ადამიანის კვერცხუჯრედები ზოგიერთი კაცის სპერმატოზოიდებს სხვებისაზე მეტად იზიდავს
ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანის კვერცხუჯრედი ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს, რომლებიც ზოგიერთი კაცის სპერმატოზოიდს სხვა კაცებისაზე მეტად იზიდავს.
სტოქჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ ფიცპატრიკმა და მისმა კოლეგებმა სპერმატოზოიდისა და ფოლიკულარული სითხის (მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი სითხე, რომელიც კვერცხუჯრედს აკრავს გარშემო) ნიმუშები შეისწავლეს, რომელიც 16 წყვილისგან აიღეს.
"ადამიანის კვერცხუჯრედი ქიმიურ ნივთიერებას, ქემოატრაქტანტს გამოყოფს, რომელიც სპერმატოზოიდს გაუნაყოფირებელი კვერცხუჯრედისკენ იზიდავს. ჩვენ გვინდოდა გაგვეგო, იყენებენ თუ არა კვერცხუჯრედები ამ ქიმიურ სიგნალებს სპერმატოზოიდის ასარჩევად", — განმარტავს პროფესორი ფიცპატრიკი.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თითოეული ქალის ფოლიკულარული სითხე ზოგიერთი კაცისგან უფრო მეტ სპერმას იზიდავდა, ვიდრე სხვებისგან. ჯერჯერობით უცნობია მოდელი, რომელსაც ფოლიკულარული სითხე სპერმის არჩევის დროს იყენებს, თუმცა მკვლევართა აზრით, ეს პროცესი შემთხვევითია და ამას ქალის მიერ პარტნიორის არჩევასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
მკვლევართა გუნდმა გადაწყვიტა გაეზომა, თუ რამდენად მეტ სპერმატოზოიდს იზიდავს კვერცხუჯრედი ზოგიერთი კაცისგან. გუნდის მიხედვით, ეს რიცხვი დაახლოებით 18%-ია.
"ის ფაქტი, რომ კვერცხუჯრედები ზოგიერთი კაცებისგან 18%-ით მეტ სპერმას იზიდავენ, განაყოფიერების პროცესში, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდეს", — აცხადებს პროფესორი ჯონ ფიცპატრიკი.
ფიცპატრიკის მიხედვით, სავსებით შესაძლებელია, რომ კვერცხუჯრედები უფრო მეტად გენეტიკურად შეთავსებად სპერმატოზოიდებს იზიდავდნენ, რაც თავისთავად მათი განაყოფიერების შანსებს გაზრდის. სექსის შემდეგ კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდს შორის არსებული ქიმიური ურთიერთობა, შესაძლოა, ხსნიდეს, თუ რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს დაურსულების პრობლემა — ყოველ მესამე წყვილს, რომელსაც განაყოფიერების პრობლემები აქვს, ამის გამომწვევი რაიმე აშკარა მიზეზი არ აღენიშნება.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია სამომავლო კვლევები, რომლებიც დაადგენს, ეს პროცესი ოვულაციის შემდეგ გამოყოფილ მომწიფებულ კვერცხუჯრედებში თუ გვხვდება — ფოლიკულარული სითხე იმ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც კვერცხუჯრედის სრულ მომწიფებამდე წარმოიქმნება.
კვლევა ათ ივნისს ჟურნალ Proceedings of the Royal Society-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები