ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მომატებული რისკის გამო ევექსი ჰოსპიტლების პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს რეგულარული კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად ციფრულ კომუნიკაციას სთავაზობს.

ევექსი ჰოსპიტალების განმარტებით, ქსელში შემავალ 18-ვე სამედიცინო დაწესებულების სტაციონარულ განყოფილებებში პაციენტებთან მნახველების დაშვება დროებით შეზღუდულია. თუმცა ნახვის საათების ალტერნატივად დროის წინასწარ განსაზღვრულ მონაკვეთში ციფრულ კომუნიკაცია იქნება შესაძლებელი.

მათივე ცნობით, პაციენტებსა და მათ ახლობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ვიდეოზარები განახორციელონ ჰოსპიტლების მიერ შეთავაზებული პლანშეტებით. ასევე, მათივე ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური კუთხით უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ყოველი ვიდეოზარის შემდეგ პლანშეტები სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით გაიწმინდება.

ასევე, მათივე ცნობით, ევექსის ჰოსპიტალური ქსელი პაციენტების და მედპერსონალის მაქსიმალური დაცვისთვის შემდეგ პრევენციული ზომებს ატარებს:

  • ექიმებს ვირუსთან ბრძოლის საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება;
  • ყველა სამედიცინო ჰოსპიტალში განახლდა პაციენტის მიღების, მისი გადაადგილებისა და მართვის პროტოკოლები. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მონაცემებისა (მგზავრობა, კონტაქტები) და ანამნეზის შეკრება;
  • ჰოსპიტლების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მოხდა იზოლირებული ბლოკ-პალატების ინფრასტრუქტურული რესურსის გაძლიერება;
  • შეიქმნა ეპიდემიოლოგთა კომისია, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ჰოსპიტლების ეპიდზედამხედველობას;
  • სადეზინფექციო სამუშაოები ჰოსპიტლებში დღეში ორჯერ ტარდება. სამედიცინო ცენტრში ყველა შემომსვლელს გადაეცემა ნიღაბი, ასევე შენობის ტერიტორიაზე მათთვის ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენისთვის საჭირო სპირტის შემცველი ხსნარები;
  • ყველა ის ექიმი, ვინც ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, თვითიზოლირებულია და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს ითვალისწინებს;
  • ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ევექსი ჰოსპიტლების ქსელში არსებული 18-ვე საავადმყოფო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სამედიცინო მომსახურებას.