On.ge შეეცადა სხვადასხვა კომპანიაში გაერკვია, როგორ უნდა მივიდნენ თანამშრომლები სამსახურამდე და სამსახურიდან სახლში.

სუპერმარკეტები

ქვეყანაში სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელი სპარ საქართველოს აქვს. კომპანია აერთიანებს მარკეტებს ორი სახელწოდებით: სპარი და იოლი. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით 300-მდე მაღაზიას ფლობენ.

On.ge-ს კომპანიაში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ზუსტი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან კომენდანტის საათის შესახებ გუშინ, 30 მარტს გაიგეს. სპარის მმართველი დირექტორის, მირანდა მანჯგალაძის თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თანამშრომლების ტრანსპორტირება უფასოდ უზრუნველყონ.

"ვმუშაობთ იმაზე, რომ გადავაწყოთ საშტატო, მოველაპარაკოთ ტაქსებს და მივიყვანოთ თანამშრომლები ადგილამდე ისე, რომ არ დავარღვიოთ კომენდანტის საათი. ეს არის მთავარი ამოცანა და გამოწვევა. ეს იქნება დამატებითი ტრანსპორტირების ხარჯი კომპანიისთვის, რომელიც ყველა სხვა ხარჯთან ერთად ნამდვილად აფერხებს ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას", — ამბობს ის.

კითხვას, რა იგულისხმება "საშტატოს გადაწყობაში" და შეიძლება თუ არა ეს ნიშნავდეს იმას, რომ რომელიმე თანამშრომელს გაათავისუფლებენ ან უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ, მანჯგალაძე უარყოფითად პასუხობს. ის ამბობს, რომ არც ერთ თანამშრომელს უხელფასო შვებულებაში არ გაუშვებენ და ცდილობენ არსებული რესურსი სხვადასხვა მაღაზიაში გადაანაწილონ ისე, რომ სამსახური ყველამ შეინარჩუნოს.

სპარ საქართველოს მმართველი დირექტორი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება კომპანიებისთვის მიკროავტობუსითა და ავტობუსით, მაგრამ ყველა რეკომენდაციის დაცვით თანამშრომლების გადაყვანას დაუშვებს.

"თუნდაც ისე, რომ თანამშრომელი ეკიპირებული, ან ორმეტრიანი დისტანციის დაცვით იყოს. ხომ წარმოგიდგენიათ, სამი ადამიანის ინდივიდუალურად სამას მაღაზიაში მიყვანა ხარჯის კუთხით. როცა სახელმწიფო გვავალდებულებს, რომ მაღაზიებმა ოპერირება უნდა განაგრძონ, არ უნდა იყოს იმხელა ხარჯი, რომ ვერ შევძლოთ გამკლავება და ოპერირება", — ამბობს მირანდა მანჯგალაძე.

300-ზე მეტ მაღაზიას ფლობს ნიკორაც, სადაც 6 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. დღეს Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ თანამშრომლებს ტრანსპორტირებაზე უარი უთხრა და ისინი სამსახურში საკუთარი სახსრებით მივიდნენ.

ნიკორას წარმომადგენელი On.ge-სთან ამბობს, რომ შესაძლოა, დღეს "გარკვეული ლაფსუსები" იყო, თუმცა კომპანიას დასაქმებულების ტრანსპორტირების ხარჯები ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან აქვს გათვლილი.

"რამდენიმე მსხვილ სატრანსპორტო ორგანიზაციასთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თანამშრომლების ტრანსპორტირება კომპანიის ხარჯებით ხდება ნებისმიერი წერტილიდან", — ამბობენ ნიკორაში.

მათივე ინფორმაციით, ბევრი თანამშრომელი სამსახურში თბილისის შემოგარენიდან დადის და რადგან მიკროავტობუსებით გადაადგილება აქამდეც შეზღუდული იყო, მიკროავტობუსები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგვე დანიშნეს.

"ყველა ხარჯს სრულად აანაზღაურებს კომპანია, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ", — ამბობენ ნიკორაში.

ფოტო: shutterstock

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მთავრობისგან შესაბამის ნებართვას ელოდებიან, რათა დასაქმებულები ავტობუსებით გადაიყვანონ, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება დაცული.

