ვაქცინაცია აუტიზმს არ იწვევს — აი, საიდან ვიცით ეს

ფოტო: slate.com
მსოფლიოში არაერთი კონსპირაციული თეორია და "მითი" არსებობს, რომლებიც მეცნიერებას ეწინააღმდეგება, სრულიად უსაფუძვლოა და, სამწუხაროდ, ადამიანები შეცდომაში შეჰყავს. აქედან ყველაზე საშიში, ალბათ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გავრცელებული არასწორი მოსაზრებებია. შესაძლოა, ასეთმა იდეებმა ადამიანთა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს, განსაკუთრებული სიფრთხილე კი ბავშვებთან მიმართებაში გვმართებს.
მაგალითად, ბოლო დეკადებში, კერძოდ კი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საზოგადოების ნაწილმა ამგვარი ცრუ შეხედულება დაიჯერა, რომლის თანახმადაც ვაქცინაცია, თითქოსდა, აუტიზმს იწვევს. შედეგი ისაა, რომ შეცდომაში შეყვანილი მშობლები შვილებს აღარ ცრიან, რითაც მათ ჯანმრთელობას სასწორზე დებენ. ამის გამო ისეთი ინფექციები ბრუნდება, რომლებიც ვაქცინების წყალობით თავიდან გვქონდა მოშორებული.
რა თქმა უნდა, ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის ასეთი კავშირი მეცნიერული მტკიცებულებებისგან შორსაა. ამ სტატიაში მოგიყვებით, რატომ არ შეესაბამება ეს სიმართლეს და როგორია რეალური ფაქტები.
რით დაიწყო ყველაფერი
ადამიანებს ხშირად გვეშინია იმის, რის შესახებაც ძალიან ცოტა რამ ვიცით. შესაბამისად, ვაქცინების მიმართ ეჭვები სულ არსებობდა, მაგრამ კონკრეტულად აუტიზმთან კავშირზე საუბარი 1998 წლიდან დაიწყო.
სწორედ ამ წელს გამოცემა The Lancet-ში ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელიც ახლა უკვე დახარვეზებულადაა ცნობილი. ამ კვლევაში პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის დაავადებასა და აუტიზმისთვის დამახასიათებელ ნეიროგანვითარებად ნიშნებს შორის ასოციაციებია განხილული.
პრესკონფერენციაზე კვლევის წარდგენისას მთავარმა ავტორმა, ენდრიუ უეიკფილდმა, ხმამაღალი განცხადებები არ დაიშურა. მან წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) რუტინული აცრები მცირეწლოვნებში აუტიზმის შესაძლო მიზეზად დაასახელა. ეს ცნობილმა ანტივაქსერმა იმის მიუხედავად გააკეთა, რომ თავად ნაშრომში მკაფიოდ წერია წინადადება: "წითელა-წითურა-ყბაყურას აცრასა და აღწერილ სინდრომს შორის კავშირი არ დაგვიდასტურებია".
სამეცნიერო საზოგადოების რეაქცია
სამეცნიერო საზოგადოებასა და ექსპერტებში მალევე გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად სანდო იყო ნაშრომი და მასში წარმოდგენილი დასკვნები; ასევე, როგორ გამოქვეყნდა ის ასეთ პრესტიჟულ გამოცემაში.
საქმე ისაა, რომ კვლევაში გამოყენებული მონაცემებიც კი იმდენად მწირი იყო, რომ თავიდანვე ეჭვს აჩენდა. კერძოდ, მასში მხოლოდ 12 ბავშვი მონაწილეობდა, რაც ძალიან მცირე რაოდენობაა. გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ბრაიან დირმა, საკითხის სიღრმისეულად შესწავლისას აღმოაჩინა, რომ მონაცემები ფალსიფიცირებული და გაზვიადებული იყო. ეს ბავშვების მშობლებმაც დაადასტურეს, რომელთა თქმითაც, ნაშრომი არასწორ სამედიცინო ინფორმაციას შეიცავდა.
2008 წელს უეიკფილდი და მისი კოლეგები გენერალური სამედიცინო საბჭოს დისციპლინური პანელის წინაშე წარდგნენ. ესაა ორგანო, რომელიც დიდ ბრიტანეთში მედიკოსთა ოფიციალურ რეგისტრაციას აკონტროლებს. პროფესიული წესების დარღვევისას მას რეგისტრაციის გაუქმება და ასეთი ადამიანისთვის სამედიცინო საქმიანობის უფლების შეჩერება შეუძლია. სწორედ ეს ბედი ეწია 2010 წელს უეიკფილდს.
პანელმა დაადგინა, რომ პროვოკაციული ნაშრომის ავტორი კვლევის ფუნდამენტურ წესებს გამუდმებით არღვევდა, მონაცემებს აყალბებდა და ფინანსურ ინტერესთა კონფლიქტში შედიოდა. აღმოჩნდა, რომ მისი გუნდი ბავშვებს ისეთ ინვაზიურ პროცედურებს უტარებდა, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით საჭირო არ იყო და მათ განსახორციელებლად ეთიკური ნებართვაც არ არსებობდა.
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ვაქცინებისა და აუტიზმის კავშირის შესახებ ეჭვები სწორედ ამ ერთი არასანდო კვლევის გამო გაჩნდა. 2002 წელს მან გუნდთან ერთად სხვა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ასევე მეთოდოლოგიური უზუსტობებით იყო სავსე. ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწლავურ ქსოვილებში წითელას ვირუსის ნაწილაკებს განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მიაგნეს. ერთ-ერთი მთავარი უზუსტობა ის იყო, რომ მათ ვირუსთან ვაქცინისმიერი და ბუნებრივი შემხებლობა სრულიად არ ჰქონდათ გამიჯნული.
რა თქმა უნდა, უეიკფილდს თავისი სპეკულაციური დასკვნების ავთენტურობა დღემდე არ დაუდასტურებია.
საწინააღმდეგო მტკიცებულებები
1998 წლის კონტროვერსიული ნაშრომი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებადი დახარვეზებული კვლევაა. ამის მიზეზი ის კი არაა, რომ იგი სანდო და ინფორმაციულია, არამედ ის, რომ მას ვაქცინებთან ასოცირებული მისინფორმაციის ანალიზისას მაგალითად იყენებენ ხოლმე. ამ წლების განმავლობაში მრავალი კვლევა ჩატარდა, რომლებიც აუტიზმისა და რუტინული აცრების კავშირს გამორიცხავს.
მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ადრეული ნაშრომი 2002 წელს გამოქვეყნდა და ის დანიელ მეცნიერებს ეკუთვნის. მათ 500 000-ზე მეტი ბავშვი შეისწავლეს, რომელთა 82%-საც წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული. შედეგებმა ცხადად აჩვენა, რომ უეკფილდის ეჭვები სრულიად უსაფუძვლო იყო.
"აუტიზმის ჩამოყალიბებასთან ვაქცინაციის პერიოდში ბავშვების ასაკის, მას შემდეგ გასული დროისა და ვაქცინაციის თარიღის კავშირი არ გამოვლენილა", — დაწერეს ავტორებმა.
იგივე დასკვნები წარმოადგინეს უეიკფილდის კვლევიდან სულ რაღაც ერთ წელში იმავე გამოცემაში გამოქვეყნებულ ნაშრომში. მათ ყურადღება ინგლისში რეგიონულ ჯანდაცვას დაქვემდებარებულ 8 არეალში მცხოვრებ იმ ბავშვებზე გაამახვილეს, რომელთაც აუტიზმი ჰქონდათ. მათ ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ინდივიდებს შორის სხვაობას ვერ მიაგნეს; ვერც აცრის დროსა და აუტიზმის ნიშნების გამოვლენას შორის ასოციაციას.
წამყვანმა ავტორმა, პროფესორმა ბრენტ ტეილორმა, მოგვიანებით დამატებითი ანალიზი შემოგვთავაზა. იქ მან აუტიზმი, რუტინული იმუნიზაცია და კუჭ-ნაწლავის პრობლემები ერთად განიხილა, რათა მათ შორის რაიმე მიზეზ-შედეგობრიობა გამოერიცხა. შედეგები აქაც იგივე იყო, კერძოდ:
"არ დასტურდება MMR-თან ასოცირებული აუტიზმის 'ახალი ფორმის' არსებობა, რომელსაც განვითარების რეგრესი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები ახასიათებს. ასევე არც ის, რომ MMR ვაქცინა აუტიზმის პროვოცირებაში მონაწილეობს".
2015 წელს სხვა კვლევამ თითქმის 96 000 ვაქცინირებულ ბავშვში (მათ ერთი ან ორი დოზა ჰქონდათ მიღებული) აუტიზმის შემთხვევების ზრდა ვერ დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ ამ ინდივიდებიდან ზოგის და-ძმას აუტიზმი ჰქონდა. ვაქცინაცია და აუტიზმი ვერც 2019 წლის კვლევამ დააკავშირა, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური იყო. 2020 წელს 138 ნაშრომის მიმოხილვით დადგინდა, რომ MMR და ცალკე ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა უსაფრთხოცა, ეფექტიანიც და აუტიზმთან საერთო არაფერი აქვს.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელშიც კონტრარგუმენტები უხვადაა და ადასტურებს, რომ უეიკფილდის სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია.
შეშინებული მშობლები
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა წლების განმავლობაში უეიკფილდის კვლევის წინააღმდეგ მტკიცებულებების მთელი წყება გაასაჯაროვეს, საზოგადოებაში ეჭვები მაინც გაღვივდა. ნაწილობრივ ეს პოპულარული მედიასაშუალებების დამსახურებაც იყო, რომლებმაც ეს ამბავი აიტაცა და ხალხში პანიკის დათესვაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
თავდაპირველად მშობლებში შიში დიდი ბრიტანეთში გავრცელდა, სადაც ზოგი მათგანი ბავშვს აღარ ცრიდა. შემდეგ ეჭვები მთელს მსოფლიოს მოედო და ათწლიანი ისტორიის მქონე რუტინული ვაქცინაციის მიმართ სერიოზული მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სამწუხაროდ, ამ ადამიანებამდე მეცნიერთა დაუღალავი შრომის შედეგად მოპოვებულმა ინფორმაციამ ან ვერ მიაღწია, ან ერთი არაავტორიტეტული ნაშრომის გამო ნდობა გაუქრათ.
ამას მოჰყვა სხვა ბრალდებებიც, როგორიცაა ვაქცინებში ვერცხლისწყლის არსებობა. სინამდვილეში, მისი ერთადერთი ფორმა, რომელიც ასეთი შრატების კომპონენტ ტიმეროსალში გვხვდებოდა, ეთილ ვერცხლისწყალია. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების განცხადებით, ამ სახით ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი არაა, თანაც MMR ვაქცინა მას არც შეიცავს.
კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ ზოგიერთი მშობლისთვის რუტინული იმუნიზაცია "განტევების ვაცად" იქცა, რადგან ბავშვის ქცევით ცვლილებებში სწორედ მისი დადანაშაულება დაიწყეს. ალბათ, სამეცნიერო ცოდნის არმქონე ადამიანისთვის ეს ლოგიკურ მიზეზად მიიჩნეოდა, რომელიც, რეალურად, სიმართლისგან ძალიან შორსაა.
საქმე ისაა, რომ აუტიზმის ნიშნები ბავშვებში პირველად 12-18 თვის ასაკში იჩენს თავს, მანამდე კი ისინი განვითარების ტიპურ ფაზებს გადიან. სწორედ ესაა პერიოდი, როცა MMR ვაქცინის პირველი დოზა კეთდება, ანუ ეს ორი რამ დროში ემთხვევა. სამწუხაროდ, ამგვარი დამთხვევა ზოგი მშობლისთვის მიზეზად და შედეგად აღიქმება, რაც არასწორია.
დასკვნა
უეიკფილდის სპეკულაციების უარყოფა ძალიან მარტივია, რადგან მის წინააღმდეგ უამრავი მტკიცებულება არსებობს. ისინი სამეცნიერო ოქროს სტანდარტებს შეესაბამება, რასაც 1998 წლის ნაშრომზე ვერ ვიტყვით. იგივე ეხება ამ ავტორსაც, რომელიც პიროვნულადაც და პროფესიულადაც დისკრედიტირებულია. ამის მიუხედავად, ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას დღემდე აგრძელებს, თუმცა სამეცნიერო წრეებში "ცრუ ექსპერტად" იწოდება.
რაც შეეხება ვაქცინებს, მათი მეშვეობით უამრავი სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. მაგალითად, წითელას ვაქცინის შექმნამდე მხოლოდ აშშ-ში ამ ვირუსით ყოველწლიურად 500 ადამიანი კვდებოდა, 48 000 ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა, 1000 კი მწვავე გართულებით, ენცეფალიტით, იტანჯებოდა.
რუტინულმა იმუნიზაციამ ეს ყველაფერი შეცვალა. მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სხვა ვაქცინებმაც, მაგალითად: პოლიომიელიტის, დიფთერიის, გრიპისა თუ COVID-19-ის აცრებმა. მათ გარეშე სხვადასხვა ქვეყნის პოპულაციაში უამრავი ინფექციური დაავადება გავრცელდებოდა, რომელთა დიდი ნაწილიც სავალალო შედეგების მომტანია. საბედნიეროდ, მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, თანაც სრულიად უსაფრთხოდ.
კომენტარები