დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 134-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულთა რიცხვი ბოლო სამ საათში 3-ით გაიზარდა. ის ვებგვერდ StopCov.ge-ზე განახლდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული ისევ 26 პირია, ხოლო კარანტინის რეჟიმში 5 550 რჩება. ასევე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 281 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთი ახალი დამატებული პაციენტი არის აქამდე დაინფიცირებული 10 წლის მოზარდის მშობელი, რომელსაც ვირუსზე ტესტი დილით აუღეს. ეზუგბაიას თქმით, მათთან ჯამში 39 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

დღეს, 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი შესაბამის სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უკვე გადაიყვანეს. ეროვნული ბანკის ცნობით, ინფიცირებულები სამკურნალო პროცედურებს გადიან და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, მთავრობამ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ონლაინ ვაჭრობა აღარ შეიზღუდება. ახალი დოკუმენტით, ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს განსაზღვრავს. მასში ვკითხულობთ, რომ დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, დისტანციურად, მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად.

დადგენილება განმარტავს დისტანციური მუშაობასაც, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე, სამუშაო ადგილიდან, მათ შორის სამსახურიდან, ოფისიდან სადაც იქნება მაქსიმუმ 5 ადამიანი.

30 მარტს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა რომ, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.