18 ივნისს ჟურნალში Nature Medicine გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ასიმპტომური კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებებს ნათელს ჰფენს. მეცნიერებმა 37 ასეთი შემთხვევა და მათთან დაკავშირებული 2,088 კონტაქტი გამოიკვლიეს. თითოეულ მათგანს დაავადების სკრინინგი გავლილი ჰქონდა. ასიმპტომურ პაციენტთა 57%-ს ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე (CT) ანთებისთვის დამახასიათებელი პათოლოგიური ნიშნები გამოუვლინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმისთვის ვირუსით მიყენებული ზიანი რეალურად დიდი და საყურადღებოა. ეს დასკვნა შესაბამისობაში მოდის ჩინელი მეცნიერების აქამდე გამოქვეყნებულ კვლევებთან. უფრო დეტალური ანალიზისთვის შემდგომი კვლევებია საჭირო.

აღნიშნული ნაშრომი ასევე გვეხმარება, უფრო მეტი გავიგოთ სხვა ვირუსული ინფექციური დაავადებების უსიმპტომო მიმდინარეობის შესახებ. ჩვეულებრივი გაციების ან სეზონური გრიპის ასიმპტომური მიმდინარეობა დეტალურად გამოკვლეული აქამდე არ ყოფილა. ასევე უცნობია, თუ მთლიანი შემთხვევების რა პროცენტული წილი მოდის ასიმპტომურ მტარებლობაზე. როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა 9 ივნისს პრესასთან შეხვედრისას განაცხადა, "გამოთვლების თანახმად, ასიმპტომური ინფიცირების მაჩვენებელი 6%-დან 41%-მდე მერყეობს".

ასიმპტომური მტარებლობა რთული აღმოსაჩენი და გამოსაკვლევია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ შესაბამის ტესტირებას ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იტარებს, თუ ეჭვობს, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა. ასევე, ზოგიერთი შემთხვევაში, დაავადების კლასიკური ნიშნები (მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა და სუნთქვის უკმარისობა) საკმაოდ გვიან ვითარდება.

"როგორც წესი, თუ პაციენტი ასიმპტომურია (უბრალო გაციების ან გრიპის შემთხვევაში), მას არასდროს ვიკვლევთ. ჩვენ აზრადაც არ მოგვდის, რომ მათ CT კვლევა ჩავუტაროთ", — აღნიშნავს ფილტვის დაავადებათა სპეციალისტი, ექიმი-პულმონოლოგი ჯენიფერ ტეილორ-კუსარი (იგი ამ კვლევაში არ მონაწილეობდა). მისი აზრით, რადიოლოგებმა დასკვნების გაკეთებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგანაც ისინი ახალ კორონავირუსს უფრო ინტენსიურად იკვლევენ, ვიდრე სხვა რესპირატორულ დაავადებებს. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე მონაცემი, რომელიც ასიმპტომური მიმდინარეობის შემთხვევაში ფილტვების დაზიანების სპეციფიკურობაზე მიუთითებს.

პულმონოლოგთა აზრით, დაავადების ასიმპტომური მიმდინარეობის დროს, იმუნური სისტემა მას სწრაფადვე უმკლავდება, რის გამოც ფილტვების ხანგრძლივი დაზიანება არ ფიქსირდება.

ჩემი ვარაუდით, რამდენიმე თვის შემდეგ იმ ასიმპტომურ პაციენტებს, რომელთაც დაავადების ნიშნები არც მოგვიანებით გამოვლენიათ, ხელახლა თუ გამოვიკვლევთ, მათი უმრავლესობის CT კვლევა სრულად ნორმის ფარგლებში იქნება

ჯენიფერ ტეილორ-კუსარი, პულმონოლოგი

მიუხედავად ყველაფრისა, ამ ეტაპზე ექიმები წინასწარ ვერ პროგნოზირებენ, თუ რა სცენარით განვითარდება ასიმპტომური ინფექცია. კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ იმ პაციენტებს, რომლებსაც დაავადების ნიშნები არ აღენიშნებოდათ, ნაცხში კორონავირუსის ნაწილაკები სხვებთან შედარებით 5 დღით უფრო მეტხანს (ანუ საშუალოდ 19 დღე) აღენიშნებათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასიმპტომური ინფიცირებულები მთელი ამ ხნის მანძილზე ვირუსის აქტიური გამავრცელებლები არინ. თუმცა, დაავადების მიმდინარეობის გარკვეულ ეტაპზე ისინი შეიძლება, ვირუსის გადამტანები აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ, ექსპერტთა აზრით, პირბადის საჯარო სივრცეში ტარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება