გზამკვლევი ინტროვერტებისთვის — როგორ გადავრჩეთ სამსახურში
რთულია, იყო ინტროვერტი სამყაროში, რომელშიც საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმა პირდაპირაა დაკავშირებული წარმატებასთან. მწერალი და თვითგამოცხადებული ინტროვერტი, მორა აარონს-მელე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვთავაზობს რჩევებს იმისთვის, თუ როგორ შევცვალოთ მუშაობის სტილი ისე, რომ არ ვუღალატოთ საკუთარ თავს.
მე ამბიციური და შრომისმოყვარე ვარ. ამასთანავე — საშინელი ინტროვერტიც. მე მინდა მქონდეს ღირებული კარიერა, მაგრამ ჩემი იდეალური დღე მაქსიმალურად ცოტა ადამიანთან ურთიერთობას, დიოდური განათებისგან თავის არიდებას და დიდი რაოდენობით მშვიდ დროს მოიცავს. ასეთი დღეების მოწყობა განსაკუთრებით მაშინაა რთული, როცა გსურს, წარმატებული პროფესიული ცხოვრება გქონდეს.
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ლიდერობის უნარსა და ამბიციურობას აიგივებს ექსტროვერსიასთან და სამუშაო სივრცეებში ფიზიკურად ყოფნასთან. ეს გარემოება ხშირად გამოწვევად იქცევა ხოლმე ინტროვერტებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, თავიანთ საქმეს ბრწყინვალედ ასრულებდნენ, მაგრამ უჭირდეთ შეგუება საოფისე პოლიტიკასთან, გრძელვადიან სამუშაო გრაფიკთან და ისეთი გამღიზიანებლების მუდმივ ზემოქმედებასთან, როგორებიცაა ხმაური, სინათლე და პირად სივრცეში შემოჭრილი ადამიანები. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არის დანებება — პასუხი ჩვენი სამუშაო კულტურის შეცვლაში უნდა ვეძიოთ.
ხარ თუ არა ინტროვერტი
შეუძლებელია, ყველა ინტროვერტი ერთ ყალიბში მოაქციო: ზოგიერთი მათგანი მორცხვია და ცდილობს, თავიდან აირიდოს ხალხთან ურთიერთობა. სხვებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ შემდეგ ძალების აღსადგენად წყნარი გარემო სჭირდებათ (მაგალითად, ემი შუმერი და ოპრა უინფრი თავს ინტროვერტებად მიიჩნევენ). და არიან ისეთებიც, ვისაც უცხო ხალხთან ურთიერთობა ან აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა აშინებთ.
მაგრამ გადატვირთული ოფისებისთვის დამახასიათებელი ფუსფუსი და მკაცრად გაწერილი სამუშაო განრიგი ყველა ინტროვერტს ფიტავს. ჩვენ გვჭირდება მშვიდი, ენერგიის განმაახლებელი საათები; ჩვენ გვჭირდება საკუთარ სივრცეზე, მუშაობის ტემპსა და სამუშაო გარემოზე კონტროლის ქონა.
თუ ზუსტად არ იცი, ინტროვერტი ხარ თუ ექსტროვერტი, საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები დაუსვი: მარტო ყოფნისას გრძნობ, რომ ახალი ენერგიით ივსები? შესაძლებლობა რომ გქონდეს, სამუშაო დღის ნაწილს თანამშრომელთა გარემოცვაში ყოფნის ნაცვლად სიმშვიდეში გაატარებდი? თუ პასუხები დადებითია, დიდი შანსია, ინტროვერტი იყო. ეს სულაც არ არის ცუდი; მაგრამ იმას კი შეიძლება ნიშნავდეს, რომ წარმატების მისაღწევად ხელსაყრელი პირობების შექმნაზე ზრუნვა თავად მოგიწევს.
იცოდე შენი საზღვრები და დააწესე ლიმიტები
სამსახურისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების გამოსამუშავებლად საზღვრების დაცვა მნიშვნელოვანია. ეს ყველას ეხება, მაგრამ განსაკუთრებით — ინტროვერტებს. როგორც ინტროვერტს, რამდენიმე შეხვედრაზე გადაბმულად და შესვენების გარეშე დასწრებამ, საკუთარი სივრცისა და სიმარტოვის ნაკლებობამ, ძლიერმა განათებამ, ხმაურმა ან ისეთმა სამსახურმა, რომელიც შენგან ღამის საათებსა და შაბათ-კვირას მუშაობასაც მოითხოვს, შესაძლოა, თავი შებოჭილად გაგრძნობინოს.
იმისთვის, რომ იცოდე შენი საზღვრები და დააწესო შესაბამისი ლიმიტები, ეცადე, უპასუხო შემდეგ კითხვებს:
- დღის რომელ მონაკვეთში ხარ უფრო პროდუქტიული და როდის გრძნობ დაღლილობას?
- მუშაობ შაბათ-კვირას? ასეთ დროს უკმაყოფილო ხარ თუ მოგწონს, რომ საშუალება მოგეცა, მშვიდად მოილიო საქმეები?
- რა გიფანტავს ყურადღებას და როგორ გარემოში გრძნობ თავს მობილიზებულად?
- თუ ხმაურიან კაფეში ხარ ან მკვეთრად განათებულ გარემოში, თავს როგორ გრძნობ?
- როდის ხარ უფრო პროდუქტიული — მარტო მუშაობისას თუ ადამიანების გარემოცვაში? როდის გეხმარებიან კოლეგები იდეების მოფიქრებაში და როდის გჭირდება მარტო ყოფნა?
- რომ შეგეძლოს იდეალური კვირის შექმნა, როგორი იქნებოდა შენი განრიგი?
- რა ფაქტორები გიჩენს სამუშაო გარემოდან თავის გარიდების სურვილს?
ახლა, როცა უკვე იცი შენი ლიმიტები, შეგიძლია, მონიშნო საზღვრები ისე, რომ გამუდმებით არ მოგიწიოს მათი დარღვევა. ამის გაკეთების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა არის ფორმულის, "ტემპი, ადგილი, სივრცე", გამოყენება. ის ასე მუშაობს:
მოირგე ტემპი. არ არსებობს კანონი იმის შესახებ, რომ სამუშაოდ განსაზღვრული რვა საათისას შეუსვენებლად და ერთ ტემპში უნდა გავისარჯოთ. შესაძლოა, შენთვის უმჯობესია, თუ დროს დაანაწევრებ: მაგალითად, დატვირთული ორდღიანი სამუშაოს შემდეგ შედარებით მშვიდგანრიგიან დღეს მოიწყობ იმისთვის, რომ საკუთარ თავთან განმარტოვდე. ან, იქნებ, დატვირთული ცხრიდან ხუთამდე დღეების და საღამოს თავისუფალი საათების ქონა გირჩევნია? ყველა ვარიანტში სამუშაო განრიგი უნდა სტრატეგიულად დაგეგმო, რათა ის შენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად მოერგოს. დაფიქრდი: შეგიძლია, რომ დღის განმავლობაში სამსახურის ჩეთში დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჰყო? ან შეგიძლია, რომ შენს კალენდარში მშვიდი სამუშაოსთვის გამოყო დღეები?
გადახედე შენს სამუშაო ადგილს. შესაძლოა, წყნარი სივრცის მოსაძებნად დღის განმავლობაში რამდეგჯერმე გადაადგილება მოგიწიოს. დაფიქრდი, რამდენადაა შესაძლებელი, შენი სამუშაო მაგიდა მეტად კომფორტული გახადო ან სხვა, ისეთ ადგილას გადაჯდე, სადაც თავს მყუდროდ იგრძნობ. შესაძლებელია, სასეირნოდ გახვიდე, მიხვიდე შენს საყვარელ კაფეში ან, უბრალოდ, საპირფარეშოს შეაფარო რამდენიმე წუთით თავი, რათა ცოტა ხნით სული მოითქვა?
ამას გარდა, შეგიძლია, ხმაურის, სინათლისა და ყურადღების გამფანტავი სხვა ფაქტორების შემცირებაზეც იზრუნო. ბევრი ადამიანი იყენებს ხმის ჩამხშობ ყურსასმენებს იმისთვის, რომ ცოტა ხნით მოსწყდნენ გარემომცველ რეალობას. ასეთ დროს განათებაც მნიშვნელოვანია: შეგიძლია, გამორთო დიოდური განათება შენი მაგიდის ტერიტორიაზე ან ის ნათურები აანთო, რომლებიც ნაკლებად გამაღიზიანებელია? თუ იგრძნობ, რომ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ჯგუფჩეთი ან სხვა საკომუნიკაციო სერვისი დამღლელი ხდება, გარკვეული დროით ჩახურე ის ან გათიშე შეტყობინებები.
ბევრი ჩვენგანისთვის აღნიშნული მეთოდების განხორციელებისთვის განყოფილების უფროსთან გასაუბრება იქნება საჭირო. თუ ეს შენს შემთხვევაშიც ასეა, ქელი უილიამს იოსტი — სამუშაო სივრცის ექსპერტი და წიგნის, სამუშაო+ცხოვრება: შენთვის მისაღები ბალანსის პოვნა, ავტორი — მსგავსი ტექსტის გამოყენებას გირჩევს: "მე მეტად პროდუქტიული მაშინ ვარ, როცა შემიძლია, დროის რაღაც მონაკვეთებში მხოლოდ საქმეზე ვფოკუსირდე. ეს, აი, ასე დამეხმარება [აუხსენი, როგორ დაგეხმარება ეს]; ასე ვაპირებ ამის მიღწევას [აუხსენი, როგორ აპირებ ამის მიღწევას]; და თუ ადამიანებს ჩემთან კონტაქტი დასჭირდებათ, შეეძლებათ, აქ დამიკავშირდნენ [უთხარი ელექტრონული ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი]".
შექმენი პერსონალური სივრცე. ბევრ ინტროვერტს პრობლემას არ უქმნის არასამუშაო საათებში ელექტრონული ფოსტით ან მესიჯებით კონტაქტი, თუ ისინი თავად აკონტროლებენ, სად იმყოფებიან პასუხის გაცემის დროს. მაგრამ ზოგიერთისთვის თავისუფალ დროს კომუნიკაცია და პასუხის მყისიერად გაცემის ვალდებულება ერთობ მძიმე მოვალეობაა. ასეთ დროს ლიმიტის დაწესება არსებითად მნიშვნელოვანია: შეგიძლია, კავშირის შესაზღუდად პირდაპირ შეახსენო კოლეგებს, რომ ახლა შენი თავისუფალი დროა, ან უთხრა მათ, რომ პირადი სივრცე გჭირდება, ან თუნდაც ყურსასმენების გაკეთებით მიანიშნო სხვებს, რომ იმ მომენტში საუბრისთვის განწყობილი არ ხარ.
მიიღე მაქსიმალური თათბირებისგან
ვინც უნდა იყო — რესტორანში მიმტანად მომუშავე თუ ოფისის მენეჯერი — დიდი ალბათობით თვეში ერთ ან რამდენიმე შეხვედრაზე დასწრება ყველა ვარიანტში გიწევს. თათბირი, შეიძლება, გამოწვევა იყოს იმ ინტროვერტებისთვის, რომლებსაც უჭირთ, საკუთარი იდეების ზეპირსიტყვიერად გამოხატვა ან ხმაურიან გარემოში ყოფნა და თავის გამოჩენა. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს გზები, რომლებიც აღნიშნული პროცესის გამარტივებაში დაგეხმარება.
1. დაჯექი სათათბირო მაგიდასთან.
ყველას დაანახე, რომ ოთახში ხარ და ეცადე დასძლიო კუთხეში ჩუმად მიყუჟვის სურვილი. ამის თაობაზე ჯილ ფლინი გვირჩევს: "თათბირზე ადრე მიდი, აირჩიე ყველა მხრიდან ადვილად დასანახი ადგილი მაგიდასთან და ჩაერთე დისკუსიაში მაშინაც კი, თუ ეს გეუხერხულება. შენი აზრი თვითდაჯერებულად, ხაზგასმით და მკაფიოდ გამოთქვი. ამის მისაღწევად წინასწარ ივარჯიშე იდეის იმგვარად გადმოცემაში, თითქოს ის იმ წუთას დაგებადა. დიალოგისთვის ყურადღებით მოსმენა და თათბირის სიტყვიერად შეჯამებაც კი მშვენიერი საშუალებაა იმისთვის, რომ სხვებს შენი ხმა გააგონო".
2. გააგრძელე პროცესი
თუ ფიქრობ, რომ შენ მიმართ მოულოდნელად დასმული შეკითხვისთვის პასუხი მზად არ გაქვს, თქვი, რომ დრო გჭირდება, რათა უკეთესად შეაფასო საკითხი და მოგვიანებით უპასუხებ. ამის შემდეგ თათბირზე დამსწრეებს მეილით რაიმე გონებამახვილური მიწერე. ამ გზით უკანასკნელი სიტყვა შენზე იქნება.
3. გამოთქვი აზრი ადრე და არა — ხშირად.
თათბირის დაწყებისთანავე აზრის გამოთქმა, მაშინაც კი, თუ რაღაც ბანალურს ამბობ, სხვების თვალში შეხვედრის აქტიური მონაწილის სტატუსს დაგიმკვიდრებს. ამან, შესაძლოა, დაძაბულობაც მოგიხსნას. ამის შემდეგ შეგეძლება, მშვიდად მოუსმინო განხილულ საკითხებს და ჭკვიანური იდეის წამოყენებაზე არ ინერვიულო.
4. დაგეგმე თათბირამდე შეხვედრა
ფლინი "თათბირამდე თათბირის" დაგეგმვაში დაოსტატებასაც გვირჩევს. შეხვედრისთვის მოსამზადებლად შეგიძლია, დაინტერესებულ მხარეებს წინასწარ დაუკავშირდე, გაიგო მათი პოზიციები და, შესაბამისად, წარმოდგენა შეიქმნა დღის წესრიგსა და მოსალოდნელ შედეგებზე. შენი შეხედულება წინასწარ გაუზიარე თათბირის წამმართველს, ამ გზით თავად შეხვედრის დროს აზრის დაფიქსირება გაგიადვილდება.
რთულია, იყო ინტროვერტი იმ სამყაროში, სადაც წარმატება ხმამაღლა თვითგამოხატვის უნართანაა გაიგივებული. მაგრამ თუ იმ წარმატებულ ადამიანებს შეადარებ ერთმანეთს, რომელთაც სამაგალითოებად მიიჩნევ, დიდი ალბათობით აღმოაჩენ, რომ ყველა მათგანმა მიზნების მიღწევისას სამუშაო გარემო თავიანთ ხასიათს მოარგო.
ბევრი ცდისა და შეცდომის დაშვების ხარჯზე მე ვისწავლე ჩემი ძლიერი მხარეების გამოყენება და ინტროვერსიის გამოკვება. შედეგად, უკვე ნაკლებად ვკონცენტრირდები მომავალში მისაღწევ წარმატებაზე და მეტად ფოკუსირებული ვარ ყოველდღიურ მიზნებზე.
მთავარია, გახსოვდეს: არაფერი უშავს, თუ დააწესებ საზღვრებს და ცხოვრების საკუთარ სტილს მოარგებ სამუშაო სფეროს. მიეცი საკუთარ თავს ნება, დატოვო წვეულება ადრე; გამორთო შუქები; იყო მარტო და ბედნიერი.
კომენტარები