HAUL – ნეირონული ქსელი, როგორც მოლარე
სტატიაში გაგაცნობთ Alt Mind-ს და მათ პროექტს, სახელწოდებით HAUL.
პრობლემა: ხალხმრავლობა მაღაზიებში
სტარტაპის ამოცანაა COVID-19-ის პირობებში შეამციროს მაღაზიებთან შექმნილი რიგები, რაც, იდეის ავტორების თქმით, სურსათზე გაზრდილ მოთხოვნილებას და აუთვისებელ სალაროებს უკავშირდება.
"გადავწყვიტეთ შეგვექმნა თვითანგარიშსწორების სისტემა, რომელიც აითვისებდა გამოუყენებელ რესურსს ადამინის ჩართულობის გარეშე და მომავლისთვისაც შექმნიდა განვითარებულ, ინოვაციურ და მომხმარებელზე მორგებულ გადახდის სისტემას",— აცხადებს Alt Mind-ის თანადამფუძნებელი ერეკელე შიშნიაშვილი.
გადაწყვეტა: თვითანგარიშსწორების სისტემა
HAUL წარმოადგენს თვითმომსახურებადი გადახდის დახლს მოლარის გარეშე, რომელშიც ანგარიშსწორება QR კოდის გამოყენებით ხორციელდება: "მოხმარებელი თავისით, შტრიხ კოდების გამოყენებით გაატარებს ყველა პროდუქტს და მარტივად, ბარათის ან აპლიკაციაში ჩაშენებული QR სისტემის გამოყენებით გადაიხდის" — ყვება ერეკლე.
მარტივი კიოსკის მისაღებად ახალი თვითანგარიშსწორების სისტემა ნეირონული ქსელის და ბარკოდ სკანერის გამოყენებით მუშაობს, თუმცა აღნიშნული პროდუქტის ანგარიშსწორება ერთადერთი შესაძლებლობა როდია: "აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ დანერგილი ნეირონული ქსელებით ვქმნით ძარცვის საწინააღმდეგო სისტემას, სალაროსთან მოტანილი პროდუქციის ანალიზითა და გატარებულ პროდუქტთან შედარებით. ამავდროულად Haul აძლევს მომხარებელს უკონტაქტო QR ანგარიშსწორების საშუალებას."— განმარტავს ერეკლე.
იდეის ავტორები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო ბაზარზე მსგავსი გადაწყვეტა აქტიურად გამოიყენება, თუმცა დაცვის მექანიზმი, რომელიც ახალ სისტემას გააჩნია განსხვავებულია, რითაც კიოსკი სრულიად დამოკიდებელია და არ საჭიროებს ადამიანური რესურსის ჩართვას: "ჩვენ გვსურს ეს პრობლემა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გადავჭრათ. კამერის გამოყენებით ამოვიცნობთ პროდუქტებს და შევადარებთ მათ შტრიხკოდით გატარებულ პროდუქტთან, რაც არ მისცემს მომხმარებელს საშუალებას პროდუქტი შტრიხკოდის გატარების გარეშე მიითვისოს. მომხმარებლის მხრიდან პროდუქციის მითვისების შემთხვევაში კი სიგნალიზაცია გააქტიურდება."
გუნდის წევრების თქმით, პროექტი რამდენიმე კვირაში სატესტო რეჟიმში ჩაეშვება, ხოლო მისი შესაძლებლობების გაუმჯობესება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაგალითისთვის, სტარტაპი ამჟამად სამომხმარებლო გამოცდილების გამარტივებაზე და ე.წ know your customer შესაძლებლობაზე მუშაობს, რომლის საშუალებითაც კიოსკს ეცოდინება რა პროდუქტი აინტერესებს მომხმარებელს ყველაზე მეტად.
Alt Mind
Alt Mind-ი საკუთარი არსებობის მოკლე პერიოდში ძირითადად ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ არსებულ იდეებზე მუშაობდა. სტარტაპის კიდევ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია Alt-Style, რომელიც მომხმარებელს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის გამოყენებით გადაღებული სურათების ქართული მხატვრების სტილის ნამუშევარში გარდაქმნაში ეხმარება. აღნიშნული სერვისით 5 დღეში 1 500 სურათი გარდაიქმნა. კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიასთან თანამშრომლობით განხორციელდა და უკავშირდება ცემენტისა და ბეტონის ხარისხის და სიმტკიცის სწრაფ შემოწმებას.
"...გვაქვს დიდი გეგმები და ვაპირებთ ვიმუშაოთ ბევრ კომპლექსურ და გამოსადეგ პროექტზე."
კომენტარები