რა წერია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და აღდგენის აქტებში
ბოლო 3 საუკუნის განმავლობაში საქართველოს სუვერენიტეტის, მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგს ჩრდილოელი მეზობელი ილაშქრებდა. ქართული თვითმყოფადობისა და ეროვნულობის განადგურების გეგმა რუსეთმა ჯერ კიდევ მაშინ დაისახა, როცა 1783 წელს ერეკლე მეორემ მათ მფარველობა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება სთხოვა. გიორგიევსკის ტრაქტატის პასუხად კი მეზობლებისგან 1801 წლის ალექსანდრე პირველის მანიფესტი მივიღეთ, რასაც მოყვა გაუქმებული სამეფო-სამთავროები, ცარიზმის თარეში, მოგვიანებით კი საბჭოთა ხელისუფლების ბატონობა.
საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ყოველი მცდელობა დამოუკიდებლობა დაებრუნებინა, რუსეთის სამხედრო ინტერვენციით, ანექსიით ან ოკუპაციით სრულდებოდა. მათ ჩაახშეს ათეულობით აჯანყება, სიკვდილით დასაჯეს შეთქმულები, ცენზურა დაუწესეს მწერლებს, პოეტებსა და ჟურნალისტებს, გადაასახლეს ინტელიგენცია; მაგრამ ვერც სამეფო ტახტმა შეძლო "ერთი პატარა გუბერნიის" დაჩოქება და ვერც საბჭოთა მუშტმა დასცა დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
ამის დასტურია ქვეყნის ისტორიაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელილებიც დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და მის აღდგენას ადასტურებს. ორივე მათგანში დეკლარირებულია, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული, პროდასავლური კურსის სახელმწიფო ვართ.
1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი
1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებას არაერთი ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორი ახლდა, რომელთა შესახებ მეტი ჩვენი სტატიებიდან შეგიძლიათ გაიგოთ. დღეს ყურადღებას იმას დავუთმობთ, როგორ მივიღეთ დამოუკიდებლობის აქტი და რა წერია მასში.
- როგორ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა 26 მაისს — მოკლედ
- ყველაფერი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ
1918 წლის 24 ივნისს ამიერკავკასიის კომისარიატის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აკაკი ჩხენკელმა საქართველოს ეროვნულ საბჭოს ამცნო, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა უიმედო იყო და სჯობდა დაუყოვნებლივ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ. თუმცა, დამოუკიდებლობის გამოცხადებას რამდენიმე ფაქტი აბრკოლებდა: ამიერკავკასიის რესპუბლიკა ოფიციალურად არ იყო დაშლილი და დამოუკიდებლობის აქტი არ იყო დასრულებული.
25 მაისს საბჭო შეიკრიბა და დამოუკიდებლობის აქტის პროექტი შეიმუშავა. ერთ-ერთი ვერსიით, კომისიაში შედიოდნენ გიორგი გვაზავა, რაჟდენ არსენიძე, კონსტანტინე აფხაზი და პავლე საყვარელიძე. იმავე დღის ბოლოს, ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც პროექტის მიმართ შენიშვნები გამოითქვა და თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას აქტის რედაქტირება დაევალა. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც, დამოუკიდებლობის აქტის პროექტის პირველი ვარიანტი ჯერ კიდევ 22 მაისს, ბათუმში შეადგინა ზურაბ ავალიშვილმა და იქიდან თბილისში წამოიღო ნოე ჟორდანიამ.
დამოუკიდებლობის აქტის საბოლოო ვერსია კვირას, 26 მაისს, გოლოვინის პროსპექტზე, მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში მიიტანეს (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე რუსთაველის გამზირზე). ნოე ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს წევრებსა და შეკრებილ საზოგადოებას აქტი წაუკითხა და ზუსტად 4 საათსა და 50 წუთზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
დამოუკიდებლობის აქტი ყოველგვარი შესწორების გარეშე დაამტკიცეს. მას 88 პირმა მოაწერა ხელი.
თუმცა, ის ხელმეორედაც დაამტკიცეს, 1919 წლის 12 მარტს, როცა საქართველოს მოსახლეობამ დამფუძნებელი კრება აირჩია. მაშინ დოკუმენტის სტამბურ ვარიანტს 101-მა პირმა მოაწერა ხელი. (სტამბური ვარიანტი იხილეთ ზევით)
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი 7 მთავარ ჩანაწერს შეიცავდა, რომლებიც ტოლერანტული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ სახელმწიფოს შიდა და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავდა და მმართველობის პოლიტიკურ ფორმად დემოკრატიას ადგენდა:
მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს, ყოველი მხრით მტრისგან შევიწროვებული, საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქარველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.
რუსეთის დიდის რევოლიუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.
დარჩნენ რა თვისის ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შექმნეს. მაგრამ, გარეშე ძალთა ზედგავლენით, ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.
ქართველ ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისის საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.
ამისდა თანახად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული, საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ, დღეს საყოველთაოდ აცხადებს:
1. ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა — დემოკრატიული რესპუბლიკაა.
3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთბის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით-კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავისს საზღვრებში თანასწორად უზრულველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა.
6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზეც მოსახლე ყველა ერს.
7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვაგამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი
პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ 3 წელი იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა წითელი არმიის ანექსიის მსხვერპლი გახდა.
თუმცა, საბჭოთა რუსეთის ბატონობის 70 წლის განმავლობაშიც კი საქართველოში არ უგულვებელყვეს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი, რაც 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტშიც არის დეკლარირებული.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ოფიცალური საფუძველი 1990 წლის 9 მარტს ჩაეყარა, როცა სსრ უზენაესი საბჭოს სესიამ მიიღო დადგენილება "საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ". მათ დაგმეს 1921 წლის გასაბჭოების აქტი და უკანონოდ ცნეს 1922 წლის ხელშეკრულება, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს.
კრემლი იმპერიის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდა, მათ შორის აღვივებდა დაპირისპირებას აფხაზეთებსა და ოსებში და საკავშირო სახელმწიფოს გადასარჩენად საქართველოში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავდა. თუმცა, რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალა საკავშირო რეფერენდუმი და მის საპირისპიროდ ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების დადგენილება მიიღო.
მოსახლეობის ნებაზე დაყრდნობით და პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და აქტი გამოსცა:
საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით.
1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.
საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.
1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.
საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანია და განუყოფელი. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად.
საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად.
საქართველოს რესპუბლიკა, ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება.
კომენტარები