ნათია ნინიკელაშვილს თბილისში, ატენის ქუჩაზე მდებარე ფერმერთა ასოციაციაში ვხვდებით. ის ფერმერი არაა, თუმცა უკვე ხუთი წელია, მისი ცხოვრება თუშეთიდან ჩამოტანილი გუდის ყველის, ტრადიციული კახური ჩურჩხელებისა თუ ღვინის გარშემო ტრიალებს. ნათიას შექმნილი პლატფორმა Soplidan.ge თბილისის მოსახლეობას სოფლიდან ჩამოტანილი პროდუქტებით ამარაგებს.

E-commerce კომპანიის შექმნასა და ფლობაზე არასდროს უფიქრია, თუმცა Soplidan.ge-ს შესაქმნელად თითქოს ყველა საჭირო ინგრედიენტი თავისთავად შეიკრიბა. როცა დედა გახდა, შვილებისთვის დედა კახეთიდან მუდმივად უგზავნიდა ნატურალურ პროდუქტს, კვერცხს, მწვანილს, ქათამს. მალევე აღმოჩნდა, რომ იგივე უნდოდათ სხვა დედებსაც, და არა მარტო დედებს. ასე გადაწყდა ინოვაციური პლატფორმის შექმნა, რომელიც ქალაქში მცხოვრებ მომხმარებლებს სოფელში მცხოვრებ ფერმერებთან დააკავშირებდა.

ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში ნათიას მსგავსი მაგალითი ბევრია. მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინჟინერიის სფეროში საქართველოში ქალების 12%-ია დასაქმებული, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი არც გლობალური თვალსაზრისით არის მაღალი და დაახლოებით 30%-ს შეადგენს.

"კომპიუტერი და მათემატიკა არ არის ქალის საქმე", "ამ პროფესიაში რომელი გოგო მიდის", "ამ პოზიციაზე კაცის აყვანას ვამჯობინებთ"... ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპების გამო, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერომ ალბათ არაერთი წარმატებული კადრი დაკარგა.

საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში გოგონები ბიჭებს საბუნებისმეტყველო და მათემატიკის ტესტებში არ ჩამოუვარდებიან, მაგრამ ისინი აღარ აგრძელებენ სწავლას STEM საგნებზე პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

გოგონების რესურსი საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში სკოლიდან უმაღლეს სასწავლებლამდე გასავლელ გზაზე იკარგება. მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერა გაცილებით ნაკლებია გოგონების მიმართ საბუნებისმეტყველო და მათემატიკის დარგში სწავლის გაგრძელებისას. გარდა ამისა, ტექნოლოგიის სფეროებში დასაქმების კლიმატი ქალების მიმართ ცივი და მკაცრია.

ნათიამ კომპანია 2015 წელს დააარსა, მაშინ, როცა თვითონ იდეაც ინოვაცია იყო და ბაზარზეც მსგავსი სტარტაპი არ არსებობდა. ბიზნესის დასაწყებად მას და მის მეგობარს ჯამში მხოლოდ 3 000 ლარი ჰქონდათ.

"ვუთხარი ერთ ჩემს მეგობარ გოგოს და 1500-1500 ლარი შევაკოწიწეთ. თან არავის არაფერი ვუთხარით, ჩვენს ქმრებსაც კი, რადგან ვიფიქრეთ, რომ ახლა გვეტყვიან, სოფლიდან ჩამოიტანო პროდუქტები არა ის… მიხედეთ ამ სტაბილურ სამსახურს… ასე ჩუმად-ჩუმად ვაკეთეთ საქმე - ივნისში უკვე საიტი გვქონდა (800 ლარი გადავიხადეთ, მახსოვს), მალევე პროდუქტები ვიყიდეთ, დავაფასოეთ, გავამზადეთ. ამასობაში აგვისტო მოვიდა და აღმოვაჩინეთ, რომ სოფელში გამოლეულია ყველაფერი, ყველა რთველს ელოდება. ასე, გზადაგზა დაკვირვებით, დაფიქრებით, მანამდე ფეისბუქზე შევამზადეთ ხალხი და პირველ ოქტომბერს გავუშვით".

ნათია ნინიკელაშვილი, Soplidan.ge

Soplidan.ge-მ პირველივე დღეს მიიღო შეკვეთა და მას შემდეგ არ შეჩერებულა, თუმცა ნათიას ბევრჯერ დაუდგა ისეთი ეტაპი, როცა ბიზნესის განვითარებისათვის თანხის მოძიება შეუძლებელი ჩანდა.

ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა სტარტაპერებისთვის მთავარი პრობლემაა, ქართველი ქალებისთვის კი ეს კიდევ უფრო რთულია, რადგან ტრადიციულად ოჯახის მემკვიდრედ კაცი ითვლება. როცა ქალს ბიზნესის დასაწყებად პირობითად სესხის იღება უნდა, მისი უზრუნველყოფის გრაფა ცარიელია, შანსები კი – შესაბამისად დაბალი.

სწორედ ამიტომ, EU4Digital-მა ქვეყნებზე მორგებული სტრატეგიის შემუშავებისას საქართველოს შემთხვევაში ციფრული ინოვაციების კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დაისახა მიზნად.

ნათია გვიყვება, რომ კარგი განათლების მიუხედავად, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ბიზნესის კეთების გამოცდილება არ ჰქონდა და ეს პროცესი გაუკვალავ ბილიკზე სიარულს ჰგავდა:

"ყველაფერი მაინც გამოცდილებაა, მომხმრებელი თვითონ გკარნახობს, რა უნდა და თუ მოახერხე და კარგად მოუსმინე, მასთან ერთად სწორად იზრდები, სწორ გადაწყვეტილებებს იღებ და მარცხიც ნაკლებად გაშინებს", — გვეუბნება ნათია.

ყოველთვის ვეუბნები გოგოებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური დამოუკიდებლობა, ეს გაძლევს საშუალებას, რომ რაღაც რისკებზე წახვიდე, ისეთ რისკებზეც, რომლებიც შენს სიამოვნებას შეიძლება ემსახურებოდეს. შეგიძლია გარისკო და თქვა, რომ არაუშავს, თუ დაიკარგება, დაიკარგება.

ნათია ნინიკელაშვილი

ახლა, როცა კორონავირუსის გამო ადამიანების დიდი ნაწილი სახლშია ჩაკეტილი, Soplidan.ge-ის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. ბაზრები ნაწილობრივ დაკეტილია, შესაბამისად, ფერმერებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი პროდუქტის გასავრცელებლად ალტერნატიული გზები იპოვონ, მომხმარებლები კი ახლა უფრო მოუთმენლად ელიან პირდაპირ სოფლიდან ჩამოტანილ ჯანსაღ პროდუქტებს. როგორც ნათია ამბობს, ახლა კომპანიას დაახლოებით 400-ზე მეტი ფერმერი ამარაგებს, როცა თავიდან საიტზე სულ რაღაც 15 პროდუქტი იყო განთავსებული და ზოგჯერ ორი პროდუქტი ერთი ოჯახისგან მოჰქონდათ.

კომპანიას ყველა მიმწოდებლისთვის 3 მთავარი პლუსი აქვს:

  • "ფიქსირებული ფასი, მიუხედავად იმისა როგორ იზრდება ან იკლებს ფასი ბაზარზე, ამ ხალხმა იცის, რომ სულ ამ ფასს გადაუხდი;
  • თვითონ არ უწევთ ბაზარში წასვლა, დადგომა და პროდუქტის გაყიდვა;
  • ეს ხალხი გახდა ბრენდი, მათი სახელები გაიგო ყველამ."

Soplidan.ge-ში დასაქმებულების 60%-ს ქალები წარმოადგენენ და ნათიას მაგალითი მოწმობს, რომ იდეის ერთგულებითა და შრომით ნებისმიერ სფეროში შეიძლება წარმატების მიღწევა.

რატომ კეთდება ამხელა აქცენტი მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიებზე?

ტექნოლოგიური ინოვაცია სოციოეკონომიკური ცვლილებების მამოძრავებელი ძალაა. ის ქვეყნებს საშუალებას აძლევს, მთლიანად გადააწყონ ეკონომიკა და გლობალურ მოთამაშედ იქცნენ, გაიზარდონ უფრო სწრაფად, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და უკეთესი საცხოვრებელი პირობები შესთავაზონ საკუთარ მოქალაქეებს, თუმცა ტექნოლოგიების სფეროს მთავარი უპირატესობა მაინც ისაა, რომ ის ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებსაც ეხმარება ციფრული ტრანსფორმაციის გზით.

არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დათმოს არც ერთმა გოგომ ის ცოდნა და უნარები, რომელიც მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების ან ინჟინერიის მიმართულებით აქვს

ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი

ტექნოლოგიების სექტორი იზრდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებშიც, რომელთაც საქართველოც მიეკუთვნება. რეგიონში უამრავი ინოვაციური იდეა ჩნდება, რომელთაგანაც ზოგიერთი გლობალურ ბაზარზეც გადის, თუმცა ამ ქვეყნების მთავარი მინუსი ეკოსისტემის ნაკლოვანებებია. თუ ევროკავშირში 80 ბიზნეს ინკუბატორი და 150 აქსელერატორია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მხოლოდ 42 ინკუბატორი და 19 აქსელერატორია.

სტარტაპერები ხშირად ამბობენ, რომ მათ არ სჭირდებათ ხელშეწყობა მთავრობისაგან, თუმცა ამაში უმეტესად იმას გულისხმობენ, რომ მათ სურთ თავისუფალი სივრცე განვითარებისა და ინოვაციებისათვის, ისე, რომ ამაში ხელი არავინ შეუშალოს.

ინოვაციას შესაბამისი გარემო სჭირდება იმისთვის, რომ "აყვავდეს". ამაში იგულისხმება ცოდნისა თუ ფინანსების ხელმისაწვდომობა და შეცდომების დაშვების უფლება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა მოწესრიგდეს. ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და ეკოსისტემისათვის აუცილებელი მოთამაშეების არსებობა სტარტაპებსაც იცავს შეცდომებისაგან და ინვესტორებსაც მეტ გარანტიებს აძლევს. სხვა შემთხვევაში, ინოვატორები, რომლებიც ქვეყანაში განვითარების საშუალებას ვერ ხედავენ, ქვეყანას ტოვებენ და საკუთარ იდეებს სხვაგან ახორციელებენ.

რა ხდება განათლების სექტორში

საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში ჩართული ადამიანები ხშირად ცოდნას "ცდისა და შეცდომის მეთოდით" იძენენ. თუმცა, თუ აქამდე მათ დიდ ნაწილს დამოუკიდებლად დასჭირდა ყველაფრის შესწავლა, ეს სიტუაცია შეიძლება მალე შეიცვალოს. სტუდენტების ინტერესი ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ ყოველწლიურად იზრდება.

"ზოგადად საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი ძალიან დიდია და ამ მიმართულებით განათლების მიღებაც სულ უფრო და უფრო მეტ სტუდენტს სურს. საქართველო არ ჩამორჩება ამ მიმართულებით განვითარებულ სამყაროს და დაჩქარებულ ტემპში ნერგავს იმ ტექნოლოგიურ ტრენდებს, რაც მსოფლიოში არსებობს. ეს ტრენდები ძალიან სწრაფად იცვლება და შესაბამისად, ამ ცვლილებებთან ადაპტაციაც საკმაოდ სწრაფად ხორციელდება. ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკა რომ ნახოთ, ყველა უნივერსიტეტში, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამა ისწავლება, მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია", — აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე.

ნინო ენუქიძე, BTU

თუმცა, დაინტერესებულ სტუდენტთა შორის ქალთა წილი მაინც მცირეა.

“საინფორმაციო ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის მაჩვენებელი, დაახლოებით, 25%- ია და სწორედ ასეთი სურათია უნივერსიტეტებშიც - IT პროგრამებზე ბიჭ სტუდენტთა რაოდენობა ბევრად უფრო მეტია. ანალოგიური ვითარებაა შრომის ბაზარზეც”, — ამბობს ნინო ენუქიძე.

ეს მსოფლიოსთვის დიდი პრობლემაა. ტექნოლოგიები ყველა ინდუსტრიას ცვლის და მაშინ, როცა ასეთ კადრებზე დიდი მოთხოვნაა, არ შეიძლება, რომ ქალები ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ. ნინო იმასაც აღნიშნავს, რომ IT მიმართულებაზე გოგოებს ბიჭებზე უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, რაც გაცნობიერებულ არჩევანზე მიუთითებს.

"ვინაიდან საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ძალიან ცოტა გოგო სწავლობს, მათი გადაწყვეტილება არის საკმაოდ მტკიცე და გააზრებული. ისინი ბევრად უფრო მოტივირებულნი არიან, ვიდრე ბიჭები, იმის მიუხედავად, რომ გოგოებთან შედარებით ამ პროგრამაზე სამჯერ მეტი ბიჭი აბარებს".

ნინო ენუქიძის აზრით, მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად მაინც სტერეოტიპები უნდა მივიჩნიოთ. იმისთვის, რომ ქალს საკუთარი ტექნოლოგიური სტარტაპი ჰქონდეს, მან ერთდროულად რამდენიმე სტერეოტიპი უნდა დაანგრიოს, მათ შორის: ის, რომ კომპიუტერთან დაკავშირებული პროფესია არა არის ქალის საქმე, ინოვაციების გენერირება კაცების ძლიერი მხარეა და აგრეთვე ისიც, რომ ბიზნესს ქალი ვერ გაუძღვება.

ნინო ენუქიძე, BTU

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ამ გამოწვევის საპასუხოდ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შეიქმნა კოდინგის სკოლა ქალებისთვის, რომლის ფარგლებშიც ქალებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით შეუძლიათ პროგრამირების სწავლა. პირველ ეტაპზე თბილისიდან 30 ქალი შეირჩა, რომლებიც კურსის დასრულების შემდეგ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმდნენ. მომავალში კი ინიციატივას რეგიონიდანაც შემოუერთდებიან ქალები, რომლებიც შეძლებენ საქართველოდან იმუშაონ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ქალთა გასაძლიერებლად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ და ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის შეუფასებელი შესაძლებლობაა. უნივერსიტეტები აქტიურად არიან ჩართულნი იმაში, რომ სტარტაპებისათვის საჭირო ეკოსისტემა შეიქმნას.

"ტექნოლოგიებით დაინტერესებულ გოგონებს ვეტყოდი, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დათმონ ის ცოდნა და უნარები, რომელიც მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების ან ინჟინერიის მიმართულებით აქვთ. მთელი ცივილიზებული მსოფლიო მუშაობს იმაზე, რომ არ დაიჩრდილოს მათი ნიჭი და გამოცდილება და რასაც აკეთებენ, მხარდაჭერილი იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამიტომ, იმის მიუხედავად, რას ფიქრობს ოჯახი და საზოგადოება, ვურჩევდი, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რადგან ჩვენი მომავალი სწორედ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული", – ამბობს ნინო.

რას აკეთებს საქართველო ტექნოლოგიურ სფეროში ქალების ჩართულობის წასახალისებლად?

მარიამ ლაშხი, ტექნოპარკი

მარიამ ლაშხი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)-ს თავმჯდომარის მოადგილეა. თვითონაც ტექნოლოგიების კუთხით აქვს განათლება მიღებული და არაერთხელ წაწყდომია ამის გამო წინააღმდეგობას:

"ჩემს კურსზე მხოლოდ ერთი-ორი სტუდენტი გოგო ვიყავით. როცა ავირჩიე, ამ საქმეს გავყოლოდი, ყველას პირველი რეაქცია იყო, რა გინდა ბიჭის პროფესიაზეო. როცა IT სპეციალისტს ახსენებენ, ყველას სტერეოტიპულად ბიჭი წარმოუდგენია. ეს სტიგმა და სტერეოტიპები აუცილებლად არის დასარღვევი".

ახლა მარიამი სხვა ქალებს უწყობს ხელს იმაში, რომ მათი არჩევანი, ტექნოლოგიებში დაიწყონ მუშაობა. მისი ყოველდღიური საქმიანობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირებაა. ის სამ ძირითად ელემენტს გამოყოფს, რომელიც ქალების ჩართულობის გასაზრდელად უმნიშვნელოვანესია:

1. ცნობადობის ამაღლება

ამ კუთხით ყველაზე რთული მდგომარეობა საქართველოს რეგიონებშია. მარიამ ლაშხის თქმით, გოგოები ტრენინგებზე დასწრებასაც ვერ ბედავენ. ეს სტერეოტიპები ისევ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ აზროვნება შეიცვალოს. "მშობლები ხშირად ბავშვებს ეუბნებიან, "მორჩი კომპიუტერთან თამაშს და ნამდვილი საქმე იპოვე". ნამდვილ საქმედ კი მაგალითად ბანკში ოპერატორობა მიაჩნიათ, რომელიც, როგორც პოზიცია, სწორედ ტექნოლოგიური განვითარების გამო შეიძლება ხვალ და ზეგ აღარ არსებობდეს". მნიშვნელოვანია ქალი როლური მოდელების არსებობაც, რომლებიც აჩვენებენ პატარა გოგოებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

2. სოციუმის შექმნა

GITA ყოველ წელს ატარებს ღონისძიებებს, სადაც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ქალები ერთმანეთს ხვდებიან და გამოცდილებას უზიარებენ.

3. ქალთა მონაწილეობის წახალისება

ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა, როცა სტრატაპებს, რომელთა დამფუძნებლებიც ქალები არიან, მეტ შესაძლებლობაზე აქვთ წვდომა.

"ვუყურებდით ევროკავშირის მაგალითებს, თუნდაც ფინეთის. მათ კვოტირებებითა და წახალისებებით შეძლეს ის, რომ ქალებისთვის ტექნოლოგიებში მეგობრული გარემოა", — ამბობს მარიამ ლაშხი.

მარიამ ლაშხი, ტექნოპარკი

ფინეთში ქალი სტარტაპერების წილი 30%-ია, უახლოესი მიზანი კი ამ მაჩვენებლის 40%-მდე გაზრდაა. ფინეთმა ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის გასაზრდელად კომპლექსური პროგრამები განახორციელა, რომელთა შორისაც იყო ხელმისაწვდომი სესხები, გრანტები, მენტორობის პროგრამები, ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი რესურსების მიწოდება და პირველი აყვანილი თანამშრომლის ხელფასის დაფარვაც კი.

მარიამ ლაშხის თქმით, ევროკავშირთან ასოცირებისა და ყოვლისმომცველმა ხელშეკრულებამ საქართველოს მისცა შანსი, ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში მიეღო მონაწილეობა.

"უკიდურესად საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი ტიპის თანამშრომლობა. ევროკავშირისნაირი დონორის დახმარება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რადგან გარდა იმისა, რომ დამატებით ფინანსურ რესურსზე გვიჩნდება ხელმისაწვდომობა, ეს არის "ჭკვიანი" ფული. ის თავისუფლად კი არ იხარჯება, არამედ პირველ რიგში სტანდარტიზაცია ხდება. ვსწავლობთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ, რას უნდა მივაღწიოთ ამ დანახარჯით".

ევროკავშირი EU4Digital ინიციატივის საშუალებით ხელს უწყობს რეფორმებს და საქმიანობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კვლევის, სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ინიციატივა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევებს და საერთაშორისო ინვესტიციებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სტარტაპებს ევროკავშირის ბაზარს უხსნის და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილებს ქმნის.

ფოტო: EU4Digital

EU4Digital-ის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინოვაციების ექსპერტი ანნა პობოლი გვიყვება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ევროკავშირთან შედარებით, ქალებსა და კაცებს შორის საქმიანობის გადანაწილება არაპროპორციულია. ქალები დიდ დროს უთმობენ საოჯახო საქმეებს, პასუხისმგებელნი არიან ბავშვის აღზრდაზე, საჭმლის მომზადებაზე, ამას ემატება სამუშაო საათები, რომელიც ხშირად ზეგანაკვეთურია. შესაბამისად, ციფრული ეკონომიკის უფრო მეტად დაბალანსებულ, მომხმარებელზე-ორიენტირებულ და ინტელექტუალურად მდიდარ სფეროდ ჩამოყალიბებას ყოველდღიური, ცხოვრებისეული რუტინა ზღუდავს, რასაც ხშირად არსებული ცრურწმენები ახლავს თან.

"ქალების ჩართულობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეში ეკონომიკის გაძლიერება შეუძლია. არა იმიტომ, რომ უბრალოდ ქალები ემატებიან სამუშაო ძალას, არამედ იმიტომ, რომ ქალები საქმიანობას ახალ უნარებს მატებენ, რაც პროდუქტიულობასა და ზოგად ზრდას იწვევს", — აღნიშნავს ანნა.

ის ჩვენთან საუბრისას, აღნიშნავს, რომ რამდენიმე შემთხვევაზე დაკვირვებით შეუძლია თქვას, რომ ქალები ამ სფეროში კაცებთან შედარებით უფრო მეტად წინდახედულები არიან, წინასწარ აანალიზებენ შესაძლო რისკებს, განიხილავენ შესაძლო სცენარებს და მხოლოდ ამის შემდეგ დგამენ ნაბიჯებს. ისინი სფეროს სძენენ მეტ კრეატიულ ელემენტებს, მიდგომებს, ემოციურობას და კონფლიქტების გადაჭრისკენ არიან ორიენტირებულები.

ანნა ამბობს, რომ გარკვეულ სფეროებში, მაგალითად ციფრული ფინანსების დარგში, საქართველო რეგიონის ლიდერია და აქ არსებულ კომპანიებს, მათ შორის სტარტაპებს, აქვთ შესაძლებლობა, დიდ გლობალურ კომპანიებად იქცნენ.

სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ იმ ბავშვების 65%, რომლებიც ამჟამად დაბალ კლასებში სწავლობენ, მომავალში ისეთ პროფესიებში დასაქმდებიან, რომლებიც სწორედ ტექნოლოგიებთან და მეცნიერებასთან არის დაკავშირებული. ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამებისა და სტარტაპ-ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად კი, ამ პროცესს არც ქართველი ქალები გამოაკლდებიან.

პროგრამის EU4Digital მიზანია ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობების გავრცელება აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში, ევროკავშირის მხარდაჭერის მიმართვით ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების პოტენციალის შექმნაზე; აღნიშნულის შედეგი იქნება ეკონომიკური ზრდა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება და ბიზნესის დახმარება საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, სომხეთსა და უკრაინაში.
გაიგეთ მეტი პროგრამის EU4Digital შესახებ ვებსაიტზე eufordigital.eu