WHO ვაქცინის დასაჩქარებლად ადამიანების კორონავირუსით განგებ ინფიცირებას ეხმიანება
იმის გამო, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემა უპრეცედენტოდ დატვირთა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, COVID-19-ის ვაქცინის შემუშავების პროცესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
სამეცნიერო საზოგადოება და ექიმები ერთი შეხედვით რადიკალურ ზომებს მიმართავენ: ახალი ინიციატივა ვაქცინის შექმნის პროცესის დასაჩქარებლად ჯანმრთელი მოხალისეების კორონავირუსით ინფიცირებას ითვალისწინებს.
ჯანმრთელი ადამიანების ვირუსით ინფიცირება, სხვა დაავადების, მაგალითად გრიპის ან მალარიის ვაქცინის შემუშავების პროცესში საკმაოდ ხშირია. თუმცა, კორონავირუსის შემთხვევა მნიშვნელოვნად განსხვავებულია:
კერძოდ, გრიპით განგებ ინფიცირების შემთხვევაში, რამე თუ არასწორად წავიდა ან მოხალისეს მდგომარეობა დაუმძიმდა, მკურნალობის ეფექტიანი და დადასტურებული კურსი გამოიყნება, რომელიც მოხალისეს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში მსგავსი ფუფუნება არ არსებობს.
როცა ვაქცინის შემოწმების მიზნით მოხალისეს რამე დაავადებით აინფიცირებენ, ამ დაავადების გამომწვევი პათოგენის რაოდენობა ისეა შერჩეული, რომ ადამიანს მძიმე სიმპტომები არ განუვითარდეს და რამე თუ არასწორად წავიდა, მარტივად უმკურნალონ.
კორონავირუსის "უსაფრთხო" დოზა, რომელიც მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს გამოიწვევს, კარგად განსაზღვრული არ არის. უსაფრთხოებისთვის, ამ ხაზის გავლება ძალიან მნიშვნელოვანია.
რუტგერსის უნვიერსიტეტის პოპულაციური ბიოეთიკის ცენტრის დირექტორის, ნირ ეიალის თქმით, სამეცნიერო საზოგადოებაში ერთგვარი კონსენსუსია, რომ ვაქცინის შემუშავებისთვის მსგავსი ტესტირებები მისაღებია.
"მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამას არ კრძალავას", — ამბობს ეიალი. თუმცა, WHO-ს ახალი გაიდლაინის მიხედვით, მსგავსი ტესტების ჩასატარებლად რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დაკმაყოფილდეს.
პირველ რიგში, მოხალისეების ასაკი 18-დან 30 წლამდე უნდა იყოს იმიტომ, რომ ამ ასაკის ადამიანებს კორონავირუსი მოხუცებულებთან შედარებით ბევრად მარტივად გადაააქვთ.
ეიალის თქმით, კორონავირუსით განპირობებული სიკვდილის რისკი 20-30 წლის ადამიანებში, 3 000-ში ერთია, რაც გარდაცვალების და სიმპტომების გამწვავების ძალიან დაბალი რისკია.
როგორც ჩანს, განგებ ინფიცირებას მოხალისეები არ აკლია. აშშ-ში მოქმედებს კამპანია სახელად "1DaySooner", სადაც ვაქცინის დაჩქარებული ტესტირების პეტიციას 14 000-მა მოხალისემ მოაწერა ხელი.
სტენფორდის კურსდამთავრებული, სოფი როუზი, რომელიც ამჟამად ოქსფორდში ცხოვრობს ამბობს, რომ ის და მისი თანატოლები ვაქცინის დაჩქარებულ ტესტირებაში უზარმაზარ პოტენციალს ხედავენ:
"მე 22 წლის ახალგაზრდა ვარ, შესაბამისად მსგავს ტესტირებაში ჩართვას, საზოგადოებაზე არც ისე ტრივიალური, დადებითი შედეგის ქონა შეუძლია", — ამბობს როუზი.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-შიც და ბრიტანეთშიც ვაქცინის შემუშავება დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს და ვირუსის უსაფრთხო ინფექციური დოზის განსაზღვრაზე მეცნიერები აქტიურად მუშაობენ, ეიალი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი უფრო სწრაფად უნდა მიმდინარეობდეს, რათა მსოფლიოში ნაკლები სიცოცხლე დაიკარგოს.
კომენტარები