25 მარტს ტაილანდის სამედიცინო სერვისების დეპარტამენტის დირექტორმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის იუწყებოდა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები ინფექციის რისკს არ წარმოადგენდნენ. დეპარტამენტის ამ ცნობას, ბევრი პათოლოგი სკეპტიციზმით შეხვდა.

13 აპრილს გამართლდა ეჭვი, რომ COVID-19 სიკვდილის შემდეგაც გადამდებია. დაავადების გვამიდან გავრცელება ტაილანდში დაფიქსირდა.

Journal of Forensic and Legal Medicine-ის კვლევის მიხედვით, COVID-19-ის ინფექციით, ტაილანდის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის წარმომადგენელი დაინფიცირდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ტაილანდში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა დაავადების გავრცელების ერთ-ერთი პირველი კერა გახდა, ახალი კორონავირუსის 2 579 დადასტურებული შემთხვევაა.

ჯონ ჯეის კოლეჯის პათოლოგი ანჯელიკ კორთალსი ამბობს, რომ "დამატებითი სიფრთხილე სამედიცინო პერსონალის გარდა, მორგის ტექნიკოსებს და დაკრძალვის ბიუროებში მომუშავეებსაც სჭირდებათ".

ამ დროისთვის დანამდვილებით არავინ იცის, რამდენი ხნის მანძილზე წარმოადგენს COVID-19-ის მქონე გარდაცვლილი ადამიანი ინფექციის გავრცელების რისკს.

ებოლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვირუსია, რომლის გარდაცვლილისგან გავრცელებაც საკმაოდ მარტივია. WHO-ს ებოლას, ჰეპატიტის და ქოლერას მატარებელ გვამებთან მოპყრობის სპეციალური ინსტრუქციები აქვს, თუმცა იგივე ინფორმაცია კორონავირუსზე არ მოიპოვება.

"ნებისმიერი კონტაქტი COVID-19 დადებით სხეულთან, გარდაცვლილი იქნება ის თუ ცოცხალი, ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, უსაფრთხოების ზომების დაცვას საჭიროებს", —ა მბობს ჯანდაცვის ექსპერტი სამერ ჯონსონ მაკჯი. "ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ხალხზე, რომლებიც გარდაცვლილებზე ზრუნავენ".

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად 27 მარტს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის სპეციალური წესები გამოაქვეყნა.