51 წლის ავსტრალიელ მსახიობს, ჰიუ ჯეკმანს მაყურებლების დიდი ნაწილი კომიქსის მიხედვით გადაღებულ მაღალბიუჯეტიან ფილმებში მარველის გმირ, სამურავის როლის შესრულებით იცნობს, თუმცა ახალ ფილმში ის აპირებს ყველას დაუმტკიცოს, რომ სუპერძალების გარეშეც ნამდვილად კარგი მსახიობია.

Bad Education ამერიკის საგანმანათლებლო სივრცეში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალის შესახებ მოგვითხრობს: ფრენკ ტასონი ნიუ-იორკში, ლონგ აილენდის სკოლის მმართველი იყო, რომელსაც რაიონის ბიუჯეტიდან ასობით ათასი დოლარის გაფლანგვა დააბრალეს. ჰიუ ჯეკმანი სწორედ მის როლს ასრულებს და გვაჩვენებს, თუ როგორ ცდილობს შეაჩეროს მის ირგვლივ აბობოქრებული ისტორიული სკანდალი.

ფილმის ახალი ტრეილერი HBO-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა:

იმასთან ერთად, რომ ფილმი საკმაოდ დრამატული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, ტრეილერიდან უკვე ვიგებთ, რომ მისი ნახვისას არც სიცილი მოგვაკლდება.

ფილმის პრემიერა გასულ წელს ტორონტოს კინოფესტივალზე შედგა და ჰიუ ჯეკმანის სამსახიობო შესრულებასთან ერთად კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მისმა პარტნიორმაც, ელისონ ჯენიმ, რომელიც სიუჟეტის მიხედვით, ჯეკმანის პერსონაჟის თანამზრახველია.

აღსანიშნავია, რომ ფილმის სცენარზე ის ადამიანი მუშაობდა, ვინც ამ სკანდალს რეალურ ცხოვრებაში თავად შეესწრო: მაიკ მაკოვსკი ფრენკ ტასონის სკოლაში სწავლობდა, როცა ეს მოვლენები განვითარდა.

ფილმის პრემიერა 25 აპრილსაა დაგეგმილი.