როგორ ვიშოფინგოთ ინტერნეტში უსაფრთხოდ
წინა სტატიაში ინტერნეტ-უსაფრთხოებაზე და იმ წესებზე ვისაუბრეთ, რომელთა გათვალისწინებაც თქვენი ინფორმაციის დაცვაში შეგიწყობთ ხელს. ამ სტატიაში კი ინტერნეტ-მაღაზიებში შოპინგისა და ინტერნეტბანკის გამოყენების შესახებ მოგცემთ რამდენიმე რჩევას.
საეჭვო ინტერნეტ-მაღაზიაში ნივთის შეძენა საკმაოდ სახიფათოა: განსხვავებით არავირტუალური მაღაზიისგან, თქვენ შეიძლება მხოლოდ ერთჯერადად გადახდილი თანხა კი არა, თქვენი ბარათიც “დაკარგოთ”. თუ ბარათის მონაცემები არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჩაუვარდებათ ხელში, ისინი შეძლებენ თანხა, რომელიც ანგარიშზე გიდევთ, მთლიანად მიითვისონ. კარგია, რომ ასეთ საეჭვო ტრანზაქციებს ბანკები აფიქსირებენ და გადასამოწმებლად, სავარაუდოდ, თქვენ დაგიკავშირდებიან, თუმცა ამ ოპერაციების თავიდან არიდება შეგიძლიათ, თუ ინტერნეტ-შოპინგის შესახებ მეტი ინფორმაცია გექნებათ.
უსაფრთხო შოპინგი იმდენად ადვილია, რომ ამ სტატიის წაკითხვისთანავე ზუსტად გეცოდინებათ ყველაფერი და აღარასდროს გახდებით თაღლითობის მსხვერპლი.
1. ენდეთ მხოლოდ ცნობილ და ბრენდულ მაღაზიებს
ცნობილ ონლაინ-მაღაზიებში ყველაფერია, რაც გჭირდებათ. დაწყებული ბრენდირებული ტანსაცმელ-ფეხსაცმლიდან, დამთავრებული - ავეჯით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამაზონს, GAP-ს და მსგავს გიგანტებს ვგულისხმობთ. მათთან თქვენი ბარათის მონაცემები მაქსიმალურად დაცულია, რადგან დიდ კომპანიებს გამართული და უსაფრთხო პროცესინგის სისტემა აქვთ. თუ რაიმე შეცდომა მოხდა, ფულსაც უპრობლემოდ გიბრუნებენ და თუ გამოწერილმა ნივთმა თქვენამდე დაზიანებულმა ჩამოაღწია, ამაზონი, საერთოდაც, ახალს გამოგიგზავნით.
ინტერნეტის ეპოქაში ონლაინ-მაღაზიის აწყობა რთული არ არის. რთულია ისეთი გადახდის სისტემის აწყობა, რომელიც გარანტირებულად დაცული იქნება ბანკის ან საპროცესინგო კომპანიის მხრიდან. მაგრამ თქვენს ფულზე მონადირე ადამიანებს ნამდვილი და გადამოწმებული პროცესინგის სისტემა არც არაფერში სჭირდებათ.
2. იყიდეთ მხოლოდ “ნამდვილ” მაღაზიებში
წინა სტატიიდან გემახსოვრებათ ე.წ. ფიშინგის მეთოდი: როდესაც თქვენ გგონიათ, რომ ნაცნობ და სანდო საიტზე ხართ, შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები, ნომერი, სახელი და გვარი, ვადის გასვლის თარიღი და CVV კოდი, ამ დროს კი, სინამდვილეში ყალბ ფორმას ავსებთ და გადახდის ნაცვლად, თქვენი მონაცემები სხვაგან იგზავნება. სამწუხაროდ, ამას მაშინვე ვერ მიხვდებით. მაგალითად, გადახდის ღილაკზე დაწკაპუნებისას, შეიძლება საიტმა სტანდარტული ტექსტი მოგიბრუნოთ და გაცნობოთ, რომ პროდუქტის ყიდვა შეუძლებელია, რადგან მარაგი ამოიწურა, ან თქვენს ბარათზე საკმარისი თანხა არ არის.
ასეთ შემთხვევაში თქვენ დახურავთ ფანჯარას და დაგავიწყდებათ კიდეც, რომ ბარათის მონაცემები თქვენივე ნებით გადაეცით უცხო პირებს.
ფიშინგის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია საიტზე შესვლისას ყურადღება მიაქციოთ მისამართს. მაგ. დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად amazon.com-ზე ხართ და არა anazon.com-ზე ან რაიმე მსგავსზე. დააკვირდით HTTPS-ის ნიშანსაც, მეტი დეტალი ამ თემებზე წინა სტატიაშია და თუ არ გინახავთ, აუცილებლად გადაიკითხეთ.
ონლაინ-მაღაზიაში შესვლის საუკეთესო გზა მისი მისამართის ხელით აკრეფაა. სხვა საიტზე ნანახი ბმულით ან თუნდაც სანდო ადამიანის მიერ უკონტექსტოდ გამოგზავნილი ბმულიდან შესვლის დროს, დიდი შანსია, არარეალურ, ყალბ მაღაზიაში მოხვდეთ, რომელიც ნამდვილისგან ვიზუალურად არაფრით განსხვავდება.
3. ყურადღებით შეარჩიეთ ახალი, პატარა მაღაზიები
ცხადია, აუცილებელი არაა ყოველთვის ერთსა და იმავე საიტზე იშოპინგოთ. შესაძლოა, სასურველი ნივთი ან ორიგინალური ტანსაცმელი შედარებით უცნობ და პატარა მაღაზიაშიც იპოვოთ. ბიზნესის სიმცირე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად ყალბი ან საშიში იქნება.
ასეთ პატარა ან ახლადაღმოჩენილ საიტებზე ყურადღება რამდენიმე ფაქტორს უნდა მიაქციოთ: რამდენად გამართულია ტექნიკურად, უწერიათ თუ არა მისამართი და ტელეფონის ნომერი, თუ კონტაქტის მხოლოდ ელექტრონული მონაცემებია განთავსებული, აქვთ თუ არა ზარალის ანაზღაურების ან ნაყიდი საქონელის მიბრუნებისა და თქვენთვის თანხის დაბრუნების პოლიტიკა. თუ პროდუქტის ფასები მისაღებია, ადგილზე მიტანის და ჩაბარების ფასი ხომ არ არის მაღალი...
დააკვირდით, აქვთ თუ არა პირადი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა, მაგალითად, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ თქვენს ინფორმაციას არავის გაუზიარებენ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დახედეთ მისამართის ველს და დარწმუნდით HTTPS-კავშირის არსებობაში.
4. არ გამოგეპაროთ, რაში და რამდენ ფულს იხდით
მაღაზიის ზომისა და რეპუტაციის მიუხედავად, ხშირად, ონლაინ-გამყიდველები ცდილობენ, ნივთის ფასი შეძენამდე მაქსიმალურად მიმზიდველი იყოს და ბოლო ეტაპზე მყიდველის ხარჯები მკვეთრად გაზარდონ.
ამიტომ, ყოველთვის დააკვირდით, რეალურად რა გიჯდებათ ნივთი, რომელიც კალათაში ჩამატებამდე, მაგალითად, $10 ღირდა. არის შემთხვევები, როდესაც ძალიან იაფი ნივთის მიტანა (shipping) არაადეკვატურად ძვირი ღირს ხოლმე, ზომისა და წონის მიუხედავად. ან, შესაძლოა, საიტის პოლიტიკით, კალათაში ჩამატებამდე მიახლოებითი ფასი ჩანდეს, რეალური ფასი კი მხოლოდ გადახდის (checkout) გვერდზე გადასვლისას დაანგარიშდეს.
