არაფერია კინოსამყაროში გლამურთან, ფუფუნებასა და შიგადაშიგ აბსურდულობასთან ისევე ახლოს მდგომი, როგორც კანის კინოფესტივალი, სადაც ყოველი წლის მაისში ვარსკვლავები და რეჟისორები იკრიბებიან, რათა სამყაროს მთელი თავიანთი ბრწყინვალებით დაენახონ და პრესისა და კოლეგებისგან შეფასებები მოისმინონ. ამ თავბრუდამხვევი კვირანახევრის განმავლობაში ეკრანებზე შედევრები ჩნდებიან, კინოსამყაროში კი — ახალი ვარსკვლავები. თუმცა აღტაცებულ ოვაციებთან ერთად დარბაზებში უკმაყოფილების გამომხატველი სტვენაც ისმის ხოლმე.

ამ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო მსგავსი არაფერი მოხდება. თუმცა ჩვენ შეგვიძლია, კანის ფესტივალის შორეული თუ ახლო წარსული მაინც მოვიგონოთ. წორედ ამ მიზნით The New York Times მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა კინორეჟისორს შეეხმიანა და სთხოვა, გაეზიარებინათ მოგონებები კანის შესახებ და ესაუბრათ კინოს მომავალზე:

1. ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ

კანში წარდგენილი მისი ფილმებიდან ერთ-ერთი Babel გახლდათ (2006).

პირველად კანის ფესტივალზე 2000 წელს მოვხვდი, როცა ჩემი ფილმი, Amores Perros უნდა წარმედგინა. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როცა ზოგადად კინოფესტივალს ვესწრებოდი. იმდენად მცირე ბიუჯეტი გვქონდა, კანთან 25 წუთის დაშორებულ მანძილზე დარჩენა გადავწყვიტეთ, რადგან ოთახებს იქ უფრო იაფად ვიქირავებდით.

ერთ დღეს სხვა რეჟისორებთან ერთად ფოტოების გადასაღებად მიმიწვიეს — საღამოს 7 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ვონგ კარ ვაის ახალი ფილმის, In the Mood for Love, ჩვენება გაიმართებოდა. მე და ჩემმა ცოლმა, მარიამ, ვიფიქრეთ, რომ ტაქსის 6-ის 15 წუთზე გამოძახებით დროზე მისვლას მოვასწრებდით. ვერც წარმოვიდგენდით, ტაქსები თუ გადატვირთული იქნებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ მე — სმოკინგი, მარიას კი გრძელი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, დანიშნულ ადგილზე სირბილით მისვლის გარდა სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა. ტემპერატურა გარეთ 35 გრადუსამდე აღწევდა და მანქანები საცობში იყვნენ გაჭედილნი. მარიამ ფეხსაცმელი გაიხადა. მეც გზადაგზა ჯერ პიჯაკი გავიხადე, მერე ბაფთა მოვიძრე და პერანგის ღილებიც ერთი მეორის მიყოლებით ჩავიხსენი.

7:01-ზე უკვე იქ ვიყავით. ჩავიცვი პიჯაკი და ვგრძნობდი, როგორ მომდიოდა ოფლი მთელი სხეულიდან. გაღიმება! განათება! ფოტოაპარატის ჩხაკუნი! განათება! მთელი ძალით გაღიმება! კინორეჟისორისთვის ამ ლეგენდარულ დარბაზში მოხვედრა, რომელიც 2 ათას მაყურებელს იტევს, ისეთივე გამოცდილებაა, როგორიც კათოლიკე ადამიანის ვატიკანში სტუმრობა. სულ ბოლო რიგში დავსხედით და ჩვენზე 40-ჯერ დიდ ეკრანზე ვუყურეთ In the Mood for Love-ს. დარბაზიდან გამოსვლის მერე დაახლოებით 10 წუთი მე და მარია ჩუმად მივუყვებოდით გზას. უცებ ზღვასთან გავჩერდით, მარია ჩამეხუტა და ჩემს მხრებზე თავჩარგულმა ტირილი დაიწყო. ზუსტად იმავენაირად მოვიქეცი მეც. ფილმმა იმდენად ღრმად იმოქმედა ჩვენზე, სათქმელად სიტყვები აღარ გვქონდა. ამ მომენტმა შემახსენა, რატომ მინდოდა გავმხდარიყავი კინორეჟისორი, მიუხედავად იმისა, რომ ამის კეთება ხშირად წარმოუდგენლად რთულია.

კარლტონის სასტუმროს წინ ფანები ვარსკვლავების გამოჩენას ელოდებიან, 1959 წელი.

ფოტო: Keystone / Hulton Archive / Getty Images

2. უეს ანდერსონი

მან ფესტივალზე 2012 წელს წარადგინა თავისი ფილმი, Moonrise Kingdom.

კანის ფესტივალზე მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი. თიერი ფრემომ [ფესტივალის დირექტორმა] ნამდვილად იცის, როგორ გამართოს ფილმის ფესტივალი. მთელი პლანეტის მასშტაბით შერჩეულ და სხვადასხვაგვარ კარგ ფილმს მოეყარა ერთად თავი. და რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე სრულყოფილად განახლებული Once Upon a Time in America-ს 251 წუთის ყურებაა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე?

რადგან 4 წლის შვილი მყავს, როგორც სხვა ყველა ამ სიტუაციაში, მეც ახლა ნახევარგანაკვეთზე მომუშავე დილეტანტი მასწავლებელი ვარ. ამის გამო უმეტესად ვკითხულობ უძველეს ეგვიპტეზე, დინოზავრებზე, მწერებსა და ამაზონის ტროპიკულ ტყეებზე. მაგრამ ამავდროულად ვეცნობი პატრიცია ჰაისმიტს, ჯეიმს ბოლდუინს, ელმორ ლეონარდსა და ასევე წიგნებს ეპიდემიების შესახებ. საღამოს ოჯახური შეკრებებისას ნანახი ფილმებიდან რამდენიმეს გამოვარჩევდი: Alice Adams, Beat the Devil, Nothing Sacred, Do the Right Thing, The Long Voyage Home, A Story From Chikamatsu, La Grande Bouffe, The Passionate Friends, Station Six-Sahara, What Price Hollywood, Winter Kills.

სოფი ლორენი კარლო პონტისთან (მარჯვნივ) ერთად კანის ფესტივალზე, 1964 წელი.

ფოტო: Agence France-Presse / Getty Images

3. კლინტ ისტვუდი

კანის ფავორიტმა რეჟისორმა, რომლის ფილმებიც მთავარ ნომინაციაში ხუთჯერ ყოფილა წარდგენილი, 2009 წელს მიიღო ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს პალმის რტო.

კანში არაერთხელ ვარ ნამყოფი. ბოლოს რამდენიმე წლის წინ რომ ვიყავი, ფილმის, Unforgiven-ის 25 წლის აღსანიშნად საპატიო ჩვენება გაიმართა. სასიამოვნო იყო იმის ნახვა, როგორ უყურებდა ახალი აუდიტორია ძველ ფილმს.

უკვე წლები იყო, რაც არ მენახა ეს ფილმი, ამიტომ მეც ინტერესით ვუყურე. როგორც აღმოჩნდა, დროისთვის გაუძლია. ხანდახან როცა თვალს გადავავლებ ჩემს განვლილ გზას და გავიაზრებ, რამდენი ხანია, რაც ამას ვაკეთებ, მიჭირს ხოლმე, ამ წარსულისადმი გაუცხოება არ ვიგრძნო. მაგრამ ყურების დროს ბევრი მოგონება უკან გიბრუნდება.

კანში პირველი სტუმრობა [Pale Rider-ის ჩვენებისას, 1985 წელს] საინტერესო და გამაოგნებელი იყო, რადგან ერთდროულად უამრავი რაღაც ხდება, უამრავი ადამიანი ირევა და ყველაფერი თვალის დახამხამებაში უნდა მოასწრო. როცა მოგვიანებით ისევ ბრუნდები, უფრო მარტივია, რადგან შენს თავს ეუბნები: კარგი, არ დავიტვირთები ძალიან, რადგან, საბოლოოდ ძალიან ბევრ კითხვაზე მომიწევს პასუხის გაცემა.

კლინტ ისტვუდი 1985 წლის ფესტივალზე.

ფოტო: Agence France-Presse / Getty Images

4. ცზია ჩჟანკე

ის ფესტივალის სტუმარი არაერთხელ ყოფილა და წარუდგენია ისეთი ფილმები, როგორებიცაა A Touch of Sin (2013), Ash Is Purest White (2018) და სხვები.

საფესტივალო ლანჩზე მიწვევა 2013 წელს მივიღე. ინგლისური არ ვიცოდი კარგად და ცოტა გადაღლილიც ვიყავი. თავაზიანობის გამო გადავწყვიტე წასვლა, თუმცა ვფიქრობდი, რომ იქაურობას მალე დავტოვებდი. მისვლისას თიერი ფრემო, ენგ ლი და ეტლში მჯდომი უცნობი კაცი დავინახე. მივესალმე მათ და მოსაწევად გარეთ გავბრუნდი. ენგ ლის ასისტენტი ჩემს მოსაძებნად გამოვიდა. ენგმა ეტლში მჯდომ კაცთან წარმადგინა და მითხრა: "ცზია, მისტერ ბერტოლუჩის შენთან ლაპარკი სურს".

"სერიოზულად?!" — ჩემდა გასაკვირად, ხმამაღლა აღმომხდა და გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, — "ის არის, მოხუცი B!"

ამით უპატივცემულობის გამოხატვა არ მინდოდა. ბერნარდო ბერტოლუჩიმ 1987 წელს ჩინეთში ფილმი The Last Emperor გადაიღო, ამიტომ ჩინელმა კინორეჟისორებმა მას "მოხუცი B" შეარქვეს, რაც ნიშნავდა იმას, რომ ის ჩვენიანად ვიგულეთ.

ბერტოლუჩიმ ჩემი ხელი დაიჭირა და ლაპარაკი დაიწყო, ენგ ლი მითარგმნიდა: "როგორ უნდა ვნახო Useless? ერთადერთია, რაც შენი ნამუშევრებიდან არ მინახავს". გავოგნდი, ასაკოვანი ბერტოლუჩი იმდენად დიდსულოვანი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდასთან საუბრისას ქება არ დაიშურა. მე მისი ყურადღება მივიქციე, რაც ყველაზე შთამაგონებელი რამ იყო ჩემთვის.

2008 წელს კი 24 City-სთვის გამართულ პრესკონფერენციაზე აბას კიაროსტამი კართან იდგა და როცა გვერდით ჩავუარე, მოვიდა და მხურვალედ ჩამეხუტა. არაფერი გვითქვამს, სადღაც ეჩქარებოდა, თუმცა ჩახუტების სითბო ჩემთან დარჩა. 2015 წელს ჟურნალისტებთან Mountains May Depart-ისთვის ფოტოების გადაღებისას უცებ საიდანღაც ანიეს ვარდა გამოჩნდა. გვერდით უნდა ჩაევლო, მაგრამ განათებებისა და კამერების მიუხედავად, მაინც პირდაპირ ჩვენკენ გამოემართა. ერთი ხელი მე ჩამკიდა, მეორე — ჩჟაო ტაოს [მსახიობი და ჩჟანკეს მეუღლე]. მოგვიანებით ამ დღის ფოტოები რომ ვნახე, დავაკვირდი, ანიესი, როგორც ბებია, სიყვარულით სავსე თვალებით გვიყურებდა ჩვენ.

ბერნარდო ბერტოლუჩიმ, აბას კიაროსტამიმ, ანიეს ვარდამ — სამწუხაროდ, ყველამ დაგვტოვა. მაგრამ კანზე მათ მიერ მომდევნო თაობებისთვის გაცემულმა სითბომ და ყურადღებამ ჩვენ, მათზე ახალგაზრდებს, არსებობისთვის და ახალი ფილმების შესაქმნელად მოგვცა ძალა.

ჟან-ლუკ გოდარი ეკრანზე თავისი ფილმის, Détective, პროექციას ასწორებს, 1985 წელი.

ფოტო: Gilles Peress / Magnum Photos

5. მაიკლ მური

დოკუმენტური ფილმების რეჟისორმა ოქროს პალმის რტო ფილმისთვის Farenheit 9/11 დაიმსახურა.

გამარჯობა, მე მაიკლ მური ვარ და მე მთხოვეს, მომეყოლა ჩემი საყვარელი მოგონების შესახებ კანის ფესტივალიდან, სადაც ჩემი ოთხი ფილმი იყო ნაჩვენები. თითოეული მათგანის წარდგენა დიდებული გამოცდილება აღმოჩნდა, თუმცა 2004 წელს, როცა ოქროს პალმის რტო მივიღე ფილმისთვის Farenheit 9/11, საუკეთესო, რაც იმ საღამოს მოხდა, იყო ის, რომ სცენაზე გასულს ჯილდო კვენტინ ტარანტინომ გადმომცა, რომელიც იმ წელს ჟიურის პრეზიდენტის ადგილს იკავებდა. ის ჩემკენ იხრება და მეუბნება: "ისეთი რაღაცის თქმა მინდა, რაც ჯერ არავისთვის მითქვამს. არასდროს მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა, არც კი დავრეგისტრირებულვარ. თუმცა ამ კვირაში შენი ფილმის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, ლოს-ანჯელესში რომ ჩავალ, დავრეგისტრირდე და ამ წელს ხმასაც მივცემ". ამ სიტყვებმა იმდენად ამიჩუყა გული, რომ პირდაპირ ვუთხარი: "გულწრფელად, ახლა რაც მითხარი, ეს რომ მილიონმა იმ ადამიანმა გაიმეოროს, რომელიც ჩემს ფილმს ნახავს — თუ ისინი ადგებიან და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ეს იმაზე მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ოქროს პალმის რტო ან ნებისმიერი სხვა პრიზი. ეს ისეთი ჯილდო აღმოჩნდება, როგორსაც რაღაც ღირებულის მოხდენა შეუძლია".

სულ ესაა, რაც იმ საღამოდან მინდა გავიხსენო. კი მცირედია, თუმცა ვიმედოვნებ, მნიშვნელობით ბევრად შორს მიდის. ერთი წლის შემდეგ ისევ შევხვდი მას და მითხრა, რომ ნამდვილად დარეგისტრირდა და მისცა ხმა. ამიტომაც ეს ყოველივე ღირებული მგონია.

მადლობა კითხვის დასმისთვის და ვწუხვარ ყველა იმ რეჟისორის გამო, ვინც ვერ მოახერხა ამ წელს კანზე ფილმების წარდგენა. იმედი მაქვს, მალე ვიხილავ თქვენს ფილმებს. კარგად იყავით და მადლობა.

მონიკა ვიტი 1974 წელს ჟიურის წევრებს შორის იყო.

ფოტო: Keystone / Getty Images

სილვია კასაბლანკასი საფესტივალო წვეულებაზე, 1960 წელი.

ფოტო: Keystone / Getty Images

6. ჟან-პიერ და ლუკ დარდენები

კანზე ნაჩვენებ მათ ფილმებს შორისაა Rosetta (1999) და Two Days, One Night (2014).

ეს მაისი ყველა კინომოყვარულისთვის ნაკლული იქნება. ჩვენთვის ეს დანაკალისი განსაკუთრებით მძიმეა, რადგან კანი ჩვენი მეორე სახლია — მშვილებელი სამშობლო, რომელმაც მიიღო ჩვენი ფილმები და მათკენ სხვების ყურადღებაც მიაპყრო. იმედი გვაქვს, შემდეგ წელსაც, როგორც ახლა იყო გათვალისწინებული, ისევ სპაიკ ლის პრეზიდენტობით დაბრუნდება ჟიური. შემდეგი წლის მაისამდე მოსაცდელი დრო კი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საქმიანობების ცოტა ხნით შესაჩერებლად, რათა ჩვენი სამუშაოს, კინოსა და საზოგადოებაში მის ფუნქციაზე რეფლექსია შევძლოთ.

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ფილმების მომავალი კერძო სივრცეებში სტრიმინგ სერვისებით ყურებაშია. ამის მტკიცებულებად კარანტინის პერიოდში მსგავსი პლატფორმების ხშირი გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ ეს მხოლოდ იმას არ ამტკიცებს, რომ ეს ტენდენცია საზოგადოების იმ საჭიროებების დაკმაყოფილებას ააშკარავებს, რომელიც სოციალური ცხოვრების გაქრობით წარმოიქმნა? მართლა გვსურს, რომ ასეთ პარანოიდულ სამყაროში ვიცხოვროთ? განა, არ ვართ სოციალური არსებები, რომლებიც მივილტვით საჯარო სივრცეებში ერთად არსებობისკენ? სწორედ ასეთი სივრცე არაა კინოთეატრები, სადაც ერთად შეგვიძლია ვუყუროთ ჩვენზე დიდ ეკრანებზე ფილმებს, შემდეგ კი მათზე სასაუბროდ კაფეებსა და რესტორნებში გავეშუროთ? განა, არ უნდა გამოგვაფხიზლოს ამან, რათა ჩვენს ლიდერებს მოვთხოვოთ, დასახონ და განავითარონ საბაზისო უფლებები ჯანმრთელობის, განათლებისა თუ კულტურის განხრით? სავარაუდოდ, ჩვენ დღეს ახლებური სახის სოლიდარობის განთიადს ვუყურებთ და მისი მიღება ჩვენზე იქნება დამოკიდებული.

ფესტივალების და კონგრესების სასახლის წინ შეკრებილი ხალხი კარგი ფილმების საყურებლად ლოდინს არ უშინდება, 1985 წელი.

ფოტო: Gilles Peress / Magnum Photos

7. კრისტოფ ონორე

კანზე წარდგენილ მის ფილმებს შორისაა Sorry Angel (2018).

დაბადების დღე აპრილში მაქვს და ამ დროისთვის პარიზში მითქმა-მოთქმაა ხოლმე გაჩაღებული იმაზე, თუ რომელი ფილმები შეიძლება შეირჩეს კანისთვის. ჩემთვის გაზაფხული ყოველთვის დროის მარწუხებისგან გათავისუფლებასა და კინოს აყვავებასთანაა დაკავშირებული. რასაც ცხოვრებაში გამოვაკლდი, კინოთეატრებში ავინაზღაურე. თინეიჯერობისას ბრეტანში მყოფი იმ ფილმებზე ვოცნებობდი, რომლებიც სამხრეთ საფრანგეთში ყველაზე ლამაზი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. შემდეგ, როცა კინორეჟისორი გავხდი, იმ საოცარ და, ამასთან, გულისგამაწვრილებელ თავგადასავალში თავად ჩავები, რასაც კანისთვის ფილმების შერჩევა წარმოადგენს.

ამ წელს ჩემს პარიზულ აივნამდე თითო-ოროლა ფილმის სათაური თუ აღწევს და ეს მინავლებული ხმები ლამის ეპიტაფიებად ჩამესმის. იმის თქმა არ მინდა, რომ კანის გარეშე ისინი მკვდარ ფილმებად იქცევიან, თუმცა რაღაცას კი ნამდვილად დაკარგავენ. ისინი დაბადების მერე ფერიებისა და ჯადოქრების მიერ დარწეულ აკვანში წოლას გამოაკლდებიან. ისინი გარდასახვის შესაძლებლობას გაუშვებენ ხელიდან. ყველა ფილმს არ სჭირდება ზღაპრული ბედისწერა, მაგრამ მაყურებელს კი სჭირდება, რომ ეს ლეგენდები გაგრძელდეს. ჩვენ გვჭირდება გვჯეროდეს, რომ კინო დაკარგული ცხოვრებისგან გვიხსნის. კანის გარეშე ეს წელი სტერილურია. არაა საჭირო ამის უარყოფა. ესაა ორმო, სიცარიელე და გაუქარვებელი არარსებობა.

მზით ტკბობა სანაპიროსთან, 1979 წელი.

ფოტო: Ralph Gatti / Agence France-Presse / Getty Images

8. ჰიროკაძუ კორეედა

კანზე წარდგენილი მისი მრავალი ფილმიდან პირველი Distance (2001) იყო, ერთ-ერთი მომდევნო კი Shoplifters (2018).

ყოველთვის მემახსოვრება პირველად წითელ ხალიჩაზე გავლა. 2001 წელი იყო და მე 38 წლის ვიყავი. ამ მომენტის გახსენება არც სიამაყეს უკავშირდება, არც თავდაჯერებულობას და არც თუნდაც რაიმე მიზნის მიღწევის განცდას.

თუკი რაიმე გრძნობით უნდა დავახასიათო განცდილი, ეს მოწიწება იქნება.

რადგან მე უშუალოდ განვიცადე, როგორი მასშტაბურია კინოსა და მისი მრავალფეროვანი ისტორიის გავლენა. შემდეგ კი, როცა გავითავისე საკუთარი არსებობის უმნიშვნელობა და სარეჟისორო უმწიფრობა, სიხარულიც გამოვცადე. მიუხედავად იმისა, რომ ზღვაში წვეთი ვიყავი, შესაძლებლობა მქონდა, კინოს ბარაქიან მდინარეში შემეცურა. ცოდნა იმისა, რომ სამყაროსთან ასე სიღრმისეულად ვიყავი დაკავშირებული, მარტოობის იმ განცდას მიმსუბუქებს, რომელსაც ფილმის გადაღებისას ხშირად ვგრძნობ ხოლმე.

იმ წელს კანის ფესტივალიდან მიღებულ გამოცდილებათა შორის ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო.

ფეხბურთის ვარსკვლავი, პელე, რომელმაც ფილმში, Voctory, ითამაშა, ფესტივალს 1981 წელს ესტუმრა.

ფოტო: Ralph Gatti / Agence France-Presse /Getty Images

9. მოჰამად რასულოფი

მისი ფილმები Manuscripts Don’t Burn (2013) და A Man of Integrity (2017) კანის Un Certain Regard სექციაში იყო წარდგენილი.

იქამდე ერთი დღით ადრე, სანამ Manuscripts Don’t Burn-ს აჩვენებდნენ, კანის სანაპიროსთან ვიყავი და თეატრისკენ მივიჩქაროდი, როცა ვიღაცამ სახელით დამიძახა. გავჩერდი. კაცი მომიახლოვდა და საკუთარი თავი პროდიუსერ კავე ფარნემად წარმიდგინა. მისი სახელი კი გამეგონა, თუმცა ადრე არასდროს შევხვედროდით ერთმანეთს. მეორე დღეს ჩვენების დროს აუდიტორიაში იჯდა და ფილმის დამთავრებისთანავე მომძებნა, ჩამეხუტა და მთხოვა, დავკავშირებოდი, როცა ახალ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი.

ორი წლის შემდეგ, როცა A Man of Integrity-ს გადაღება გადავწყვიტე, დავურეკე და, საბოლოოდ, ფილმზე ერთად ვიმუშავეთ. ამ დღის შემდეგ კავე და მე ახლო მეგობრებად და კოლეგებად ვიქეცით. 2017 წელს, კანის 70-ე ცერემონიაზე, A Man of Integrity-სთვის ერთად მოვიგეთ Certain Regard ჯილდო. 2020 წელს კი ბერლინალეზე მივიღეთ მთავარი პრიზი, ოქროს დათვი, ფილმისთვის There Is No Evil.

ამას გარდა, ახალგაზრდა, ნიჭიერი და დამოუკიდებელი ირანელი რეჟისორების 8 დოკუმენტურ და 3 მხატვრულ ფილმზე ვიმუშავეთ როგორც პროდიუსერებმა და ეს ნაყოფიერი კოლაბორაცია მხოლოდ კანში შემთხვევითი შეხვედრის დამსახურებაა.

კინომოყვარულებს სანაპირო დიდად არ იზიდავთ, 1960 წელი.

