COVID-19: სადაზღვევო ინდუსტრიის ტექნოლოგიური მომავალი
არსებულ პირობებში სადაზღვევო კომპანიებს ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ, თუმცა მომავალში ეს, შესაძლოა, შეიცვალოს და ამის ორი — პოზიტიური და ნეგატიური სცენარი არსებობს.
ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული ინდუსტრიისთვის ცვლილებები გარკვეულ შოკს გამოიწვევს, რასაც მნიშვნელოვანი ცვლილებები აუცილებლად მოჰყვება.
თუ აქამდე ადამიანების უმრავლესობა არ ინტერესდებოდა დაზღვევის რომელიმე პაკეტით, დღეს ამ დამოკიდებულების გადაფასება ხდება. ბიზნესი უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობს დაზღვევას.
სადაზღვევო ინდუსტრიას ამ ცვლილებებზე მოკლევადიან პერსპექტივაში რეაგირება მოუწევს, რათა შესაძლებელი გახდეს ხანგრძლივი სტრატეგიის შემუშავება ახალი რეალობის გათვალისწინებით.
რა უნდა გააკეთოს სადაზღვევო ინდუსტრიამ ახლა?
მომხმარებლები დაიწყებენ ისეთი სადაზღვევო პაკეტის ძიებას, რომელიც მათ გლობალური პანდემიით ან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს. მაგალითად, ერთ-ერთ მსხვილ სადაზღვევო ბროკერს, Marsh-ს, 2018 წლიდან აქვს ინფექციური დაავადების ანაზღაურების პაკეტი PathogenRX. აქამდე მისი გამოყენება შეზღუდული იყო, რადგან აღნიშნული პაკეტი ერთ-ერთ ძვირადღირებულ შემოთავაზებად განიხილებოდა. მოთხოვნილება აღნიშნულ პროდუქტზე მკვეთრად გაიზარდა და პრემიიდან მიღებულმა შემოსავალმა, შესაძლოა, წელიწადში $ 1,5 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწიოს. აღნიშნულმა შემთხვევამ, შესაძლოა, სხვა სადაზღვევო კომპანიებს მსგავსი პროდუქტის შექმნისკენ უბიძგოს. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ძველი სადაზღვევო პროდუქტები სულ უფრო გამოუსადეგარი ხდება და ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
უფრო დაბალფასიანი სადაზღვევო პროდუქტების რბოლამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეთავაზებული ზარალის ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია. პანდემიის პირობებში კი ეს პრობლემა, მიუხედავად მზარდი მოთხოვნისა, უფრო გამწვავდა. სადაზღვევო კომპანიას კარგად უნდა ესმოდეს მდგომარეობის სერიოზულობა, რათა შემდეგში მან სწორი საპასუხო ნაბიჯები გადადგას.
ბიზნეს მოდელისა და საფუძვლების გადაფასება
COVID-19-მა მსოფლიო ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენა და მისი აღდგენა მოკლე დროში შეუძლებელია. პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ დამზღვევ კომპანიები უნდა დაფიქრდნენ, თუ როგორ გამოიმუშავებენ ფულს — რასაც ისინი წესით 2008 წლიდან უნდა აკეთებდნენ. არაა გამორიცხული, რომ პანდემიის გამო მარეგულირებელმა ორგანოებმა კაპიტალის რეზერვის ახალი წესები შემოიღონ, რაც სადაზღვევო ინდუსტრიისთვის გადაფასების პროცესს უფრო დააჩქარებს.
მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტი
იქნება ეს ფიზიკური პირი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის მფლობელი ან მსხვილი კორპორატიული მყიდველი, მათთვის ხშირად რთულად გასაგებია თუ რა შემთხვევებში ხდება ზარალის ანაზღაურება. ეს უკავშირდება ხელშეკრულებას და პირობებს, რომლებიც ხშირად ძალიან გრძელია და იქ გამოყენებული გაუგებარი უცხო ტერმინოლოგია მომხმარებლისთვის გაუგებარი რჩება. ამის გამოსწორება შესაძლებელია, თუმცა სანდო რეპუტაციის აღსადგენად დამზღვევ კომპანიებს დიდი დრო დასჭირდებათ.
რისკის შეფასების კრიტერიუმის განსაზღვრა
ყველა ზემოთ აღნიშნულის მისაღწევად სადაზღვევო კომპანიებმა რისკის შეფასების მეთოდოლოგია უნდა შეცვალონ. მაშინ, როცა სადაზღვევო ბიზნესის თითოეულ წარმომადგენელს ამაზე საკუთარი ხედვა ექნება, ცვლილებების ძირითადი ნაწილი მაინც საერთო იქნება. მაგალითად, რისკების მოდელირებისას საჭირო იქნება უფრო მეტი ინფორმაციის გათვალისწინება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორი კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდება.
უკვე არსებობს სადაზღვევო ტექნოლოგიები, რომლებიც მომავალი პანდემიების პირობებში მეტ მდგრადობას უზრუნველყოფს. დაზღვევის გარკვეული პარამეტრების დადგენისას სადაზღვევო კომპანიები ინფორმაციის ახალ და ალტერნატიულ წყაროებს ან არსებული ინფორმაციის გაანალიზების ახალ მეთოდოლოგიას მიმართავენ.
სადაზღვევო ტექნოლოგიები დამზღვევ კომპანიებს ეპიდემიებისა და პანდემიების რისკის უკეთესი მოდელირების შექმნაშიც დაეხმარება. Metabiota-ს უდიდესი მონაცემთა ბაზა ახალ ეპიდაფეთქებებს ისტორიულ ჭრილში აანალიზებს, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება რისკების მოდელირებაში სოციალური, პოლიტიკური და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით. ასეთი მონაცემები სადაზღვევო ბიზნესს საკუთარი მომხმარებლების უკეთ დაცვაში დაეხმარება.
სადაზღვევო ინდუსტრიისთვის საჭირო ტექნოლოგიური გადაწყვეტები მომდევნო წელს უფრო განვითარედება. უნდა ვივარაუდოთ, რომ სადაზღვევო ტექნოლოგიები და არსებული ვითარება დაგვეხმარება გადავაფასოთ დაზღვევის საფუძვლები, რაც სამომავლოდ მთლიანად ამ ინდუსტრიაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.
კომენტარები