ქვეყნის მასშტაბით ბევრი მაღაზია აქვს კიდევ ერთ კომპანიას, ორ ნაბიჯს. On.ge მათთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, მათ შორის სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. ასევე, კომპანიის წარმომადგენელს გავუგზავნეთ კითხვები, თუმცა, უშედეგოდ — პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

სუპერმარკეტების მსხვილი ქსელია მაგნიტიც. კომპანია ქვეყანაში 213 ფილიალს ფლობს. On.ge-ს მაგნიტში უთხრეს, რომ თანამშრომლების უმეტესობის ტრანსპორტირებას უფასოდ უზრუნველყოფენ.

"ამასთან, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში, მაგნიტის ფილიალებში მომუშავე ყველა თანამშრომელი 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებს", — ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, ია ნადირაშვილი.

დასაქმებულების უფასოდ ტრანსპორტირების პირობას დებს კარფურიც. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არკვევენ, როგორ უნდა მიიღონ ნებართვები. ისინი ქვეყნის მასშტაბით 19 მაღაზიას ფლობენ.

"გუშინვე გამოვაცხადეთ, რომ დღეს იქნებოდა გამონაკლისი და მაღაზია გაიხსნებოდა ბევრად უფრო გვიან და იმუშავებდა 11-დან 6-მდე. დილიდან ვერ მოვასწარით ყველაფრის უზრუნველყოფა, ამიტომ დაგვიანდა თანამშრომლების მოყვანა. როგორც კი იქნება ყველა საჭირო ნებართვა, ყველა კანონის გათვალისწინებით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ვთანამშრომლობთ სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელიც აქამდეც გვემსახურებოდა. შეიცვალა ის, რომ თუ აქამდე გვჭირდებოდა ნაკლები მანქანა, ახლა დაგვჭირდება მეტი. ამაში ფულს არც ერთი თანამშრომელი არ გადაიხდის", — აცხადებს ნინო რამიშვილი, კარფურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

გუდვილშიც ამბობენ, რომ იმ თანამშრომლების ტრანსპორტირებას, რომლებსაც მანქანა არ ჰყავთ, თავად უზრუნველყოფენ და დასაქმებულებს ყველა რეკომენდაციის დაცვით გადაიყვანენ.

თანამშრომლებს უფასოდ მიიყვანს აგროჰაბიც, რომელსაც სამი მაღაზია აქვს — ორი თბილისში და ერთი ბათუმში.

"მცირე ქაოტურობა იყო, მაგრამ დავლაგდით. საგანგებო მდგომარეობის დროს, როცა სამარშუტო ტაქსები შეიზღუდა, დავიწყეთ ამაზე ზრუნვა დაა მეტ-ნაკლებად მომზადებულები შევხვდით", — უთხრეს On.ge-ს კომპანიაში.

აუნაზღაურებენ თუ არა ტრანსპორტირების ხარჯს დასაქმებულებს, არ აკონკრეტებენ ფრესკოში, რომელიც 8 მაღაზიას ფლობს. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მუშაობენ იმისთვის, რათა ფუნქციონირება უწყვეტ რეჟიმში, თუმცა განახლებული გრაფიკით გააგრძელონ.

"როგორ და რანაირად, ეს უკვე კომპანიის შიდა ინფორმაციაა და არ ვასაჯაროებთ", — უთხრეს On.ge-ს ფრესკოში.

აფთიაქები

ფოტო: iStock

როგორც აღმოჩნდა, აფთიაქები კარანტინს მომზადებულები შეხვდნენ. თითქმის ყველა ქსელურ აფთიაქში გვითხრეს, რომ თანამშრომლების ტრანსპორტირებას აქამდეც უზრუნველყოფდნენ.

PSP-ში, რომელიც 240-მდე აფთიაქს ფლობს, ამბობენ, რომ ამაზე მაშინ დაიწყეს ზრუნვა, როცა მიკროავტობუსები აიკრძალა, რადგან რეგიონებში თანამშრომლებს გადაადგილება უჭირდათ.

