იუპიტერის თანამგზავრი ევროპა, შესაძლოა, სიცოცხლისუნარიანი იყოს
NASA-ს მეცნიერების ახალი მოდელი იმ თეორიას უჭერს მხარს, რომლის მიხედვითაც, იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე მდებარე ოკეანეში, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს. გუნდის მიხედვით, წყალი, რომელიც მათი აზრით ყინულის ქვეშ მდებარე ოკეანეა, შეიძლება, რომ წყლის შემცველი მინერალების დაშლის შედეგად წარმოქმნილიყო. მათი კვლევა ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის, იგი პირველად გოლდშმიტის ფესტივალზე წარადგინეს.
ევროპა მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მთვარეა. Voyager-ისა და Galileo-ს მეშვეობით მთავრეზე დაკვირვებისას მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ზედაპირი მის ქვეშ არსებულ ოკეანეში ტივტივებდა. თუმცა ამ ოკეანის წარმოშობის ისტორია და მისი კომპოზიცია უცნობია.
მკვლევრებმა მთვარეზე არსებული მდგომარების მოდელირება Galileo-ს მისიის დროს მოპოვებული მონაცემების წყალობით შეძლეს.
"ჩვენ მთვარის ქერქის, სილიკატის ფენის და ოკეანის შემადგენლობისა და ფიზიკური მახასიათებლების მოდელირება შევძელით და დავადგინეთ, რომ სხვადასხვა მინერალი წყალს კარგავს და განსხვავებულ სიღრმესა და ტემპერატურაზე ორთქლდება", — განაცხადა მთავარმა მკვლევარმა, მოჰიტ დასვანმა, — "ჩვენ ეს აქროლადი ნივთიერებები შევკრიბეთ და აღმოვაჩინეთ, რომ შედეგი თანხვედრაშია ოკეანის სავარაუდო მასასთან. ეს კი იმ ვარაუდის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ მოცემული ნივთიერებები ოკეანეშიც მოიპოვება".
გუნდის თქმით, ისეთი ოკეანე, როგორიც ევროპაზეა, შესაძლოა, რომ მეტამორფიზმის მეშვეობით ჩამოყალიბებულიყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაღალ ტემპერატურასა და გაზრდილ წნევას, შესაძლოა, წყლის შემცველი მინერალები დაეშალა.
მათ ასევე დაადგინეს, რომ ოკეანე თავდაპირველად მსუბუქად მჟავური იქნებოდა, რადგან მასში ნახშირორჟანგის, კალციუმისა და სულფატის მაღალი კონცენტრაცია იყო.
"ჩვენმა სიმულაციებმა, რომელიც ჰაბლის მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნა, აჩვენა, რომ წყალი ქლორიდით მდიდარი გახდა. სხვა სიტყვებით, მისი შემადგენლობა დედამიწაზე არსებული ოკეანეების შემადგენლობას დაემსგავსა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ოკეანე სიცოცხლისუნარიანი შეიძლება იყოს", — განაცხადა დასვანმა, — "მზის სისტემაში სიცოცხლის საპოვნელად ევროპა საუკეთესო შანსია. NASA-ს ევროპის მისია შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება, რომელიც თანამგზავრის სიცოცხლისუნარიანობას გამოიკვლევს. ჩვენი კვლევის მიზანს კი მისიისთვის მომზადება წარმოადგენს".
ასევე, NASA-მ ახლახან ევროპის ახალი მაღალი გარჩევადობის ფოტოები წარადგინა, სადაც სამომავლო მისიის ფარგლებში საკვლევი ტერიტორიებია აღნიშნული.
კომენტარები