გარდა ამისა, საჯარო მაღაზიებში, სადაც საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ფიზიკურ პირებს ან პატარა მაღაზიებსაც შეუძლიათ (მაგალითად, Amazon-ზე ან eBay-ზე), აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება განმთავსებლის (seller) რეიტინგსა და მომხმარებლების მიმოხილვებს (reviews) კონკრეტულ პროდუქტზე.
არის შემთხვევები, როდესაც ნივთი სურათზე მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ რეალურად ძალიან დაბალი ხარისხისაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ფასი სხვა ვარიანტებთან შედარებით თითქმის დაუჯერებელია. მოერიდეთ ისეთი პროდუქტის ყიდვას, რომელსაც გამოხმაურება საერთოდ არ აქვს. ონლაინ-მაღაზიების მომხმარებლები საკმაოდ აქტიურები არიან და აუცილებლად წერენ ხოლმე, თუ შენაძენმა მათი მოლოდინი არ გაამართლა.
5. ამოწმეთ გასავალი
თუ თქვენი ბარათის მონაცემები სხვას ჩაუვარდა ხელში, დიდი შანსია, რომ თანხა შეუმჩნევლად “გადაქაჩოს” თავისკენ. მაგალითად, იყიდოს სულ რაღაც ხუთდოლარიანი ნივთები ან სასაჩუქრე-ბარათები. ასეთ შემთხვევაში ვერც ბანკი დაეჭვდება, რომ ტრანზაქცია არაავტორიზებულია და ასე ნაწილ-ნაწილ გაგქურდავენ.
ამოწმეთ თქვენი საბანკო ამონაწერი დროდადრო, ჩართეთ SMS-შეტყობინებები, რომ ყოველი ტრანზაქციის შემდეგ ტექსტური შეტყობინება მოგივიდეთ და არაფერი გამოგეპაროთ.
თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს ამონაწერში უზუსტობაა ან SMS-ის მიხედვით, რამე ნივთი შეიძინეთ, როცა ბარათი მშვიდად დევს საფულეში, მაშინვე დარეკეთ თქვენს ბანკში და ბარათი დააბლოკინეთ.
6. ერიდეთ არარეალისტურ შემოთავაზებებს
თუ საიტი გთავაზობთ არარეალურ ფასებს, მაგალითად, iPhone 7-ს სულ რაღაც $100-ად, ან ცნობილი დიზაინერის უახლესი კოლექციის სამოსს $30-50-ად, არ მოტყუვდეთ, გაიხსენეთ ინგლისური ფრაზა “Too good to be true” - ზედმეტად კარგია, იმისთვის რომ სიმართლე იყოს.
ასეთი შემოთავაზებები თქვენს აღტაცებასა და იმპულსზეა ორიენტირებული. ამ დროს შეიძლება საღი აზრი დაგებინდოთ და ისე ჩაუგდოთ ხელში მონაცემები დამნაშავეებს, რომ ვერც მიხვდეთ.
რა თქმა უნდა, ფასდაკლებები ხშირად შეგხვდებათ და ზოგიერთი საკმაოდ მსუყე თანხასაც დაგაზოგინებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია, დაუკვირდეთ თუ რომელ საიტზე ხართ, რითია ეს ფასდაკლება მოტივირებული და ა.შ.
7. არავის გაანდოთ და დაიცავით თქვენი ინტერნეტბანკის პაროლი
ინტერნეტბანკის მომსახურებით სარგებლობისთვის მომსახურე ბანკი მხოლოდ თქვენ გადმოგცემთ პაროლს. აღნიშნული პაროლის ცოდნა ხელმისაწვდომს ხდის ინტერნეტბანკში თქვენი ანგარიშების დეტალებს.
