ახალი კვლევის მიხედვით, ჩვენს გალაქტიკაში 36 უცხოპლანეტური ცივილიზაცია შეიძლება იყოს
ახალი კვლევის მიხედვით, ჩვენს გალაქტიკაში მოაზროვნე და კომუნიკაციის დამყარების უნარის მქონე უცხოპლანეტელთა არაერთი ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს.
წლების განმავლობაში ადამიანებს დრეიკის განტოლება უამრავი კითხვის გააზრებაში გვეხმარებოდა, თუმცა იგი უცხოპლანეტელთა არსებობის შესახებ პასუხის აუცილებელი პირობა არ ყოფილა. ახლახან კი ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა ახალი, კოსმოსურ ევოლუციაზე დაფუძნებული გამოთვლები შემოგვთავაზა, რომლის მიხედვითაც, ირმის ნახტომში მინიმუმ 36 აქტიური გონიერი ცივილიზაცია არსებობს.
მკვლევრებისთვის მთავარი დაშვება ისაა, რომ სიცოცხლის გონიერი ფორმის ჩამოყალიბებას სხვა პლანეტებზე, ისევე როგორც დედამიწაზე, 5 მილიარდი წელი სჭირდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვარაუდის მიხედვით კი, რომელიც ასევე ჩვენი პლანეტის მაგალითს ეყრდნობა, ტექნოლოგიური ცივილიზაცია მინიმუმ 100 წლის განმავლობაში მაინც ძლებს. კვლავ დედამიწის მაგალითს რომ მივყვეთ, ტექნოლოგიური ცივილიზაციის ჩამოყალიბებას და კომუნიკაციის შესაძლებლობის გაჩენას 4,5 მილიარდი წელი სჭირდება.
ამ გამოთვლებისას ავტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვარსკვლავთა ჩამოყალიბების ისტორიას, ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად მდიდარია ვარსკვლავი მეტალებით და რამდენად დიდია იმის შანსი, რომ ამ ვარსკვლავის გარშემო სიცოცხლისუნარიანი პლანეტა ბრუნავდეს.
"თუკი იმ მოსაზრებას გავითვალისწინებთ, რომ მოაზროვნე არსების ჩამოყალიბების პროცესს 5 მილიარდი წელი სჭირდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს გალაქტიკაში მინიმუმ რამდენიმე ათეული აქტიური ცივილიზაციაა", — განაცხადა ნოტინგემის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა, კრისტოფერ კონსელისმა.
კვლევის თანაავტორის, ტომ ვესტბის თქმით, აქამდე არსებული შეფასებები ვარაუდებზე და მოსაზრებებზე იყო დაფუძნებული, რაც ამ რიცხვების არსებით ცვალებადობას იწვევდა.
"ჩვენი კვლევა, რომელიც ახალ მონაცემებს ეყრდნობა, ამ შეფასებებს უფრო მარტივს ხდის, შესაბამისად, აქტიური ცივილიზაციების რიცხვიც უფრო სანდოა", — აცხადებს ვესტბი.
თუმცა, უცხოპლანეტური ცივილიზაციები ჩვენგან, საშუალოდ, 17 ათასი სინათლის წელიწადით იქნება დაშორებული. ასევე, შესაძლებელია, რომ მათი უმეტესობა უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი პოვნა ჩვენი ცივილიზაციის შესახებაც ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს.
"თუკი ჩვენ სხვა გონიერ არსებებს ვიპოვით, იმის ვარაუდის საფუძველი გვექნება, რომ ჩვენი ცივილიზაცია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იარსებებს. ხოლო თუ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს გალაქტიკაში აქტიური ცივილიზაციები არ არსებობს, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი არსებობისთვის საკმაოდ ცუდი ნიშანია", — განაცხადა კონსელისმა.
კვლევა 15 ივნისს Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები