ჩვენი ყოველდღიურობა ინტერნეტის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ინტერნეტი არის ინფორმაციის მიღების, გაცემისა და კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი არხი. გლობალური ქსელით სარგებლობის უფლება ადამიანების ფუნდამენტურ უფლებადაც ითვლება და სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, მოქალაქეები ამ უფლებით უზრუნველჰყონ.

დღესდღეობით ინტერნეტს უამრავი დანიშნულებით ვიყენებთ, დაწყებული ახალი ამბების მიღებით და დამთავრებული - საქმიანი და მეგობრული მიმოწერებით. თუმცა, ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია, ონლაინ-შოფინგია.

2015 წლის მონაცემებით, ინტერნეტში საცალო გაყიდვებში $2,2 ტრილიონი დაიხარჯა. ცხადია, ასეთი რაოდენობის თანხის ბრუნვა არაკეთილსინდისიერ ადამიანებსაც იზიდავს და ისინი ცდილობენ, ინტერნეტ-მომხმარებელთა გამოუცდელობა და გულუბრყვილობა სათავისოდ გამოიყენონ.

ინტერნეტის არსებობის ისტორიაში მომხმარებლის მოტყუების არაერთი ხერხი მოუფიქრებიათ, დაწყებული ნიგერიელი პრინცის აფერით და დამთავრებული ფიშინგით. ასეთ მახეებში გაბმის საშიშროება თითქმის ყველას ემუქრება. ონლაინ-კრიმინალების მსხვერპლი, შესაძლოა, გამოცდილი და დაკვირვებული მომხმარებელიც გახდეს. საქმე ისაა, რომ საფრთხეების ამოცნობა უფრო და უფრო რთული ხდება და შეიძლება, ოდნავმა უყურადღებობამაც კი დაგაზარალოთ, როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალური მონაცემების გახმაურების კუთხით.

იმისთვის, რომ ინტერნეტი უფრო დაცულად გამოიყენოთ, ვიდრე ახლა იყენებთ, ან ურჩიოთ თქვენს მეგობრებს, მშობლებს ან ნათესავებს, როგორ დაიცვან თავი არაკეთილსინდისიერი ადამიანებისგან, წარმოგიდგენთ 4 რჩევას, ინტერნეტით დაცულად სარგებლობისთვის:

1. იცოდეთ, როგორ იპოვოთ უსაფრთხო საიტები

მიუხედავად იმისა, რომელ ვებგვერდზე იმყოფებით, თქვენი პირადი ინფორმაციის შეყვანამდე ან საბანკო ოპერაციის შესრულებამდე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ეს ვებგვერდი ნამდვილად ის საიტია, სადაც თქვენ აპირებდით შესვლას.

მისამართის შემოწმება

პაროლის ან ბარათის მონაცემების შეყვანამდე, ყოველთვის კარგად გადაამოწმეთ საიტის მისამართი. ძალიან ხშირად, თაღლითები ნამდვილი საიტის ვიზუალურ კლონს აკეთებენ და მსგავს მისამართზე ათავსებენ, რომ თქვენგან მონაცემები გამოიტყუონ. ამას ფიშინგი ეწოდება და უფრო ვრცელი ახსნა ქვევით იხილეთ.

დაცული კავშირი

თუ საიტი დაცულ კავშირს იყენებს, მისი მისამართი აუცილებლად დაიწყება ამ ფორმით

თუ საიტი დაცულ კავშირს იყენებს, მისი მისამართი აუცილებლად დაიწყება ამ ფორმით

ყოველთვის გადაამოწმეთ, იყენებს თუ არა საიტი HTTPS კავშირს. განსხვავებით HTTP კავშირისა, HTTPS წარმოადგენს დაშიფრულ პროტოკოლს. მარტივ ენაზე ეს ნიშნავს, რომ ასეთ საიტზე შეყვანილი მონაცემები - მაგალითად, პაროლი, მისამართი ან საბანკო ბარათის ნომერი - დაშიფრულად მიეწოდება საიტს და “გზაში” (თქვენი კომპიუტერიდან თქვენს პროვაიდერამდე, ან პროვაიდერიდან - საიტის სერვერებამდე) მის წაკითხვას ვერავინ შეძლებს.

ყველა თანამედროვე ბრაუზერში, HTTPS კავშირი მისამართის ველში მწვანედ ჩანს და მარტივი შესამჩნევია. დაიმახსოვრეთ, რომ არასოდეს ანდოთ თქვენი ბარათის საიტს, რომელიც HTTPS კავშირს არ იყენებს.

2. შეარჩიეთ უსაფრთხო პაროლი

პაროლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თქვენს დაცულობას უზრუნველჰყოფს. სწორედ ამიტომ, სერიოზული ვებსაიტები თქვენგან რთული პაროლის შექმნას ითხოვენ.

მაგალითად:

  • პაროლი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 8 სიმბოლოს,
  • მინიმუმ ერთი სიმბოლო უნდა იყოს ციფრი,
  • მინიმუმ ერთი სიმბოლო აუცილებლად უნდა იყოს დიდი ლათინური ასო
  • და ა.შ.

პაროლის ფორმატი

პირველი რაც უნდა დაიმახსოვროთ, არის ის, რომ არასოდეს გამოიყენოთ ადვილი პაროლები, მაგალითად, 12345678, password123, paroli, qwerty, qwerty123 და ა.შ. ასეთ დროს, თქვენ ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი ადამიანი ხართ ონლაინ-კრიმინალებისთვის.

მსოფლიოს გარშემო უამრავი საიტი “ტყდება” ჰაკერების მიერ და მათგან მომხმარებლების პაროლებს იპარავენ. ასეთი მოპარული სიები საუკეთესო სტატისტიკას აძლევს კრიმინალებს - რომელ პაროლებს იყენებენ ხშირად, რა პრინციპით ირჩევენ მომხმარებლები პაროლებს და ა.შ.

ასე რომ, რაც უფრო უნიკალური და ალოგიკურია თქვენი პაროლი, მით უფრო უსაფრთხოა იგი. გვერწმუნეთ, საკუთარი დაბადების წელის ან სახელის კომბინაციების გამოყენების გენიალური იდეა მხოლოდ თქვენ არ მოგსვლიათ, ყველამ იცის და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, დაუცველი ფორმაა.

თუ ამ სიაში თქვენი პაროლი იპოვეთ, აშკარად არ გაწყენდათ მეტი ორიგინალურობა...

თუ ამ სიაში თქვენი პაროლი იპოვეთ, აშკარად არ გაწყენდათ მეტი ორიგინალურობა...

როგორ მოვიფიქროთ ძლიერი პაროლი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საიტზე ერთი და იგივე პაროლი არ გქონდეთ. წარმოიდგინეთ, თუ ერთ დღეს თქვენს ელფოსტას ან სოციალური ქსელის პაროლს ვინმე შეიტყობს, მას ავტომატურად ეცოდინება სხვა ყველაფრის პაროლი. ამიტომ, უმჯობესია, თუ ყველგან სხვადასხვა პაროლი გექნებათ.

იდეალურ შემთხვევაში, ყველა პაროლი ზეპირად უნდა გახსოვდეთ. არსებობს ბევრი მეთოდი, როგორ მოიფიქროთ და დაიმახსოვროთ ეს პაროლები. მაგალითად, ერთი მეთოდის მიხედვით, უნდა მოიფიქროთ რამე წინადადება, ან ნაწყვეტი სიმღერიდან, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ და პაროლი შეადგინოთ ამ სიტყვების პირველი ასოების კომბინაციით.

მაგალითად: დიდხანს გელოდი და ახლა შენი დროა. ვღებულობთ პაროლს dgdashd. დამატებითი უსაფრთხოებისთვის, დავუმატოთ მას შემთხვევითი რიცხვი, გავადიდოთ ყოველი d ასო და ბონუსად დავურთოთ სასვენი ნიშანი. ანუ, ჩვენი პაროლი იქნება ასეთი: DgDashD23!

იმისთვის, რომ ყოველ საიტზე განსხვავებული პაროლი გქონდეთ, შეიძლება თქვენს “მთავარ” პაროლს დაუმატოთ საიტის სახელი და რამე ცვლადი. ოღონდ არა იმ ფორმით, რომ თაღლითისთვის ცხადი გახდეს, როგორ “აწარმოოს” სხვა საიტის პაროლი ამ ერთი პაროლიდან. მაგალითად, თუ პაროლს სასვენი ნიშნის შემდეგ დავუმატებთ საიტის სახელის მხოლოდ თანხმოვნებს და ბოლოში - ამ საიტის სახელში არსებული სიმბოლოების რაოდენობის რიცხვს, ამ მიდგომის გამოცნობა შედარებით რთული იქნება. შესაბამისად, ჩვენი შედგენილი პაროლის ვერსია ფეისბუქისთვის იქნება ასეთი: DgDaShD23!fcbk8

გეთანხმებით, რომ ყველაფერი ძალიან ჩაიხლართა. თუმცა, უსაფრთხოება დამატებით წვალებას მოითხოვს. ასევე, შეგიძლიათ ასეთი რთული პაროლები მხოლოდ იმ საიტებზე გამოიყენოთ, სადაც სენსიტიური ინფორმაციაა თქვენს შესახებ. რიგით ფორუმზე ან ბლოგზე კი - დატოვოთ თქვენი კატის სახელი.

როგორ არ ვიმახსოვროთ პაროლები

თუ პაროლების ზეპირად დამახსოვრება პრობლემას წარმოადგენს, გირჩევთ გამოიყენოთ პაროლების რომელიმე სანდო მენეჯერი. პაროლის მენეჯერი სპეციალური პროგრამაა, რომელიც ჩაშენდება თქვენს ბრაუზერში, ტელეფონში და დაცულად დაიმახსოვრებს ყველა საიტის ყველა პაროლს.

ასეთებია, მაგალითად, LastPass, keeper ან 1Password. გარდა პაროლების დამახსოვრებისა, ეს პროგრამები თავად გიგენერირებენ შემთხვევით, გრძელ და უსაფრთხო პაროლებს რეგისტრაციისას. ასეთი პროგრამების დახმარებით, შეგიძლიათ ყველა საიტზე განსხვავებული, სრულიად შემთხვევითი და აბდაუბდა პაროლები გქონდეთ დაყენებული.

გარდა პაროლებისა, ეს პროგრამები სხვა მონაცემებსაც იმახსოვრებენ უსაფრთხოდ - მაგალითად, საბანკო ბარათის მონაცემებს ან ჩვეულებრივ ტექსტურ ჩანაწერებს.

ამ პროგრამებს ბევრი პროფესიონალი და დამწყები მომხმარებელი იყენებს. მათი გამოყენების დადებითი მხარე უდიდესი კომფორტია. მთავარი საშიშროება კი ის არის, რომ თუ თაღლითი ამ პროგრამის მონაცემების ხელში ჩაგდებას შეძლებს, მას მთელი თქვენი ინტერნეტ-სამყაროს გასაღები ექნება. ასე რომ, თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, დაიცვათ კომპიუტერი ვირუსებისგან ან დაუკითხავი წვდომისგან, ალბათ აჯობებს, კვლავ თქვენს მეხსიერებას ენდოთ.

არცერთი ნორმალური კომპანია ან საიტი არ მოგთხოვთ, რომ გაანდოთ თქვენი პაროლი ზეპირად, ტელეფონით ან ელფოსტით.

არავის ანდოთ თქვენი პაროლი

არამც და არამც, არ მისცეთ თქვენი პაროლი არავის.

მაგალითად, დაახლოებით ერთი წლის წინ, ქართულ ფეისბუქზე ერთი აფერა დატრიალდა. ვიღაც უცნობი, პირად მიმოწერაში იწერებოდა, რომ თავის შეყვარებულს ან მეგობარს ეჩხუბა, იმან დაბლოკა და ახლა ამას ძალიან უნდა მასთან დაკავშირება, ამიტომ საწყლად და საყვარლად გთხოვდათ, თქვენი ფეისბუქის პაროლს, რათა თქვენი პროფილით მისთვის ხმა მიეწვდინა და შერიგება ეთხოვა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არც თუ ისე ცოტა ადამიანი მოტყუვდა და უცნობი პირის დრამაში თავისი პაროლით ჩაერია.

საბედნიეროდ ამ აფერას დიდი ზარალი არავისთვის მოუტანია. მოტყუებული ადამიანების პროფილებით სპამ-გვერდები დაალაიქეს და სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანდნენ. მაგრამ ეს ფაქტი ადასტურებს, თუ რამდენად ადვილია მომხმარებლების მოტყუება და მათგან პირადი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება.

ასევე დაიმახსოვრეთ, რომ არცერთი ნორმალური კომპანია ან საიტი არ მოგთხოვთ, რომ გაანდოთ თქვენი პაროლი ზეპირად, ტელეფონით ან ელფოსტით. არ დაუჯეროთ ელფოსტაზე მოსულ წერილებს ან ზარებს ტელეფონზე, თუ პაროლის თქმას გთხოვენ - ეს აუცილებლად თაღლითი იქნება.

3. თავიდან აირიდეთ ფიშინგი

პაროლისა და თქვენი პირადი მონაცემების, მათ შორის საბანკო ინფორმაციის, მოპოვების კიდევ ერთი გზა არის ფიშინგი.

მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც, ონლაინ-კრიმინალები ქმნიან ყალბ ვებსაიტებს, გავსებინებენ იქ არსებულ ველებს და თქვენივე ხელით გართმევენ მათთვის სასურველ ინფორმაციას.

ფიშინგი ვებგვერდებში

მაგალითად, შეიძლება რამე ბმულით მოხვდეთ Amazon-ის ანგარიშში შესვლის გვერდზე, სადაც ყველაფერი ნამდვილი ამაზონის იდენტური იქნება - ლოგო, ფერები ტექსტი… მაგრამ გვერდის მისამართი, რომელიც ბრაუზერში ჩანს, მიგახვედრებთ, რომ სადღაც სხვაგან მოხვდით - შეიძლება ეს იყოს amazon.blabla.com ნაცვლად amazon.com-სა.

საქართველოში ფიშინგის მსხვერპლები ძირითადად პაროლის კუთხით ხდებიან. მაგალითად, თქვენს მიერ დალაიქებული ფეისბუქ-ფეიჯი, ან ჯგუფი, ან თქვენი დავირუსებული მეგობარი აზიარებს ბმულს, რომელსაც მიმზიდველი სათაური აქვს. მაგალითად: “ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ ვიშოვოთ მილიონი 3 წუთში! გარანტირებულია” - ან ვიღაც ცნობილი ადამიანის ფარული სექს-ჩანაწერი, ან ჩხუბი ორ პოლიტიკოსს შორის და ა.შ. მოკლედ, კლასიკური სატყუარა-სათაური.

ბმულზე დაკლიკვის შემდეგ, თქვენ აღმოჩნდებით ფეისბუქის გვერდზე, სადაც ვიდეოს, ფოტოს ან სტატიის სანახავად თქვენი იუზერნეიმისა და პაროლის შეყვანას მოგთხოვენ და გეტყვიან, რომ იმისთვის, რომ ვიდეო ნახოთ, აუცილებელია, ახლიდან შეიყვანოთ თქვენი პაროლი. ცხადია, ეს ტყუილია, იმიტომ რომ ფეისბუქზე არსებული ყველა ვიდეო პირდაპირ შეგიძლიათ ნახოთ, განმეორებით ავტორიზაციის გარეშე.

როგორც არ უნდა ჰგავდეს საიტი ფეისბუქს, დააკვირდით მისამართს — ეს ფეისბუქი არ არის

როგორც არ უნდა ჰგავდეს საიტი ფეისბუქს, დააკვირდით მისამართს — ეს ფეისბუქი არ არის

ამ დროს, აუცილებლად დაუკვირდით მისამართს, რომელ საიტზე ხართ, ახედეთ ბრაუზერის მისამართის ველს და ნახავთ, რომ სინამდვილეში არა Facebook.com-ზე არამედ facebook.aslsdjflsdkjf.com ან რამე მსგავს საიტზე ხართ შესული. არც პირველ პუნქტში ნახსენები მწვანე მისამართი დაგხვდებათ - ანუ, თქვენ ყალბ ვებსაიტზე იმყოფებით, რომელიც დიზაინით ჰგავს ფეისბუქს, ხოლო პაროლისა და იუზერნეიმის ჩაწერის შემდეგ, თქვენი მონაცემები თაღლითებს მიუვათ. ამის შემდეგ, ისინი შეძლებენ, თქვენს ფეისბუქში შეაღწიონ, ან, თუ ყველა საიტზე ერთი და იგივე პაროლი გიყენიათ, ელფოსტის, ამაზონის და სხვა მსგავსი საიტების გატეხვასაც მოახერხებენ.