არ გაანდოთ პაროლი სხვა პირებს და არ დაწეროთ პაროლი მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას. ეს მნიშვნელოვანია თქვენი საბანკო ანგარიშების უსაფრთხოებისთვის.
თქვენი საბანკო მონაცემები უაღრესად ფაქიზი ინფორმაციაა, რომელიც ყველა გარეშე პირისგან უნდა იყოს დაცული.
გირჩევთ, უსაფრთხოების მაღალი დონისთვის გამოიყენოთ 2-ნაბიჯიანი ავტორიზაცია: პარამეტრებიდან მიუთითეთ, რომ პაროლის შევსების შემდეგ აუცილებელი იყოს მობილურზე მოსული უნიკალური კოდის შეყვანაც. ამ შემთხვევაში, თქვენი პაროლი ვინმემ რომ გაიგოს ან ბოროტმოქმედებმა ე.წ. Keylogger-ების საშუალებით მოიპარონ, ავტორიზაციის გავლას მაინც ვერ შეძლებენ. ხოლო თუ SMS ან პაროლის შეცვლის მოთხოვნა თქვენგან დამოუკიდებლად მოგივიდათ ტელეფონზე, ე.ი. ვიღაც თქვენს ინტერნეტბანკის გატეხვას ცდილობს, ამიტომ დაუყოვნებლივ შედით სისტემაში და პაროლი შეცვალეთ.
8. გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი მოწყობილობა
ყოველთვის სჯობს, ინტერნეტბანკში შესვლისას ან ონლაინ-შოპინგისას მხოლოდ საკუთარი კომპიუტერი, ტაბლეტი ან ტელეფონი გამოიყენოთ, რომელთანაც ნაკლებ ადამიანს აქვს წვდომა.
არ დატოვოთ საკუთარი კომპიუტერი უყურადღებოდ. მით უმეტეს, ინტერნეტბანკის გახსნილი ვებგვერდით. ინტერნეტბანკიდან უსაფრთხოდ გამოსასვლელად არ არის საკმარისი მხოლოდ გვერდის ან ბრაუზერის დახურვა. მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოდით სისტემიდან ღილაკით „გამოსვლა“ („Log out“).
თუ მაინც დაგჭირდათ და სხვისი კომპიუტერიდან ისარგებლეთ ინტერნეტბანკით, არ დაგავიწყდეთ, წაშალოთ თქვენი მონაცემები და არ დატოვოთ ინფორმაცია, რითაც შეხვედით სისტემაში. საუკეთესო გზაა, გახსნათ ბრაუზერის Incognito ან Private რეჟიმი, რომლის დახურვის შემდეგ ავტომატურად იშლება ყველა მონაცემი და გვერდების ისტორია. ასეთ რეჟიმში ბრაუზერი პაროლის დამახსოვრებასაც არ შემოგთავაზებთ. ეს აგარიდებთ სხვა პირების მიერ თქვენი მონაცემების უნებართვო გამოყენებას.
განსაკუთრებით მოერიდეთ ინტერნეტბანკში შესვლას ან ნებისმიერი სენსიტიური ინფორმაციის აკრეფას საჯარო და დაუცველ კომპიუტერებზე. მაგალითად, ინტერნეტ კაფეებში, ბიბლიოთეკებში, უნივერსიტეტების ან სკოლების კომპიუტერების კაბინეტებში. ხშირ შემთხვევაში ასეთი კომპიუტერებიდან მონაცემებისა და პაროლების მოპარვა ძალიან ადვილია.
იმედი გვაქვს, ეს სტატია დაგეხმარებათ და რისკებს თავიდან აგარიდებთ. როგორც დასაწყისში გითხარით, უსაფრთხოდ შოპინგი და ინტერნეტის ყველა სიკეთის გამოყენება ადვილია, მთავარია, საფრთხეების ამოცნობა ისწავლოთ და ფულის გადახდამდე გაიხსენოთ ჩვენი რჩევები.
წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!
კომენტარები