5 ათასი წლის ეგვიპტური სამარხი ვირტუალური ტურისთვის გაიხსნა
ეგვიპტის უძველესი საოცრებები დღეს სტუმრებს ვერ იღებს, მაგრამ ეს სამეფო სამარხი ერთ-ერთია იმ ოთხი ღირშესანიშნაობიდან, რომელიც 3D მოდელირების გზით დამთვალიერებელს სიძველეების აღმაფრთოვანებელ ხედებს სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს.
რაც უნდა ბევრი ნაკლი ჰქონდეს იზოლაციას, ფაქტია, რომ ის აღმოჩენებსაც ხელს უწყობს. გასულ კვირას ეგვიპტის ტურიზმის საბჭომ მსოფლიო მერესანხ III-ის 5 ათასი წლის წინანდელ სამარხში მიიწვია. ჩვეული 50 ეგვიპტური ფუნტის მაგივრად (რაც, დაახლოებით, 10 ლარია), თქვენ ამჯერად უფასოდ შეძლებთ აკლდამაში შესვლას, თან ისე, რომ დათვალიერებაში ხელს არც ერთი ტურისტული ჯგუფი არ შეგიშლით.
ეს ტური ერთ-ერთია ეგვიპტურ ისტორიულ ღირშესანიშნაობათა დასათვალიერებლად მოწყობილი იმ ოთხი ექსკურსიიდან, რომელში მონაწილეობას კარანტინის დროსაც შეძლებთ. ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ეს 3D მოდელირება რეალური მოგზაურობის განცდას ტოვებს. მისი საშუალებით, სულ რაღაც ერთი დაკლიკებით ეგვიპტის ამ ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სამარხის არა მარტო სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციის ნახვას მოახერხებთ, არამედ — ისტორიულ ინფორმაციასაც გაეცნობით. უბრალოდ, გათბობა მაქსიმუმზე აწიეთ და თავს ნამდვილ უდაბნოში იგრძნობთ.
სამარხი 1927 წელს ჯორჯ რაისნერმა აღმოაჩინა. იეროგლიფების მიხედვით, ის მერესანხ III-ს ეკუთვნის, რომელიც მეოთხე დინასტიის პრინც კავაბისა და ჰეტეპჰერეს II-ის შვილი და, ამასთან, დიადი პირამიდების მშენებლის, ხეოფსის შვილიშვილი იყო. ამერიკელი არქეოლოგი სამარხში აღმოჩენილი მოხატულობათა ხარისხით გაოცებული დარჩა. "არც ერთ ჩვენგანს აქამდე მსგავსი ნამუშევარი არ უნახავს", — დაწერა რაიზნერმა სახვითი ხელოვნების მუზეუმის ბიულეტენში.
შესასვლელის ორივე მხარეს ბარელიეფებს შეამჩნევთ, რომლებიც 5 ათასწლიანი პიგმენტებითაა გაფერადებული. თქვენ აქ ნახავთ სკულპტორებს, რომლებიც სამარხისთვის საჭირო მონუმენტებს ჭრიან; მონადირეებს, რომლებიც წყლის ფრინველებს იჭერენ; და მოსამსახურეებს, რომელთაც კალათით მერესანხისთვის საიქიოდ გასატანებელი ძღვენი მიაქვთ. ეს სურათი 5 ათასი წლის წინანდელ ცხოვრებას აღწერს.
სამარხის შესასვლელიდან დასავლეთით თავად დედოფლის ქანდაკებაა წარმოდგენილი, რომელსაც თეთრი სამოსი აცვია და დედის მხარდამხარ დგას. ძველმა ეგვიპტელებმა დასავლეთითვე ჩამავალი მზე გამოსახეს როგორც მკვდართა სამყაროკენ მიმავალი გზა. იმ მცხობელების ქვეშ კი, რომლებიც სამკუთხოვან საკვებს ამზადებენ, ხის კიბე სამარხის შიგნეულობისკენ მიგვიძღვის.
ერთადერთი მელოდია, რომელიც ამ კიბეზე ხუთი მეტრით დაბლა, საფლავისკენ დაშვებისას უნდა გაისმოდეს, ალბთ ინდიანა ჯონსის საუნდტრეკია. კედლებზე საჭრისით მუშაობის კვალი ჯერ კიდევ შესამჩნევია. მაგრამ ნელ-ნელა სინათლე ქრება და ადგილს ბინდისებრ სიბნელეს უთმობს. გზას დაბალჭერიან შესასვლელში შევყავართ და ჩვენ სწორედ იმ საკანში ვყოფთ თავს, სადაც რაისნერმა შავი გრანიტის სარკოფაგი აღმოაჩინა.
ეს ტური იმისთვისაცაა, რომ დამთვალიერებელს სულთან ბარკუკის იმ მეჩეთ-მედრესეს ასევე ვირტუალურად მონახულების სურვილი აღუძრას, რომელსაც სულთან ჰასანის მეჩეთ-მედრესესკენ მიმავალი ტურისტები ხშირად და ერთობ უსამართლოდ უყურადღებოდ ტოვებენ ხოლმე. კაიროს ისტორიულ ქუჩაზე არსებული მეთოთხმეტე საუკუნის შარია ალ მუიზის რელიგიური სკოლა შუასაუკუნეების ეპოქაში ქალაქის დიდებულებაზე მიანიშნებს. კაირო იმ დროს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო, რამაც მისი აყვავება გამოიწვია.
მესამე ვირტუალური ტურის საშუალებით ზემო ეგვიპტის წითელი კოპტური მონასტრის დათვალიერება შეგიძლიათ, რომლის კედლებიც კოპტების წმინდანების საუცხოო ფრესკებითაა მოხატული. ბოლოს კი, თქვენ ბენ ეზრას სინაგოგაში მოხვედრის შანსიც გეძლევათ, რომელიც, გადმოცემის თანახმად, სწორედ ის ადგილია, სადაც ყრმა მოსე იპოვეს.
ეგვიპტის ამ ოთხი დიდებული სანახაობის დათვალიერება სულ რაღაც ერთ საათშია შესაძლებელი. როგორც აღმოჩნდა, იზოლაციასაც ჰქონია კარგი მხარეები.
კომენტარები