7 ახალგაზრდა მეცნიერი დამოუკიდებელი საქართველოდან
ოცდამეერთე საუკუნე მეცნიერების და ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაა. ინტერნეტის და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას მსოფლიოში უზარმაზარი რესურსის და ცოდნის დაგროვება მოჰყვა. შესაბამისად, ბევრ ახალგაზრდას მეცნიერთა გლობალურ საზოგადოებაში ჩართვის და კვლევებში აქტიურად მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა.
მეცნიერების პროგრესს ხშირად ცალკეული ინდივიდების დამსახურებას მიაწერენ ხოლმე, თუმცა აღსანიშნავია, რომ კოლექტიური ცოდნის დაგროვება თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. მეცნიერის კვლევა ყოველთვის ეყრდნობა სხვის შრომას და შედეგად ვიღებთ გლობალურ ქსელს, სადაც ინდივიდებს შეუძლიათ საკუთარ ინტერესებს მისდიონ და ამით წვლილი შეიტანონ მეცნიერულ პროგრესში. ამგვარად, მეცნიერების ისტორია საერთო ინტერესების მქონე ადამიანების ისტორიაა. საქართველოც ამ მასობრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი წევრია.
ამ სტატიაში გაეცნობით რამდენიმე ახალგაზრდა მეცნიერს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.
მიხეილ ციციშვილი
მიხეილმა ფიზიკის მიმართულებით სწავლა 2013 წლებში თსუ-ში დაიწყო, სადაც ის კვანტური მექანიკით მოიხიბლა. "სკოლაში სამყაროს ხშირად აგრეგატული მდგომარეობებით (თხევადი, მყარი, აირადი) ახასიათებენ ხოლმე, რომლებსაც თავიანთი თვისებები აქვთ, თუმცა კვანტურ დონეზე ახალი, ბევრად უფრო საინტერესო გარემოებები იჩენენ ხოლმე თავს", — ამბობს მიხო.
2016 წელს მიხომ, კოლეგების დახმარებით, თავისი პირველი სამეცნიერო კვლევა Journal of Physical Society of Japan-ში, კონდენსირებული გარემოთა ფიზიკის მიმართულებით გამოაქვეყნა.
კვანტური მექანიკით შთაგონებულმა, მაგისტრატურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ალექსანდრე ნერსესიანის ხელმძღვანელობით გააგრძელა. ნერსესიანის დახმარებით, მიხო კონდენსირებული და დაბალგანზომილებიანი გარემოთა კვლევაში აქტიურად ჩაერთო და ამჟამად საქმიანობას იტალიაში, აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში აგრძელებს.
კონდენსირებული გარემოთა ფიზიკა, მარტივად რომ ვთქვა, სამყაროში არსებული მატერიის მიკროსკოპულ და მაკროსკოპულ თვისებებს იკვლევს. როგორი ტიპის მატერიები არსებობს? რა განსაზღვრავს მათ ნიშან-თვისებებს? როგორ შეიძლება ფიზიკური თვისებების გაგება კვანტური მექანიკის დონეზე? ეს ის საკითხებია, რომელსაც ფიზიკის ეს დარგი იკვლევს.
"კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკას მომავლის ტექნოლოგიასთან უშუალო კავშირი აქვს", — ამბობს ციციშვილი. "ფიზიკის ეს დარგი პირდაპირ კავშირშია კვანტურ კომპიუტერთან, რომელზეც მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ".
თეორიული ფიზიკის მიგნებები ინჟინრებს და ექსპერიმენტატორებს რეალური კვანტური კომპიუტერის შექმნაში დაეხმარება, რაც ბევრი ექსპერტის აზრით, ახალ ტექნოლოგიურ რევოლუციას დაუდებს საფუძველს.
მიხოს თქმით, მისი სამაგისტრო ნაშრომი "ორ კვლევაში გადაიზარდა", რომლებზეც მიხო მუშაობას მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, იტალიის პრესტიჟულ ინსტიტუტში, SISSA-ში გააგრძელებს.
"ყველა ახალგაზრდას, ვისაც ფიზიკა აინტერესებს, მაგრამ ეშინია, რომ მათემატიკა ზედმეტად რთულია ან მოსაწყენი, ერთ რამეს ვურჩევ: ნუ შეგეშინდებათ მათემატიკის", — ამბობს მიხო სატელეფონო საუბრის ბოლოს.
მიქაელ გაგოშიძე
2015 წელს Georgian-German Science Bridge-ის ფარგლებში, აგრარულ უნივერსიტეტში იულიხის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა თავიანთ საქმიანობაზე და კვლევებზე სტუდენტებს ლექციები ჩაუტარეს. მალევე კი მიქაელი ერთ-ერთი ახალგაზრდა ინჟინერი გახდა, რომელიც 2016 წლის თებერვალში იულიხში გაემგზავრა.
"იულიხში ჩემი პირველი წასვლა ერთგვარი ექსკურსია იყო", — ამბობს მიქაელი. "სტუდენტებს გაგვაცნეს ცენტრი და კვლევის მიმართულებები". ერთკვირიანი გაცნობითი ლექციების შემდეგ მიქაელი კვლევით საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო და 2017 წელს კოლაბორაცია J.E.D.I-ს წევრი გახდა.
კვლევა, რომელზეც მიქაელი ინჟინრის სტატუსით მუშაობდა, ფიზიკის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, დიდ აფეთქებას და ნაწილაკებსა და ანტინაწილაკებს შორის განსხვავებას ეხება.
ვარაუდის მიხედვით, დიდი აფეთქებისას (რომელსაც სამყაროს დაბადებასაც უწოდებენ), როცა ნაწილაკები და ანტინაწილაკები ერთმანეთს ანადგურებდნენ, ერთი "ზედმეტი" ნაწილაკი დარჩა, რომელმაც სამყაროს დაუდო საფუძველი.
ეს არის ერთ-ერთი თეორია, რომელსაც მეცნიერები აქტიურად იკვლევენ. მიქაელის და J.E.D.I-ის გუნდის მისია კი ექსპერიმენტისთვის საჭირო გარემოს შექმნა იყო.
"ფიზიკოსები და ინჟინრები აქტიურად ვთანამშრომლობდით", — ამბობს მიქაელი. მისი და სხვა ინჟინრების მიზანი კვების წყაროს და პოლარიმეტრის გაკეთება იყო, რომელიც ამაჩქარებელში გაშვებული პროტონების ნაკადის პოლარიზაციას ზომავდა.
პროტონების პოლარიზაცია კი ფიზიკოსებს ზემოხსენებული ელექტრომაგნიტური მომენტის გაზომვის საშუალებას აძლევს.
მიქაელი ბავშვობიდან დაინტერესებულია სხვადასხვა ხელსაწყოის კეთებით, ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ინჟინერიაზე ჩაბარება გადაწყვიტა. "ბავშვობაში სულ მინდოდა Iron Man-ის კოსტიუმი ამეწყო", — იხსენებს მიქაელი.
მიუხედავად იმისა, რომ რკინის კაცის კოსტიუმი მიქაელს ჯერ არ აუწყვია, მგონი თავდაჯერებით შეიძლება ითქვას, რომ ახლა ის უფრო მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.
დეა გოგიშვილი
"ასტრაზენეკას კონსულტანტობამდე 4 უნივერსიტეტის, მრავალი გამოწვევისა და სასოწარკვეთის გამოცდის ბედნიერება მხვდა წილად", — ამბობს დეა გოგიშვილი, რომელმაც საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი გრონინგენის და უფსალას უნივერსიტეტებში მოლეკულური მედიცინისა და ფარმაცევტული პრეპარატების ინოვაციის მიმართულებაზე ისწავლა.
"ხშირად ვამბობ, ბოლო ორი წლის განმავლობაში 6 წელი ვიცხოვრე მეთქი", — განავრცობს დეა. დატვირთული სამუშაო და სასწავლო გრაფიკის ბოლოს, დეამ მრავალი უნარი შეიძინა და პროფესიული არჩევანი საბოლოოდ ტრანსლაციურ მედიცინაზე შეაჩერა.
"ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიაში მოღვაწეობის გაგრძელების ჩემი მთავარი მოტივაცია სამეცნიერო კვლევის მაღალი ღირებულება იყო", — ამბობს დეა. მისი დაკვირვებით, ხშირად, ფარმაკოლოგიური კვლევის წარმოება მხოლოდ სტატიისთვის ან მეცნიერული ცნობისმოყვარეობისთვის კი არაა სასარგებლო, არამედ ის, შესაძლოა, საზოგადოებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს. "მოლეკულა, რომლის დიზაინსა და განვითარებაზეც ახლა ვმუშაობ, შესაძლოა, საბოლოოდ მრავალი პაციენტის ცხოვრება გააუმჯობესოს".
დეას თქმით, დაგროვილი ცოდნის ზრდის მიუხედავად, "წამლის განვითარება და საზოგადოებამდე მიტანის პროცესი უფრო და უფრო ძვირადღირებული და სარისკო ხდება". ამის მიუხედავად, ფარმაკოლოგიური კომპანიები რესურსებს არ იშურებენ.
ამჟამად დეა AstraZeneca-ში მუშაობს: "ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანი მედიკამენტის განვითარების საწყისი ეტაპების დაჩქარება და ოპტიმიზაციაა". აღსანიშნავია, რომ AstraZeneca ერთ-ერთი ფარმაკოლოგიური კომპანიაა, რომელიც COVID-19-ის ვაქცინის შემუშავებაზე აქტიურად მუშაობს.
დეა პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მეცნიერება დღეს უფრო მრავალპროფილურია. გამყოფი საზღვრები მეცნიერების და მედიცინის მიმართულებებს შორის ნელ-ნელა იშლება. შესაბამისად, ახალგაზრდა მეცნიერთათვის დეას მნიშვნელოვანი რჩევა აქვს:
"ნუ შეიზღუდავთ თავს თქვენი პროფესიული ჩარჩოებით და ისწავლეთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ, ოდესმე აუცილებლად გამოგადგებათ".
მარიამ მუსერიძე
უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისას მარიამმა ზუსტად არ იცოდა, რომელ ფაკულტეტს აირჩევდა, თუმცა ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელთან ლაბორატორიაში მუშაობის შემდეგ მარიამი მალევე მიხვდა, რომ ბიოლოგია მისი ინტერესის მთავარი სფერო იყო.
"მალევე მივხვდი, რომ სხვა არცერთი საქმიანობა არ მომეწონებოდა და გადავწყვიტე, ბიოლოგიას გავყოლოდი".
მარიამმა მაგისტრატურაზე სწავლა მიუნხენის უნივერსიტეტში დაფინანსებით გააგრძელა. სადიპლომო ნაშრომის წერისას მარიამი პატარა კვლევით გუნდს შუერთდა, რომელიც გენური რეგულაციის და იმ მექანიზმების შესწავლას ცდილობს, რომელიც ბუნებაში არსებული მრავალფეროვნების წარმოქმნაში მონაწილეობს.
"ძალიან მომწონდა ჩემი პროექტი და სამაგისტრო პროგრამის დამთავრების შემდეგ ამავე ჯგუფში დავრჩი, სადოქტორო ნაშრომის გასაკეთებლად", — ამბობს მარიამი.
მარიამი არამხოლოდ კვლევის საკითხით, არამედ ყოველდღიური ლაბორატორიული სამუშაოთიც ძალიან მოხიბლულია: "ყველა სამსახურს გარკვეული რუტინა ახასიათებს, აქაც ძირითადად ერთსა და იმავე ექსპერიმენტების ჩატარებისგან შედეგება დღის განრიგი", — ამბობს მარიამი, თუმცა მისი თქმით, ლაბორატორიული რუტინული სამუშაო მაინც ძალიან საინტერესოა.
"ყოველთვის არსებობს ინტრიგა და გინდა იცოდე, თუ როგორ განვითარდება პროექტი, ყოველთვის პატარ-პატარა კითხვებზე პასუხს იგებ და კაცობრიობის ცოდნის ზრდაში პაწაწინა წვლილი შეგაქვს".
მარიამისთვის "ერთ წარმატებულ ექსპერიმენტსაც კი იმდენი ბედნიერება მოაქვს, რომ თვეების განმავლობაში ჩაშლილი ცდები გავიწყდება".
მარიამის თქმით, ბიოლოგიით დაინტერესება და კვლევის ინტენსიური გაგრძელება ნაწილობრივ მისმა ხელმძღვანელებმა შთააგონეს. მისი თქმით, "ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ისეთი ხელმძღვანელების პოვნაა, რომლებსაც თავიანთი საქმე ფანატიკურად უყვართ, ეს სიყვარული გადამდებია და გეხმარება იპოვო ის მიმართულება, რომელიც შენთვის იქნება ყველაზე საინტერესო".
ნატალი კაკაბაძე
ნატალი მეცნიერებით ბავშვობაშივე დაინტერესდა. სკოლის პერიოდში ის მიხვდა, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან ყველაზე მეტად ბიოლოგია აინტერესებდა. სწორედ ამიტომ, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ბაკალავრიატზე სწავლა ბიოლოგიის მიმართულებით გააგრძელა.
"აგრარულ უნივერსიტეტში ბიოლოგიის სხვადასხვა მიმართულებაზე ვცადე ბედი", — ამბობს ნატალი, "საბოლოოდ ნეირომეცნიერებაზე გავაკეთე არჩევანი, სადაც ტვინის მუშაობის ძირითადად საფუძვლებს ვსწავლობთ".
ნეირომეცნიერები ხშირად რთულ თავსატეხებს იკვლევენ, როგორიცაა ცნობიერება და სხვადასხვა კოგნიტური უნარი. ნატალის ზემოხსენებულისადმი დიდი ინტერესი ჰქონდა ამიტომ, სწავლა ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში, ნეირომეცნიერების ფაკულტეტზე გააგრძელა.
ნატალის კვლევის მთავარი საგანი ტრანსპოზონებია, რომლებიც ადამიანის ტვინის ევოლუციის გაგებაში გვეხმარებიან. "საოცარია ის ფაქტი, რომ ვირუსული გენომი, რომელიც სწორედ ტრანსპოზონების სახით არის წარმოდგენილი ჩვენს ორგანიზმში, გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი გენების ექსპრესიის რეგულაციაში", — ამბობს ნატალი.
ნატალი მიიჩნევს, რომ მეცნიერებაში მუდმივი ცნობისმოყვარეობის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, სწორედ ეს ცნობისმოყვარეობა და "ამოუხსნელი მოვლენების ამოხსნის წყურვილი" მეცნიერებს დაუღალავი შრომის მოტივაციას აძლევს.
თათუ ჩოგოვაძე
"არქეოლოგიისადმი ჩემი ინტერესი პირველად ინგლისელი არქეოლოგის დღიურის წაკითხვამ გამოიწვია, სადაც მოთხრობილი იყო ეგვიპტეში წარმოებული გათხრების შესახებ", — ამბობს თათუ, რომელიც ამჟამად თსუ-ში, არქეოლოგიის განხრით დოქტორანტურის პროგრამას გადის.
ინგლისელი არქეოლოგიის დღიურით შთაგონებეულმა, არქეოლოგიური გათხრებისადმი ინტერესი სკოლაშივე გამოიჩინა:
"სკოლაში, როცა ისტორიის საგანში ძალიან მოკლედ გავიარეთ არქეოლოგიური კულტურების შესახებ, სურვილი გამიჩნდა უფრო დეტალურად გამეგო, რა ხდებოდა უძელეს წარსულში საქართველოს ტერიტორიაზე"
ინტერესის მცირედით დაკმაყოფილება თათუმ პირველი კურსის ბოლოს შეძლო, როცა ის პირველად წავიდა არქეოლოგიურ ექსპედიციაში. ამ მცირე მოგზაურობის შემდეგ, ექსპედიციები თათუს ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. კვლევის ფარგლებში ის მრავალ ქვეყანას ეწვია, მაგალითად, სომხეთს და კვიპროსს. თუმცა საქართველოშიც უამრავი მხარე მოიარა.
