დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სომხეთი დახმარების საკითხს განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მიმართავს. ამის შესახებ მან ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, მათ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სომხეთის დაავადებთა კონტროლის ცენტრსაც შესთავაზეს დახმარება.

"ველოდებით თუ რამე შემოთავაზება იქნება, რომ მათ სურთ რაღაც მიმართულებით მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან", — აღნიშნა გამყრელიძემ.

4 ივნისს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ პაშინიანიანმა განცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება და პაციენტების დროულ ჰოსპიტალიზაციას ვერ ახერხებენ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ სომხურ მხარეს დაეხმაროს. ამ თემზე პრემიერი, გიორგი გახარია პაშინიანს უკვე ესაუბრა.