და, აი, ისიც! — ხომალდ Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა, ბოლო 50 წლის შემდეგ პირველად კი ასტრონავტები მთვარისაკენ მიემართებიან.

მთავარი ძრავის რამდენიმე წუთით ჩართვა მისიის მე-2 დღის მთავარი აქტივობა იყო, რომელიც 5 წუთსა და 50 წამს გაგრძელდა. ეს 3 აპრილს, გამთენიისას, მოხდა. ეკიპაჟის სავარძლებს უკან მომსახურების მოდულში მთავარი ძრავა ამუშავდა, Orion-ის სიჩქარე კი ამან საათში ათასობით კილომეტრით გაზარდა. NASA-დან დოქტორი ლორი გლეიზი ამბობს, რომ პროცესმა "უნაკლოდ" ჩაიარა.

NASA-მ 2 აპრილს, ღამით, Artemis 2 მისია წარმატებით გაუშვა. 4 ასტრონავტი დედამიწის ორბიტაზე გავიდა, თუმცა ერთი დღე ტექნიკური შემოწმება იყო საჭირო, სანამ ისინი მთვარისაკენ შეძლებდნენ წასვლას.

კაფსულის შიგნიდან კანადელმა ასტრონავტმა ჯერემი ჰანსენმა მისიის მართვის ცენტრს რადიოკავშირით გადასცა: "კაცობრიობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რისი ძალა შეგვწევს". დასძინა, რომ მთვარისაკენ ეკიპაჟს ქვემოთ მყოფთა მომავლის იმედები მიუძღვის წინ.

მთავარი ძრავის ჩართვის შედეგად Orion ერთგვარ მარყუჟოვან ტრაექტორიაზე გადის, რომელიც ეკიპაჟს მთვარის შორეულ მხარეს გაიყვანს; შემდეგ გრავიტაცია მათ ისევ დედამიწისაკენ დააბრუნებს. ისინი დედამიწიდან იმაზე შორს წავლენ, ვიდრე ადამიანებს ოდესმე მოუხერხებიათ — შესაძლოა, Apollo 13-ის 1970 წელს დამყარებულ რეკორდსაც კი გადააჭარბონ.

ცხადია, უკან დასაბრუნებელი გზაც არსებობს: გაუთვალისწინებელ შემთხვევაში კონტროლიორები მაინც შეძლებენ, ეკიპაჟი დედამიწაზე დააბრუნონ. მეორე მხრივ, პირველი 36 საათის შემდეგ ტრაექტორიაზე დარჩენა და ბუნებრივად დაბრუნება უფრო მარტივი იქნება.

Orion-ის პროგრამის მენეჯერმა, ჰოვარდ ჰიუმ, ძრავის ამუშავების შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "რა მშვენიერი ორი დღე იყო".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.