იგივე პრინციპი მოქმედებს თქვენი საბანკო ბარათის მონაცემების მოპარვისასაც. რეკლამის ან დაშეარებული ბმულის საშუალებით, უცებ აღმოჩნდებით ცნობილი მაღაზიის მსგავს (ან, სულაც ახალ და გაურკვეველი წარმომავლობის) ონლაინ მაღაზიაში. აქ საოცარი ფასები დაგხვდებათ, მაგალითად iPhone 7 სულ რაღაც 300 დოლარად, საჭიროა მხოლოდ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემების შევსება. ცხადია, iPhone 7-ს ვერ იყიდით, სამაგიეროდ, თქვენი ბარათის ყველა მონაცემი თაღლითის ხელში აღმოჩნდება და სანამ დაბლოკავთ, ის თქვენი ფულის დახარჯვას მოასწრებს.

ამიტომ, ყოველთვის დაუკვირდით, რა საიტზე ხართ და რას ითხოვს თქვენგან კონკრეტული გვერდი, თუ ეჭვი გეპარებათ გადაამოწმეთ, მეგობრებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

ფიშინგი ელფოსტით

იგივე ეხება თქვენს ელფოსტაზე მოსულ წერილებსაც. ზუსტად ნახეთ, ვინ არის გამომგზავნი. დიდი შანსია, თაღლითი ნამდვილი საიტის მსგავს მისამართს იყენებდეს. მაგალითად, აგზავნიდეს წერილს [email protected]დან, ნაცვლად [email protected]სა. დაიმახსოვრეთ, არასოდეს გამოეხმაუროთ ასეთ წერილებს და არ დააჭიროთ არანაირ ბმულს.

თუმცა გახსოვდეთ, რომ ინფორმაცია, რომელიც მითითებულია გამომგზავნის ველში, არ არის იმის სრული გარანტია, რომ წერილი შეტყობინებაში მითითებული პირის ან ორგანიზაციისგანაა მოსული. ელფოსტის თანამედროვე სერვისების უმრავლესობა (მაგალითად, Gmail ან Outlook.com), ავტომატურად გაფრთხილებენ, თუ გამომგზავნის მისამართი ხელოვნურად არის შეცვლილი და ამ მისამართის მფლობელ კომპანიასთან არაფერი კავშირი აქვს.

ასეთი წერილები, როგორც წესი, იტყობინება, რომ აუცილებელია კლიენტის ანგარიშის „განახლება" ან „გადამოწმება" ელექტრონულ ფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით, რომელიც ყალბ ვებგვერდზე გადადის. ყალბ ვებგვერდზე შეყვანილი ნებისმიერი ინფორმაცია კი შეიძლება არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოიყენონ.

ყოველთვის დაფიქრდით, რამდენად ნორმალურია იმ ინფორმაციის მოთხოვნა, რომელსაც წერილის ავტორი თქვენგან ითხოვს

ანუ აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც ფეისბუქიდან ვიდეოს სანახავად გადასულ ლინკზე ან მაღაზიაზე. უბრალოდ, მეილზე გამოგზავნილი წერილი, ბევრად უფრო სოლიდურად შეიძლება ჩანდეს. ნუ დაიზარებთ, აუცილებლად დააკვირდით, რა საიტზე მიჰყავხართ ბმულს წერილში. არის ეს ibank.ge - რომელიც საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგია, თუ ibank.aferistebi.su - რომელიც დიზაინით სრულიად იდენტურია, მაგრამ თქვენს ბანკთან საერთო არაფერი აქვს.

ყოველთვის დაფიქრდით, რამდენად ნორმალურია იმ ინფორმაციის მოთხოვნა, რომელსაც წერილის ავტორი თქვენგან ითხოვს, გადარეკეთ ბანკში და იკითხეთ, მართლა ითხოვენ თქვენგან მონაცემების ცვლილებას თუ არა. მოკლედ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და სჯობს რამდენიმე წუთი იმის გარკვევაში დახარჯოთ, ვინ ითხოვს თქვენგან ინფორმაციას, ვიდრე დღეები, საათები და ნერვები - თქვენი ზარალის ანაზღაურებაში.

4. ისწავლეთ ბრძოლა ვირუსებთან

პირველ რიგში საჭიროა იცოდეთ, რომ ვირუსი ჩვეულებრივი პროგრამაა. ეს არ არის რამე განსაკუთრებული, მისტიკური “არსება” და ბიოლოგიურ ვირუსთან მხოლოდ “მავნებლობა” აკავშირებს. ვირუსული პროგრამების უამრავი ტიპი არსებობს, ზოგის მიზანი ინფორმაციის მოპარვაა, ზოგის - კომპიუტერის რესურსების მითვისება, ზოგის კი - უბრალოდ ნერვების მოშლა.

ვირუსები თქვენს კომპიუტერში (ძირითადად) თქვენი თანხმობით აღწევენ. მაგალითად, რამე პროგრამის გადმოწერისას, თუ ამ პროგრამას გაუშვებთ, შეიძლება თან ვირუსი მოჰყვებოდეს, რომელსაც თქვენი ხელით გაააქტიურებთ.

ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული ვირუსები კი ფეიბუქზე გვხვდება, აქაც ფიშინგის მსგავსი რამ ხდება. თქვენი, უკვე დავირუსებული მეგობარი, აშეარებს ლინკს, რომელიმე ნიუს-სააგენტოდან. თქვენ შედიხართ ამ ლინკზე და იქ გხვდებათ მოთხოვნა, რომ იმისთვის, რომ ეს ნიუსი წაიკითხოთ, საჭიროა დააინსტალიროთ რამე დამატებითი პლაგინი თქვენი ბრაუზერისთვის.

ნუ დაეთანხმებით ამ პლაგინის დაინსტალირებას, დახურეთ საიტი და გაერთეთ რამე სხვა ბმულით.

ასჯერ გაზომეთ და ერთხელ დააკლიკეთ, როდესაც საეჭვო აპლიკაცია თქვენს ფეისბუქთან წვდომას ითხოვს

ასჯერ გაზომეთ და ერთხელ დააკლიკეთ, როდესაც საეჭვო აპლიკაცია თქვენს ფეისბუქთან წვდომას ითხოვს

თუ ასეთ პროგრამებს თქვენს ბრაუზერთან და კომპიუტერთან წვდომას მისცემთ, გარკვეული დროის შემდეგ, თქვენი მეგობრები აუცილებლად გეტყვიან, რომ თქვენს ფეუსბუქზე პორნო შეარდება ან თქვენგან პირად მიმოწერაში საეჭვო ლინკები მისდით. ეს, ყველაზე უწყინარ ვარიანტში. თეორიულად კი, მსგავს პროგრამებს მთელი სისტემის მოშლა შეუძლიათ.

ასევე, აუცილებელი არ არის, ვირუსი მის არსებობას “გაგრძნობინებდეთ”. არსებობს ვირუსები, რომლებიც თქვენს კომპიუტერს ე.წ. ბოტნეტის წევრად აქცევენ და ისე, რომ საერთოდ არ შეგაწუხონ, სხვა საიტებს უტევენ. ასეთი დავირუსებული კომპიუტერების დიდი ჯგუფები სხვადასხვა საიტების დროებით გასათიშად გამოიყენება - ვირუსი ზის თქვენთან და ელოდება ბრძანებას, რომ ფარულად “შევიდეს” რომელიმე საიტზე. როდესაც ბოროტმოქმედი ჯგუფს ააქტიურებს, სამიზნე საიტი ვერ უძლებს ერთდროულად ათასობით “ვიზიტორს” და ითიშება. გარდა პირადი მორალური წუხილისა, რომ თქვენი კომპიუტერი დანაშაულის უნებლიე მონაწილე ხდება, ასეთი ვირუსები ინტერნეტის შენელებასაც იწვევენ.

