უსერიოზულესი პრობლემა შეექმნა — თანამგზავრის სახელი, Didymos B, ასეთი ფანტასტიკური მისიისთვის არასაკმარისად ჟღერადი გახლდათ. სააგენტომაც არ დაახანა და მთავრის სახელის შეცვლა გადაწყვიტა. ახლა მას Dimorphos ჰქვია.
DART-ის მისიისთვის NASA ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA) თანამშრომლობს. 2022 წელს ხომალდი DART მთვარისკენ გაეშვება. ხომალდის მასა დაახლოებით 500 კილოგრამი იქნება და იგი თითქმის არანაირი სამეცნიერო ხელსაწყოთი არ იქნება აღჭურვილი. მზის სენსორი და კამერა მას თანამგზავრის ადგილმდებარეობის დადგენასა და მასთან წამში 6 კილომეტრი სიჩქარით მიახლოებაში დაეხმარება.
იტალიის კოსმოსური სააგენტო ხომალდთან ერთად მინიატურულ თანამგზავრს გაუშვებს, თუმცა იგი ხომალდისგან დარტყმამდე განცალკევდება. ეს მეცნიერებს პროცესზე დაკვირვებაში დაეხმარება, მაგრამ სრული სურათი მანამდე არ იქნება ხელმისაწვდომი, სანამ ESA 2024 წელს მისია Hera-ს განხორციელებას არ დაიწყებს, რომლის მიზანსაც თანამგზავრის ახალი ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მასზე დაკვირვება წარმოადგენს.
მკვლელი ასტეროიდის გასანადგურებლად ბევრი სხვა იდეაც გამოჩნდა, მაგრამ NASA-ს მისიის განხორციელება ამ ძველმოდური ხერხით სურს.
კომენტარები