ARM არქიტექტურის ბაზაზე მომუშავე სუპერკომპიუტერმა სისწრაფის რეკორდი მოხსნა
500 ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერის რეიტინგი განახლდა და მასში პირველი ადგილი ამჯერად RIKEN-ის ინსტიტუტის და კომპანია Fujitsu-ს მიერ შექმნილმა სუპერკომპიუტერმა Fugaku-მ დაიკავა.
Fukagu-ს წამში 415.5 კვადრილიონი გამოთვლის (415 პეტაფლოპსის) წარმოება შეუძლია, რაც IBM Summit-ის შესაძლებლობეს 2.8-ჯერ აღემატება.
ზოგ შემთხვევაში Fugaku-ს წარმადობა შეიძლება 1000 პეტაფლოპსს, ანუ 1 ეგზაფლოპს აღწევდეს. შედარებისთვის, ბოლო თაობის სათამაშო კონსოლი Xbox-ის გრაფიკული გამოთვლითი სიმძლავრე მხოლოდ 12 ტერაფლოპს შეადგენს, რაც პეტაფლოპსის ერთ მეასედს შეადგენს.
თუ ლეპტოპებში ჩვენ 2, 4 ან 8-ბირთვიანი პროცესორები გვხვდება, Fugaku-ში ბირთვების რაოდენობა 48-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ სუპერკომპიუტერის პროცესორის მწარმოებელი თავად Fujitsu გახლავთ. სუპერკომპიუტერს რეინტიგში პირველობისთვის მძლავრი გამოთვლითი შესაძლებლობები, შესაბამისად, დიდი რესურსები სჭირდება, თუმცა Fugaku-მ 6 წლის განმავლობაში მის წარმოებაზე დახარჯული მხოლოდ $1.2 მილიარდით ამ მიზანს მიაღწია.
სუპერკომპიუტერი სრული დატვირთვით 2021 წლამდე ვერ იმუშავებს, თუმცა მისი გამოთვლითი სიმძლავრის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე იყენებენ იაპონიაში, ქალაქ კობეში მდებარე RIKEN-ის ინსტიტუტში. ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებზე მუშაობს და მან უკვე შემოგვთავაზა ინფექციის წვეთოვანი გზით გავრცელების შესაძლო გზების ანალიზი.
მართლაც, ოთახის ზომის დიდი კომპიუტერები რეკორდების დამყარების გარდა სხვა მნიშვნელოვან და ამავდროულად რთულ გამოთვლებსაც აწარმოებენ, დაწყებული კლიმატის ცვლილებების პროგნოზით და დამთავრებული მოლეკულურ დონეზე ქიმიური შეერთების მოდელირებით.
რაც ყველაზე საინტერესოა, Fugaku არის პირველი ARM არქიტექტურის ბაზაზე მომუშავე სუპერკომპიუტერი, რომელიც პირველობისთვის იბრძვის. აღნიშნული არქიტექტურა უფრო მატივი და ენერგო ეფექტიანია, რის გამოც მას აქტიურად იყენებენ მობილურ მოწყობილობებში.
ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ARM პროცესორი უფრო სუსტია — ყველაფერი დამოკიდებულია მის პროგრამულ უზრუნველყოფასა და თანმდევ კომპონენტებზე, რომლებიც მის გვერდზეა განლაგებული. როგორც უკვე ვიცით, თავად ეფლიც კი ახალი დესკტოპ კომპიუტერების წარმოებისას საკუთარი ARM პროცესორის გამოყენებას გეგმავს.
სუპერკომპიუტერების ტოპ 500 უკვე 55-ე ჯერ გამოქვეყნდა. განახლებული რეიტინგი წელიწადში 2-ჯერ ქვეყნდება, რაც გამოთვლითი სიმძლავრეების ევოლუციაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. პირობითად, თუ 6 თვის წინ მაქსიმალური გამოთვლითი სიმძლავრე 1.65 ეგზაფლოპს აღწევდა, დღეს ეს მაჩვენებელი 2.23 ეგზაფლოპს უდრის.
სია მუდმივად ახლდება და მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეიტინგის შედგენის მომენტში სუპერკომპიუტერი შეუფერხებლად მუშაობდეს.
კომენტარები