ახალმა კვლევამ პლაქვენილით მკურნალობისას უფრო მაღალი სიკვდილიანობა აჩვენა — COVID-19
ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც ჰიდროქლოროქინს (პლაქვენილს) იღებდნენ სიკვდილიანობის უფრო მაღალი დონე აღენიშნებოდათ, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც მედიკამენტს არ იღებდნენ. კვლევაში მონაწილეობას აშშ-ის ვეტერანთა ჯანდაცვის ადმინისტრაციის სამედიცინო ცენტრებიდან 368 პაციენტი იღებდა.
97 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში, რომელშიც პაციენტებს ჰიდროქლოროქინით მკურნალობდნენ, სიკვიდილიანობის დონე 27,8% იყო. ხოლო 158 პაციენტისგან შემდგარ ჯგუფში, სადაც მედიკამენტს არ იყენებდნენ, სიკვდილიანობის დონე 11,4% იყო.
"ეს დასკვნები ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია დაველოდოთ ამ პრეპარატის მიმართ რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების შედეგებს, ვიდრე ამ პრეპარატებს ფართო მოხმარებაში დავნერგავთ", — აცხადებენ კვლევის ავტორები.
მკვლევრები ასევე აკვირდებოდნენ, ჰქონდა თუ არა ეფექტი პაციენტისთვის სასუნთქი აპარატის საჭიროებაზე ჰიდროქლოროქინისა და აზითრომიცინის ნარევის ან მხოლოდ ჰიდროქლოროქინის მიღებას.
"ამ კვლევაში ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ ჰიდროქლოროქინით ან მისი აზითრომიცინთან კომბინირებით მკურნალობის შემთხვევაში, სასუნთქი აპარატების საჭიროება COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში არ გაზრდილა", — წერენ კვლევის ავტორები.
ამჟამად აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ COVID-19-ის სამკურნალოდ არანაირი პროდუქტი დამტკიცბული არაა, თუმცა კვლევები უამრავ მედიკამენტზე მიმდინარეობს.
ჰიდროქლოროქინი ათწლეულების განმავლობაში ისეთი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, როგორიცაა მალარია და რევმატოიდული ართრიტი.
კიდევ ერთ ახალ კვლევაში, ფრანგმა მკვლევრებმა სამედიცინო ჩანაწერების განხილვა დაიწყეს. COVID-19-ით ინფიცირებული 181 პაციენტიდან, რომლებსაც აღენიშნებოდათ პნევმონია და დამატებით ჟანგბადს საჭიროებდნენ, დაახლოებით ნახევარს ჰიდროქლოროქინით უმკურნალეს. შედეგად, ორ ჯგუფის სიკვიდილანობის მაჩვენებელს შორის მნიშვნელოვანი სტატისტიკური განსხვავება არ დაფიქსირებულა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რვა პაციენტს, რომლებმაც მედიკამენტი მიიღეს, გულთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.
აღნიშნული კვლევა სამედიცონო ჟურნალში ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, რაც შეეხება აშშ-ის კვლევას, იგი 21 აპრილს პრეპრინტ სერვერზე, medRxiv.org-ზე გამოქვეყნდა.
კომენტარები