და ბოლოს, არსებობენ ე.წ. Ransomware ვირუსები, რომლებიც, კომპიუტერში მოხვედრის შემდეგ, ყველა თქვენს ფაილს დაშიფრავენ, “მძევლად აიყვანენ” და ულტიმატუმს წაგიყენებენ - თუ მითითებულ ვადაში ფულს არ გადაიხდით, ყველაფერს სამუდამოდ წაგიშლიან. ასეთ დროს, ყოველთვის აჯობებს, არ გადაიხადოთ ფული და ბედს შეეგუოთ, მით უმეტეს, თუ სწორად იქცევით და მნიშვნელოვანი ფაილების სარეზერვო ასლებს ინახავთ (ან, თუ Dropbox-ის მსგავს სერვისს იყენებთ).

ანტივირუსები

ხშირად, ვირუსს კომპიუტერში მოსახვედრად საერთოდ არ სჭირდება თქვენი თანხმობა - ბრაუზერის, სკაიპის ან ელფოსტის პროგრამაში არსებული ე.წ. ხვრელების გამოყენებით, ვირუსმა შესაძლოა ყველაზე გამოცდილი და დაკვირვებული მომხმარებლის სისტემაშიც შეაღწიოს. ასეთ დროს, დაცვის ერთადერთი მეთოდი ანტივირუსული პროგრამებია.

ვირუსის მსგავსად, ანტივირუსიც რიგითი პროგრამაა, რომლის ფუნქცია ვირუსების აღმოჩენა და გაუვნებელყოფაა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მომხმარებლები პროგრამაში ფულის გადახდას მიჩვეულები არ არიან, “გატეხილი” ანტივირუსის ქონა თითქმის შეუძლებელი ამოცანაა.

სხვადასხვა მონაცემებით, ყოველდღიურად 60 ათასამდე ახალი ტიპის ვირუსი ან ვირუსის მსგავსი მავნე პროგრამა იქმნება. თუ თქვენი ანტივირუსი მუდმივად განახლებული არ არის, მის არსებობას აზრი არ აქვს, რადგან ძალიან ცოტა შანსია, რომ ახალ-ახალი ვირუსების აღმოჩენა და მათგან თქვენი დაცვა შეძლოს. ამიტომ, ჩვენი რჩევაა, გაიმეტოთ ფული რომელიმე ანტივირუსის ლიცენზიისთვის.

ანტივირუსის შერჩევა არც ისე მარტივი საქმეა და საკმაოდ რთულია ზეპირად ითქვას, რომელია საუკეთესო. ამ თემაზე ყველა სისტემურ ადმინისტრატორს საკუთარი მოსაზრება აქვს. ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის კი ზედაპირულად შეიძლება შედარდეს სხვადასხვა მიმზიდველი ფუნქციები, თუმცა საბოლოოდ, მარტივად რომ ითქვას, სფეროს ლიდერი კომპანიების პროდუქტები საკმაოდ გამოცდილ და მყარ დაცვას უზრუნველყოფენ. ასეთებია, მაგალითად F-Secure, Sophos, McAfee, Bitdefender, Symantec Norton და ESET NOD32. უფრო დეტალური ინფორმაცია კი შეგიძლიათ PC Mag-ის ყოველწლიურ რევიუში იხილოთ.

ანტივირუსის დაყენების შემდეგ, პირველ რიგში გააკეთეთ სისტემის სრული სკანირება. როგორც უკვე ვთქვით, შესაძლოა საერთოდ ვერ ამჩნევდეთ, ისე ბუდობდეს სადმე ვირუსი. გარდა ამისა, ჩართეთ ფუნქცია, რომელიც ავტომატურად შეამოწმებს ვირუსებზე შეერთებულ მოწყობილობებს (მაგალითად, USB მეხსიერების ჩიპებს ან CD/DVD დისკებს). და, რაც მთავარია, გქონდეთ ანტივირუსი ყოველთვის განახლებული.

თუ სტატიის ბოლომდე ჩამოაღწიეთ და ერთი ახალი რჩევა მაინც მიიღეთ, გილოცავთ — ამიერიდან თქვენ კიდევ უფრო მეტად იქნებით დაცული ინტერნეტის მოხმარებისას. როგორც ხედავთ, უზარმაზარი სარგებლის მომტან ინტერნეტში ბევრი საყურადღებო დეტალი იმალება, თუმცა, საკმაოდ მარტივი რჩევების გათვალისწინებით, პრობლემების თავიდან აცილება არც ისე რთულია.