ავსტრალიურმა სტარტაპმა Cortical Labs ადამიანისა და თაგვების ნეირონები კომპიუტერული ჩიპების შესაქმნელად გამოიყენა.

სტარტაპის გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათ მიერ შექმნილი ჰიბრიდული ტვინები ამჟამინდელ AI სისტემებთან შედარებით, ბევრად უფრო ეკონომიური იქნება.

მოწყობილობის შესაქმნელად სტარტაპმა ორი მეთოდი გამოიყენა: ერთ შემთხვევაში თაგვების ნეირონები, ხოლო მეორე შემთხვევაში ტექნიკა, რომლის დროსაც ადამიანის კანის უჯრედები ღეროვან უჯრედებად გარდაიქმნება, შემდეგ კი მათ ნეირონებად ზრდიან. შემდეგ, აღნიშნული ნეირონები სპეციალურ ჩიპებზე ჩააშენეს, რომლებიც 22 000 ელექტროდს შეიცავდნენ.

სტარტაპის დამფუძნებლის, ჰო ჩონგის თქმით, ჰიბრიდულმა ჩიპებმა, შესაძლოა, ისეთი მსჯელობის უნარი შეიძინონ, რაც დღევანდელ ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია. მეთოდმა ასევე, შესაძლოა, ღრმა დასწავლის საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემის, ექსტრემალურად ბევრი ენერგიის გამოყენების მოგვარებაც შეძლოს.

AlphaGo, DeepMind-ის მიერ შექმნილი ღრმა დასწავლის სისტემა, რომელიც Go-ს სათამაშოდ შექიმნა და 2016 წელს თამაშის საუკეთესო მოთამაშე ადამიანი დაამარცხა, თამაშის მსვლელობისას ერთი მეგავატი ენერგია გამოიყენა. აღნიშნული ენერგიით კი ერთი დღით ასი სახლის მომარაგებაა შესაძლებელი. შესადარებლად, ადამიანის ტვინი დაახლოებით 20 ვატს იყენებს, 50 000-ჯერ ნაკლებს, ვიდრე AlphaGo იყენებდა.

პროგრამულ ნეირონულ ქსელებთან შედარებით ნამდვილი ნეირონების გამოყენებას თავისი უპირატესობები აქვს. პროგრამული ქსელის გამოყენებისას პროგრამისტებს მისი ფუნქციონირებისთვის საქმის საკამოდ დიდი ნაწილის ხელით შესრულება უწევთ, რაც ნამდვილად შრომატევადი პროცესია. კიდევ ერთი გამოწვევა კი ისაა, რომ პროგრამამ პრობლემის მოგვარების ახალი გზების ძიებასა და უკვე აღმოჩენილ გადაწყვეტის მეთოდებს შორის ბალანსი იპოვოს, რაც ხანდახან ვერ ხერხდება. ხოლო როდესაც პროგრამის მაგივრად სისტემა ბიოლოგიურ ნეირონებზეა დაფუძნებული, აღნიშნული პრობლემები თავს აღარ იჩენს.

თაგვის ნეირონებს ნეირომეცნიერები სხვადასხვა ექსპერიმენტისთვის დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ, კანის უჯრედებიდან ნეირონების გამოყვანა კი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გახდა შესაძლებელი. ახლახან გაირკვა, რომ ცილები, რომლებიც ადამიანებისა და თაგვების ნეირონების გარე საფარს წარმოადგენს, განსხვავდება. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ისინი ელექტრულადაც განსხვავებულები არიან. ამან კი, შესაძლოა, გარკვეულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს.

Cortical Labs ერთადერთი არაა, რომელიც მსგავს სისტემებზე მუშაობს. სტარტაპმა Koniku-მ თაგვების ნეირონების გამოყენებით ისეთი ჩიპი შექმნა, რომელსაც სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების ყნოსვით ამოცნობა შეუძლია. კომპანიას ჩიპების დრონებში გამოყენება სურს, რათა მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების პოვნა მარტივად შეძლონ.