"ხარჯები მოსაძიებელი არ გვაქვს, უკვე დალაგებულია, უბრალოდ ცვლილება დასჭირდება. ამას კომპანია თავის თავზე იღებს, თანამშრომლებს ხარჯი არ ეზრდებათ", — ამბობს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნათია ხაბეიშვილი.

მისი ინფორმაციით, აფთიაქები მუშაობას აგრძელებენ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ 24-საათიანი ფილიალების გარდა, ყველა 20:00 საათზე დაიკეტება, რათა თანამშრომლები 21:00 საათამდე სახლებში მიიყვანონ.

ნათია ხაბეიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიკამენტების მიწოდებაზე პრობლემა არ შეიქმნება და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ და ონლაინ აფთიაქით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

თანამშრომლების ტრანსპორტირების პირობას დებს ავერსიც, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 265 ფილიალი აქვს. კომპანიაში ამბობენ, რომ დღეს თანამშრომლები სამსახურში თავიანთი ხარჯით მივიდნენ, თუმცა ხვალიდან ტრანსპორტი მოემსახურებათ და დამატებითი ხარჯები არ ექნებათ.

დასაქმებულებისთვის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას აპირებენ ფარმადეპოსა და GPC-შიც. კომპანია, რომელიც ამ ორივე ქსელს ფლობს, 300-მდე აფთიაქს აერთიანებს. პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფენ და შესაძლებელია, ერთად გადაიყვანონ ერთმანეთთან ახლოს მცხოვრები ორი ადამიანი.

აანაზღაურებენ თუ არა თანამშრომლების ტრანსპორტირებას, ჯერ ზუსტად არ იციან იმპექსში.

"აუცილებლად მივიღებთ ზომებს და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ თანამშრომლების ინტერესებს", — უთხრეს კომპანიაში On.ge-ს და აღნიშნეს, რომ უფრო მეტი დეტალი ხვალ, 1 აპრილს ეცოდინებათ.

ბანკები

ფოტო: www.freepik.com

ქვეყანაში მოქმედი მსხვილი ბანკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თანამშრომლების ნაწილი დისტანციურად მუშაობს, ხოლო იმ ნაწილის ტრანსპორტირებას, რომელსაც სამსახურში მისვლა უწევს, თავად უზრუნველყოფენ.

თიბისი ბანკის ინფორმაციით, თანამშრომლები სამსახურში მიჰყავთ როგორც ბანკის მანქანებით, ასევე, პარტნიორი სატრანსპორტო კომპანიების დახმარებით.

საქართველოს ბანკში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ნახევრად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, იმ თანამშრომლების ტრანსპორტირებას, რომლებსაც მანქანა არ ჰყავთ, თავად უზრუნველყოფენ. ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასეთი 472 დასაქმებული ჰყავთ.

VTB ბანკში კი On.ge-ს უთხრეს, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ოფისში დადიან, ყოველდღიურად დანამატის სახით 50 ლარს აძლევენ. ამ თანხაში შედის როგორც ტრანსპორტირება, ასევე, კვება, რადგან დასაქმებულები კორონავირუსის პანდემიის დროს სადილისთვის გარეთ არ გავიდნენ.

ტერაბანკის ინფორმაციით კი, მათი თანამშრომლების ნაწილს კომპანიისვე ავტოპარკი ემსახურება, ნაწილისთვის ტაქსის ან სატრანსპორტო კომპანიას ქირაობენ.

"ჩვენს თანამშრომლებს სამსახურში მოსასვლელად დამატებით ხარჯი არ აქვთ, ცალსახად არა", — უთხრეს On.ge-ს ტერაბანკში.

თანამშრომლების ტრანსპორტირების სხვადასხვა სქემა აქვს კრედოს. ბანკში ამბობენ, ნაწილს ტაქსით მგზავრობას უნაზღაურებენ, ნაწილი კომპანიის მანქანებს გადაჰყავს, ნაწილი კი სხვა თანამშრომლის მანქანით მგზავრობას, რომელსაც საწვავს უმატებენ.

ლიბერთი ბანკთან დაკავშირება On.ge-მ ვერ მოახერხა. მათ პოზიციის მიღების შემდეგ, სტატია განახლდება.

რაც შეეხება საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს, On.ge მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებას მომდევნო დღეებში ეცდება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5106 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 294.