"უცხოპლანეტელ" კომეტას უცნაური შემადგენლობა აღმოაჩნდა
ასტრონომებმა ვარსკვლავთშორის კომეტა 2I/Borisov-ში, რომელიც ჩვენს მზის სისტემას გასულ წელს ესტუმრა, უჩვეულო ქიმიური ნაერთები აღმოაჩინეს. აღმოჩენა კი იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ სად წარმოქმნა ეს მოგზაური კოსმოსური ქვა.
2I/Borisov 2019 წლის 30 აგვისტოს მოყვარულმა ასტრონომმა, გენადი ბორისოვმა აღმოაჩინა. ხოლო 2019 წლის დეკემბერში ასტრონომებმა კომეტის დათვალიერება ჩილეში მდებარე გიგანტური რადიოტელესკოპის მეშვეობით დაიწყეს.
ახალ კვლევაში, რომელშიც მკვლევრების საერთაშორისო გუნდი მონაწილეობდა და რომელსაც NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის მეცნიერები, მარტინ კორდინერი და სტეფანი მილამი ხელმძღვანელობდნენ, კომეტა ქიმიურად გააანალიზეს.
როგორც აღმოჩნდა, აირი, რომელიც კომეტიდან იფრქვევა იმაზე მეტ ნახშირბადის მონოქსიდს (CO) შეიცავს, ვიდრე ეს სხვა მზესთან ახლოს მყოფ კომეტებში შეუმჩნევიათ. CO-ს კონცენტრაცია მზის სისტემის კომეტებში არსებულ CO-ს კონცენტრაციაზე დაახლოებით 26-ჯერ მეტია.
ტელესკოპის მეშვეობით გუნდმა CO-ის გარდა წყალბადციანმჟავის (HCN) დაფიქსირებაც შეძლო. HCN-ის რაოდენობა 21/Borisov-ში ისეთივეა, როგორც მზის სისტემაში ნაპოვნს სხვა კომეტებში. რაც შეეხება CO-ის მოულოდნელად მაღალ მაჩვენებელს, იგი ასტრონომებისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო და მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება კომეტის წარმომავლობა გავიგოთ.
"კომეტა CO-თი მდიდარი ნივთიერებისგან უნდა წარმოქმნილიყო. მსგავსი ნივთიერებები კოსმოში მხოლოდ ყველაზე დაბალ ტემპერატურაზეა წარმოდგენილი — მინუს 250 გრადუს ცელსიუსზე", — განაცხადა სტეფანი მილამმა.
"თუკი ის აირები, რომლებსაც ვაკვირდებოდით, 21/Borisov-ის დაბადების ადგილის ქიმიურ კომპოზიციას ასახავს, გამოდის, რომ იგი ჩვენს მზის სისტემაში ფორმირებულ კომეტებთან შედარებით განსხვავებულად, ექსტრემალურ სიცივეში შეიქმნა", — აცხადებს კორდინერი.
ასტრონომებმა ჯერჯერობით არ იციან, რომელი ვარსკვლავის გარშემო შეიქმნა კომეტა, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი უფრო დიდი პროტოპლანეტარული დისკის ცივი რეგიონიდან უნდა იყოს.
21/Borisov საკმაოდ სწრაფად გადაადგილდებოდა (33 კილომეტრი წამში), როდესაც ჩვენს მზის სისტემაში მოხვდა. მკვლევრები ფიქრობენ, რომ რომელი სისტემიდანაც არ უნდა მოსულიყო ის, იგი მას გრავიტაციისა ან გამვლელი ვარსკვლავისა ან პლანეტის მეშვეობით მოსწყდა. კოსმოსში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ კი კომეტა ჩვენს მზის სისტემაში აღმოჩნდა.
ახალი კვლევით ასტრონომები მხოლოდ 21/Borisov-ის შესაძლო წარმომავლობას არ იკვლევენ, ისინი ასევე ვარსკვლავთშორისი ობიექტებისა და სხვა პლანეტარული სისტემების შესახებაც სწავლობენ.
სამომავლო კვლევები და სხვა უცხო კომეტებზე დაკვირვება კი იმის საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ 21/Borisov და მისი უჩვეულო ქიმიური სტრუქტურა მსგავსი ობიექტებისთვის დამახასიათებელია თუ არა.
"როდესაც მას სხვა ვარსკვლავთშორის კომეტებს შევადარებთ, გავიგებთ იგი უნიკალური შემთხვევაა, თუ სხვა ყველა მისნაირს CO-ს მაღალი კონცენტრაცია ახასიათებს", — თქვა მილამმა.
კვლევა 20 აპრილს ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები