დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ 13 წლის სკვითი მეომრის ნამარხი გოგოს ეკუთვნოდა
მეომარი ქალების შესახებ არსებული ისტორიები დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მითების ნაწილად მიიჩნეოდა, თუმცა არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ამ ლეგენდების მიღმა რეალური პიროვნებები იდგნენ.
გასულ წელს არქეოლოგებმა ორი ქალის ნამარხი აღმოაჩინეს, რომლებიც 2,500 წლის წინ მომთაბარე სკვითების ტომის წევრები გახლდნენ. ისინი ამჟამინდელი რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ დევიცაში საკუთარ იარაღთან ერთად იყვნენ დამარხულები.
"ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქალები ცხენზე ამხედრებულები იბრძოდნენ", — განაცხადა არქეოლოგმა ვალერი გულიაევმა.
ისინი ორი სხვა ქალის გვერდით იპოვეს, რომელთაგან ერთი 40-50, მეორე კი 30-35 წლის იყო. ამ უკანასკნელთან ორი შუბიც აღმოაჩინეს, მისი სხეული კი ისეთ პოზაში იმყოფებოდა, თითქოს ცხენს ატარებდა.
ახლა კი რუსმა მკვლევრებმა 2,600 წლის სკვითის გენომი გაშიფრეს, რომელიც იარღებთან ერთად 1988 წელს აღმოაჩინეს.
"ეს ბავშვი ყველამ ბიჭად აღიქვა, რადგან მასთან ერთად ისეთი ნივთები იყო დამარხული, როგორებიც, ჩვეულებრივ, ბიჭებთან გვხვდება: ნაჯახი და ისრები", — განაცხადა არქეოლოგმა ვარვარა ბუსოვამ, — "ახლა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სკვითი გოგოები ნადირობასა და ბრძოლაში ჩართულები იყვნენ".
მართლაც, ბავშვის დნმ-მა აჩვენა, რომ იგი გოგო იყო. მეომარი ნაჯახთან და ისრებთან ერთად ციმბირის ტერიოტორიაზე იყო დამარხული.
გოგო 14 წლისაც კი არ ყოფილა. მას გრძელი ბეწვის მოსასხამი, ზედატანი და კაბა ან შარვალი ეცვა. ბუსოვას თქმით, გუნდი ახალგაზრდა მებრძოლის ნაშთების უფრო ზუსტ დათარიღებას გეგმავს და მეტალის ობიექტების შემადგენლობას იკვლევს. ასევე იმედი აქვთ, რომ გოგოს სიკვდილის მიზეზის გაგებასაც მოახერხებენ.
ამ აღმოჩენას ამორძალებზე არსებულ მითებთან მივყავართ. უძველესი საბერძნეთის ისტორიკოსის, ჰეროდოტეს მიხედვით, ამორძალები სკვითებს ებრძოდნენ, თუმცა, შესაძლოა, ეს ქალები თვითონ ყოფილიყვნენ სკვითები.
"სკვითი ქალების ერთი მესამედი იარაღებთან ერთადაა დამარხული და მათ ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანებები აქვთ", — განაცხადა ისტორიკოსმა ადრიენ მეიორმა.
საუკუნეების განმავლობაში ამორძალების შესახებ ბევრი ლეგენდა წარმოიქმნა, მათ შორის იმის შესახებ, რომ ისინი მშვილდოსნობის გაუმჯობესებისთვის მკერდს იჭრიდნენ და ბიჭ შვილებს კლავდნენ. ახლა კი არქეოლოგიური გათხრებისა და დნმ ტექნიკის საშუალებით შეგვიძლია, ამ მითების უკან მდგარი ნამდვილი მეომარი ქალების შესახებ გავიგოთ ბევრი რამ.
კვლევა ჟურნალ Stratum Plus-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები