ახლახან, შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა მაღალი სიხშირის გლობალური საკომუნიკაციო სისტემის (HFGCS) მეშვეობით ორი დაშიფრული გადაუდებელი სამოქმედო შეტყობინება (EAM) გაგზავნა. ამ ფაქტმა თავდაცვის ექსპერტებსა და საზოგადოებაში მრავალი ეჭვი გააჩინა, განსაკუთრებით ბირთვულ კოდებთან დაკავშირებით.

პირველი შეტყობინება 2025 წლის 14 ივნისს, შაბათს, გადაიცა. ის საკმაოდ ვრცელი იყო და 246 სიმბოლოს შეიცავდა, რაც რვაჯერ აღემატება სტანდარტულ, დაახლოებით 30-სიმბოლოიან EAM-ებს. კვირას კი მეორე, კიდევ უფრო გრძელი შეტყობინება გაიგზავნა, რომელიც 290 სიმბოლოსგან შედგებოდა. ამ არაორდინალურად დიდმა შეტყობინებებმა შეშფოთება გამოიწვია გაზრდილი ოპერატიული მზადყოფნის ან პოტენციური ბირთვული აქტივობის სიგნალიზაციის შესახებ.

როგორც ჩანს, შეტყობინება აშშ-ის საჰაერო ძალების საკონტროლო ოთახის წევრის მიერ გაიგზავნა.

ფოტო: Getty stock

შეტყობინებების გადაცემის დრო განსაკუთრებით უჩვეულო იყო. პირველი მათგანი ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე საპასუხო დარტყმების ფონზე მოხდა, რამაც ეჭვი გააჩინა, რომ შეტყობინებები შესაძლოა რაიმე საგანგებო გეგმის ან ესკალაციის პროტოკოლის ნაწილი ყოფილიყო. მართალია EAM-ების შინაარსი მკაცრად გასაიდუმლოებული და დაშიფრულია, მაგრამ ენთუზიასტები და რადიოსიგნალების დაზვერვის სამოყვარულო საზოგადოებები მაინც ახერხებენ HFGCS-ის მონიტორინგს. ამის გამო შეტყობინების შინაარსი არა, თუმცა მისი გაგზავნის ფაქტი საჯაროა.

გადაუდებელი სამოქმედო შეტყობინებები აშშ-ის სამხედრო სტრატეგიული სარდლობისა და საკონტროლო სტრუქტურის განუყოფელი ნაწილია. ეს ციფრულად კოდირებული სიგნალები ძირითადად ბირთვული შესაძლებლობის მქონე ძალებისთვისაა განკუთვნილი და პირველ რიგში აშშ-ს სტრატეგიულ სარდლობას მიემართება. ეს ორგანო პასუხისმგებელია ქვეყნის ბირთვულ არსენალზე, მათ შორის ბირთვულ ბომბდამშენებსა და ბალისტიკური რაკეტების მატარებელ წყალქვეშა ნავებზე. EAM-ები მაღალი რისკის სიტუაციებისას დირექტივების გასაცემად გამოიყენება, ძირითადად პრეზიდენტის ან ეროვნული სარდლობის ორგანოს მიერ.

გავრცელებული ინფორმაციით, შაბათს პირველი შეტყობინება დაბალი აუდიო ხარისხით გადაიცა. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, იგი ხელმეორედაც გაიგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონს ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია, აღსანიშნავია, რომ HFGCS-ის აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი სირთულე ემატება — EAM-ების გადაცემა დაემთხვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 79-ე დაბადების დღეს და ვაშინგტონში აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილ აღლუმს. ამ მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე, რომელიც, როგორც ამბობენ, 40 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, მრავალი სამხედრო ტექნიკა გამოიყენებოდა. ამის მიუხედავად, აღლუმზე საზოგადოების დაბალმა აქტივობამ და ადმინისტრაციის მიმართ სხვა ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა გამოწვევებმა საზოგადოებაში გარკვეული უნდობლობა გააჩინა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე.

ფოტო: Doug Mills/The New York Times via AP

ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს გახშირებული EAM-ები შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის მიმართ აშშ-ის გაზრდილ მზადყოფნაზე ან შეკავების შეტყობინებების გავრცელებაზე მიუთითებდეს. სხვები კი მიიჩნევენ, რომ ეს შეიძლება სარდლობის რუტინულ წვრთნებს უკავშირდებოდეს. მათი თქმით, ამხელა შეტყობინებები მართალია უჩვეულოა, მაგრამ არა უპრეცედენტო, მითუმეტეს დაძაბული სიტუაციის ფონზე.

მიუხედავად იმისა, რომ EAM-ები უშუალოდ მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ხასიათს არ ატარებს, მათი სიგრძე და გაგზავნის დრო შეიძლება სამხედრო აქტივობის ზრდაზე მიუთითებდეს.

ამ დროისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს განმარტებები არ გაუკეთებიათ, ხოლო შეტყობინებების შინაარსი კვლავ გასაიდუმლოებულია. ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის პირობებში, თავდაცვის ანალიტიკოსები ყურადღებით აკვირდებიან მაღალი სიხშირის გლობალურ საკომუნიკაციო სისტემას. ისინი ცდილობენ დაადგინონ, ეს შეტყობინება უბრალოდ რუტინული კომუნიკაციის ნაწილი იყო, თუ სტრატეგიული მზადყოფნის შესაძლო ზრდაზე მიუთითებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.