COVID-19-ს სტანდარტული სიმპტომების გარდა, უცნაური გამოვლინებაც აქვს, რაც შედარებით თვალსაჩინოდ ბავშვებში გამოიხატება.

ბავშვების კორონავირუსით ინფიცირებისას, ზოგ შემთხვევაში, მრავალსისტემური ანთებითი სინდრომი ვითარდება, რაც პოსტვირუსული მდგომარეობაა, ამბობს ბოსტონის პედიატრიული საავადმყოფოს ექიმი ჯეფრი ბერნსი, რომელიც სხვა ექსპერტებთან ერთად COVID-19-ის სიმპტომების აღრიცხვას და შედარებას აკეთებს.

"უშუალოდ ვირუსი მრავალსისტემურ ანთებით სინდრომს პირდაპირ არ იწვევს",— ამბობს ბერნსი. "წამყვანი ჰიპოთეზის თანახმად ის [სინდრომი] პაციენტის იმუნური პასუხის შედეგად ვითარდება".

ზემოხსენებული სინდრომის სიმპტომებია: მაღალი სიცხე, ანთება და თირკმელების ან გულის ფუნქციის დაქვეითება. ამასთანავე შესაძლოა, რომ ბავშვებს ანთება არტერიებში განუვითარდეთ, თვალებში სისხლი ჩაექცეთ და ტუჩები დაუსკდეთ.

COVID-19-ის და ამ ანთებითი სინდრომის კაშირი პირველად წინა თვეში, ბრიტანეთის პედიატრიის სამეფო კოლეჯში გამოავლინეს. მოგვიანებით მსგავსი შემთხვევები იტალიაშიც დაფიქსირდა.

"ეს [სინდრომი] აშლილობების მთელი სპექტრია, ზოგ შემთხვევაში ანთება კორონარულ არტერიას ეხება, ზოგ შემთხვევაში, არა", — ამბობს ილინოისის საჯარო ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ნგოზი ეზიკე.

ზემოხსენებული სინდრომი საკმაოდ იშვიათია, თუმცა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების უპრეცედენტო რაოდენობის გამო, ის თავს უფრო ხშირად იჩენს. ექიმებმა ზუსტად არ იციან რატომ ან როგორ უვითარდებათ მრავალსისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებს.

ამ დროისთვის ექიმები ვარაუდობენ, რომ მწვავე ანთება კორონავირუსის ინფექციაზე ერთგვარი დაგვიანებული იმუნური პასუხია.

ბერნსის რწმენით, დროთა განმავლობაში COVID-19-თან დაკავშირებული უცნაური გამოვლინებები გახშირდება. თუმცა, ექიმების თქმით ეს ანთებითი სინდრომი ბავშვებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ და მათი ინტენსიურ თერაპიაში გადაყვანა საჭიროც კი არ არის ხოლმე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალსისტემური ანთებითი სინდრომის მკურნალობის დადასტურებული მეთოდები არსებობს და ექიმები მას ხშირად იყენებენ.

სინდრომის დროულად ამოცნობისთვის, WHO სინდრომის დეტალური დახასიათების გამოქვეყნებაზე მუშაობს. აშშ-ში CDC სპეციალური ქსელის გაკეთებას გეგმავს, რომელიც ექიმებს შეტყობინებას გაუგზავნის თუ პაციენტს მსგავსი სინდრომი განუვითარდა.

ბავშვებში ასეთი იმუნური პასუხის შესწავლა მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ზრდასრულებთან შედარებით, არასრულწლოვნებს დაავადება ძალიან მარტივად გადააქვთ. ექიმების ვარაუდით ამის მიზეზი ბავშვების უნიკალური იმუნური სისტემაა, რომლის უკეთ შესწავლაც კორონავირუსის მკურნალობაში დაგვეხმარება.