ფოტო: Keystone / Hulton Archive / Getty Images

10. არნო დეპლეშენი

მისი იმ ექვსი ფილმიდან, რომელიც კანზე მთავარი ჯილდოს მისაღებად წარუდგენიათ, ერთ-ერთია A Christmas Tale (2018).

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი კანში, ყოველთვის მიძნელდება მასზე საუბარი. ვიცით, რომ დიდი გადატრიალება ხდება კინოში იმ კუთხით, თუ როგორ უყურებენ მაყურებლები ფილმებს. ვიცით თიერი ფრემოს პოზიციაც — მან უარი უთხრა ნეტფლიქსის მიერ წარმოებულ ფილმებს მაშინ, როცა ვენეციამ მიიღო შესანიშნავი Roma. ამგვარად, ჩვენ ვიცით, კინოსამყარო კრიზისის პირას რომაა და ვირუსი გვაიძულებს, გავერკვეთ ამ საკითხებში.

კრიზისი გვაიძულებს ახალი ფორმებისა და ახალი ასოციაციების გამოგონებას. ვეღარ გავაგრძელებთ მოსახდენის თითო-თითო წლით გადავადებას. აბსურდია ეს და აბსურდი იყო ისიც, რომ Roma კანში არ მიუღიათ, რადგან ის წლის საუკეთესო ფილმი იყო. ის ეკუთვნოდა კანს — გესმით, ხომ?

მონიკა მაიო ფესტივალების და კონგრესების სასახლის ტერასაზე ცეკვავს, 1969 წელი.

ფოტო: Agence France-Presse / Getty Images

11. რობერტ ეგერსი

მისი მეორე სურათი, The Lighthouse (2019), Directors Fortnight-ზე აჩვენეს.

ფესტივალზე არსებული ენერგიისა და მძაფრი ემოციების გათვალისწინებით, მთელი ეს გამოცდილება სიგიჟე იყო. თავიდან არ ვიცოდი, როგორი მოლოდინი უნდა მქონოდა კანის მიმართ და რობი [პატინსონი] და [უილიამ] დეფო, რომლებიც ბევრჯერ ყოფილან ფესტივალზე, მიყვებოდნენ იქაურ ამბებს. წასვლამდე ცოტა ხნით ადრე აღმიწერა რობიმ, რა გრძნობაა, როცა კანის ფესტივალზე შენ მიმართ უკმაყოფილებას დარბაზი ხმამაღლა გამოხატავს. ძალიან მეშინოდა. და როცა მივხვდი, რომ არა მარტო მიიღეს ფილმი, არამედ ჩემი და ჩემი ძმის ჩანაფიქრიც გაიგეს, ნამდვილად დაუჯერებელი გრძნობა დამეუფლა. როცა იცი, რომ ამდენი თავგადაკლული კინომოყვარული ცდილობს შენი ქმნილების ყურებას, ენით აღუწერელი გამოცდილებაა.

ფესტივალზე დამსწრენი ფილმის საყურებლად დარბაზში შესვლას ცდილობენ, 1977 წელი.

ფოტო: France-Presse / Getty Images

12. კლერ დენი

მის იმ მრავალ ფილმს შორის, რომელიც კანზე წარუდგენიათ, ერთ-ერთი მისი სადებიუტო ნამუშევარი, Chocolat-ია (1998)

ჩემთვის კანი ამ ეპიდემიის გამოჩენამდე — იმის მიუხედავად, წავიდოდი თუ არა იქ — გაზაფხულის თბილ მოგონებებთანაა დაკავშირებული. მაშინაც კი, როცა არ ვესწრები, ყოველთვის ვნახულობ მასზე წარდგენილი ფილმების სიას, თვალს ვავლებ გაზეთებს, ვკითხულობ სტატიებს. არასდროს მიცხოვრია მაისის თვეში იმის გაუცნობიერებლად, რომ კანში ფესტივალი იმართებოდა.

საზეიმო ფეიერვერკები 1946 წელს. მეორე მსოფლიო ომის წლებში ფესტივალი არ ჩატარებულა.

ფოტო: Agence France-Presse / Getty Images