კვლევის ფარგლებში თათუმ ბევრი მუზეუმი მოინახულა, სადაც სამაგისტრო ნაშრომისთვის საჭირო მასალებს აგროვებდა. მისმა კვლევამ შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მხარდაჭერა მოიპოვა.
თათუს აინტერესებს, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. როგორი იყო ცხოვრება ასობით და ათასობით წლის წინ. როგორ შექმნა გამოქვაბულში მცხოვრებმა კაცობრიობამ თანამედროვე ცივილიზაცია. თათუ არქეოლოგიურ კვლევას დეტექტიურ საქმიანობას ადარებს:
"შენ ფაქტობრივად გამომძიებელი ხარ იმ განსხვავებით, რომ საუკუნეების ან რამდენიმე ათასწლეულის წინ მომხდარ მოვლენებს იკვლევ".
თათუს თქმით, ისტორია, რომლითაც დღეს ბევრი ქართველი ამაყობს, სწორედ არქეოლოგიურმა კვლევებმა შემოინახა. მისი თქმით, "არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლის, ციხისა თუ ნაქალაქარის შესახებ დღეს არაფერი არ გვეცოდინებოდა, რომ არა არქეოლოგიური გათხრები".
თათუს თქმით, ვისაც არქეოლოგიის სფეროში საქმიანობა სურს, მოლოდინები ფილმებს და პოპულარულ კულტურას არ უნდა დააფუძნოს:
"თქვენი ცხოვრება დიდი ალბათობით ზუსტად ისეთი არ იქნება, როგორიც ინდიანა ჯონსისაა, თუმცა საინტერესო ნამდვილად იქნება".
თორნიკე ნასრაშვილი
"კომაროვის სკოლაში როცა ვსწავლობდი, ვფიქრობდი, რომ ფიზიკას ან მათემატიკას გავყვებოდი. არ მეგონა, რომ პროფესიად ბიოლოგიას ავირჩევდი", — ამბობს თორნიკე ნასრაშვილი, რომელიც ახლა გერმიანიაში, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს.
უნივერსიტეტში თორნიკემ განსაკუთრებული ინტერესი მოლეკულური ბიოლოგიისადმი გამოიჩინა. შესაბამისად, გიორგი ზაალიშვილის ხელმძღვანელობით, ის ცხოველთა მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიას შეუერთდა.
თორნიკემ, მცირე გუნდთან ერთად, აშში-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) დაფინასნებულ კვლევაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ის ანტიბაქტერიულ პეპტიდებს იკვლევდა.
ბევრი ბაქტერიული ინფექციის მკურნალობა ანტიბიოტიკური საშუალებებით ვერ ხერხდება. ამიტომ, მეცნიერები მსოფლიოს გარშემო მსგავს ბაქტერიებთან გამკლავების სხვადასხვა ხერხს ეძებენ. ზოგ პეპტიდს უნარი აქვს, რომ რეზისტენტულ ბაქტერიებში შეაღწიოს. ამიტომ, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ასეთ პათოგენებთან საბრძოლველად ანტიბაქტერიული პეპტიდების გამოყენებაა შესაძლებელი.
კვლევა, რომელშიც თორნიკე მონაწილეობდა მრავალ მიმართულებას მოიცავს: მანქანურ დასწავლას, ბიოინფორმატიკას, in-silico მოდელირებას და სხვა. ამიტომ, თორნიკემ ბევრ პროფესიონალთან თანამშრომლობა შეძლო.
აგრარულ უნივერსიტეტში მიღებულმა მუშაობის გამოცდილებამ, თორნიკეს მოლეკულური და ინფექციური ბიოლოგისადმი ინტერესი გაუღვივა. ამიტომ, მაგისტრატურაზე სწავლა მან ამ მიმართულებით გააგრძელა.
"მუშაობის გაგრძელებას მოლეკულური ინფექციური ბიოლოგიის განხრით ვგეგმავ", — ამბობს თორნიკე.
კომენტარები