Artemis-ის მისია დაიწყო, ადამიანები მთვარისკენ ბრუნდებიან. ამის საპირისპიროდ, კვლავ აქტუალურია კონსპირაციის თეორიები, რომლების მიხედვითაც, მთვარეზე ჯერ არ ვყოფილვართ. ანუ, ყველაფერი ეს დადგმული იყო და ახლაც დადგმულია.

ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის! ადამიანმა მთვარეზე ფეხი ნამდვილად დადგა და არაერთხელ!

დღეს ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ულევი ინფორმაციაა, მაგრამ ამასთან ერთად დეზინფორმაციამაც იმატა. საკმარისია რაიმე კონსპირაციული თეორიით დაინტერესდეთ, ინტერნეტი ასეთ უამრავ ინფორმაციას მოგაწვდით. ასეთი იდეებითაა გადატენილი Reddit და Youtube, სადაც ადამიანები "სიცრუის მხილებას" ცდილობენ.

Next.On.ge-ში გადავწყვიტეთ განვიხილოთ არგუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ყველა ეს კონსპირაცია მცდარია. ამ კონკრეტულ სტატიაში ერთ არგუმენტს მოგიყვანთ, რის მიხედვითაც, აშკარაა, რომ ადამიანი მთვარეზე იმყოფებოდა.

ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა

ფოტო: NASA

თუ გსურთ ისეთი (ცრუ) სცენარის გათამაშება, რომელსაც ვერავინ გაამხელს, ბუნებრივია, გირჩევნიათ "შემსრულებლები" რაც შეიძლება ცოტა გყავდეთ. იმისთვის, რომ თქვენმა სიცრუემ არ გაჟონოს, მასზე ცოტამ უნდა იცოდეს. კონსპირაციის თეორიის მიმდევრებს რატომღაც მიაჩნიათ, რომ მთვარის მისიაში მხოლოდ ნილ არმსტრონგი მონაწილეობდა. . . რეალურად, მის უკან უამრავი ადამიანი იყო. მეტიც, თავად მთვარეზე დაშვება 6-ჯერ მოხდა. მაგრამ არც მისიების ეს რაოდენობა შეიძლება გვეუბნებოდეს რამეს, თუ არ ჩავთვლით იმას რომ გარკვეულ დონეზე მთლიანობაში ამ ყველაფერში 400 000 ადამიანი იყო ჩართული.

ერთი წამით წარმოიდგინეთ 400 000 შეთქმული თანამშრომელი, რომელიც სინამდვილეში არაფერს აკეთებს, არ მუშაობს და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კომპლექსურ მისიას სიმულირებს. ანუ, ჩვენ გვაქვს საქმე არა რამდენიმე შეთქმულ პირთან, არამედ 400 000 ადამიანთან.

ცალკე საკითხია გადამღები ჯგუფი, რომელსაც იმ დროისთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელი მისიის შესრულება მოუწევდათ — მათ კადრები უნდა გაეყალბებინათ, მეტიც, შეექმნათ ვიდეო მასალა, რომელიც ფიზიკურად არ არსებობდა. არ გეგონოთ, რომ ადამიანებმა მხოლოდ არმსტრონგის ნაბიჯები ნახეს. საუბარია კადრებზე, სადაც რაკეტის გაშვება და კაფსულის ორბიტაზე შესვლა-დაშვება ჩანს. ასეთი კადრების "გაყალბება" სტენლი კუბრიკსაც შეშურდებოდა.

ადამიანების უმეტესობამ ძალიან ცოტა იცის იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იყო საჭირო პირველი მისიის თითოეული ნაწილის გადასაღებად. მაგალითად, დაშვების კადრების გამართულობაზე ასობით ადამიანი იყო პასუხისმგებელი. თუ მისია გაყალბებულია, მათ აუცილებლად ეცოდინებოდათ, რომ კადრები სინამდვილეში მთვარიდან არ მოდის. უფრო მეტიც, ცნობილი სურათების დამუშავებასა თუ შეგროვებაზე ცალკეული გუნდები მუშაობდა.

შეგახსენებთ, ეს მხოლოდ ერთი არგუმენტია იმისა, რაც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი კონსპირაცია ვერ იქნებოდა. Artemis 2-ის მისიის ფარგლებში, ყოველდღე ერთ ასეთ არგუმენტს შემოგთავაზებთ და ვეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მავნე კონსპირაციული თეორიების გაქარწყლებაში.

ყველა სხვა არგუმენტის ერთად ნახვა ამ სტატიაში შეგიძლიათ: საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — კონსპირაციის უარყოფა

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.