მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი სოციალურ ქსელში კორონავირუსის პანდემიას გამოეხმაურა და რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, "ავისმოსურნეები" ლაბორატორიის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ და კარგია, რომ არ გამოუვიდათ.

"კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ 2011 წლამდე (სანამ ოფიციალურად გაიხსნებოდა) და შემდეგ, თუ რამხელა საინფორმაციო ომის გადატანა მოგვიწია შინაური თუ გარეული ავისმოსურნეებისაგან, იმ ხალხისგან, რომელთა ერთადერთი საზრუნავიც საქართველოსა და ქართველების დაზიანებაა. ამ ადამიანებმა კარგად იცოდნენ, თუ რამხელა ამაგის გაწევა შეეძლო ამ ლაბორატორიას კრიტიკულ შემთხვევებში და მაქსიმალურად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მისი ფუნქციონირებისთვის. მადლობა უფალს ეს არ გამოუვიდათ", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

ის მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც "ამ საშვილიშვილო საქმის" განხორციელებაში იყო ჩართული. განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებეულ შტატებს.

მეუფე მელქისედეკი ქართველი ექიმების თავდადებასაც უსვამს ხაზს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"ბევრი განსაცდელი გადაგვიტანია და ამასაც აუცილებლად დავძლევთ, მთავარია არ დავკარგოთ უფლის იმედი, გვიყვარდეს ერთმანეთი და დავუჯეროთ პროფესიონალებს", — წერს ეპისკოპოსი.

რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია არაერთხელ გამხდარა დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული თავდასხმის მსხვერპლი. ყველაზე აქტიურად ლაბორატორიის არსებობას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ებრძვის და ამტკიცებს, რომ იქ აშშ-ის დაკვეთით ბიოლოგიური იარაღი იქმნება.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან ლუგარის ლაბორატორია იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ინფიცირებულის ტესტების კვლევა შეძლეს.