იმიტაციის თამაში და ავტომატონების ისტორია — ფიქრობენ თუ არა რობოტები
1635 წელს გამოჩენილ ფილოსოფოსს და მათემატიკოს რენე დეკარტს, რომელმაც ცნობიერებაზე თანამედროვე დებატს დაუდო საფუძველი, შვილი შეეძინა — ფრანცინ დეკარტი. დეკარტი შვილთან ერთად საფრანგეთში მიემგზავრებოდა, როცა გოგოს ქუნთრუშა შეეყარა და 5 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბევრისთვის ფრანცინის ისტორია აქ მთავრდება, თუმცა გავრცელებული (ნაკლებად დოკუმენტირებული) ისტორიის მიხედვით, დეკარტის შვილმა "მეორე ცხოვრება" ჰპოვა. ისტორიის ამ ვერსიის მიხედვით, შვილის გარდაცვალებით დამწუხრებულმა დეკარტმა, რომელიც ავტომატონების და მექანიკური თოჯინების ენთუზიასტი იყო, ფრანცინის მექანიკური რეპლიკა გააკეთა. რომელიც, ლეგენდის მიხედვით, ნამდვილი ბავშვის იდენტურად გამოიყურებოდა.
ისტორიის დეტალები ბუნდოვანია, თუმცა ზოგი ვერსიით, მოგზაურობისას დეკარტს თავისი შვილის რეპლიკანტი სულ თან დაჰყავდა.
1646 წელს შვედეთის დედოფალმა დეკარტი თავისთან იხმო, სადაც ფილოსოფოსი ხომალდით გაემგზავრა.
ერთ-ერთი ისტორიის მიხედვით, დეკარტის კაიუტიდან ლაპარაკის ხმა გამოდიოდა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფოსი ოთახში მარტო ცხოვრობდა. ერთხელ შეცბუნებულმა მეზღვაურებმა დეკარტის კაიუტაში შეიხედეს და პატარა გოგოს ავტომატონი დაინახეს.
შეძრულმა მეზღვაურებმა იფიქრეს, რომ თოჯინა მოჯადოებული იყო, სასოწარკვეთილებმა ავტომატონი დაამტვრიეს, ნაწილები კი ზღვაში მოისროლეს.
მას შემდეგ, რაც დეკარტმა თავისი "შვილის" ხელმეორე სიკვდილის შესახებ გაიგო, ის შეუძლოდ გახდა და მალევე გარდაიცვალა.
როგორც აღვნიშნე, ისტორიას საეჭვო წყაროები აქვს და ის მითი უფროა, ვიდრე რეალობა. თუმცა, ავტომაციის და რობოტიკის პოპულარობის გათვალისწინებით, რეპლიკანტი ფრანცინ დეკარტის ისტორია მეტად საყურადღებოა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ დეკარტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სცადა განემარტა რა განსხვავებაა ცხოველებს, რობოტებს და ადამიანებს შორის.
მე-17 საუკუნე მექანიკური ინჟინერიის და ავტომატონების ეპოქა იყო. ამ პერიოდში, მექანიკური ობიექტებით, ავტომატონებით და პირველყოფილი რობოტებით ყველა ინტერესდებოდა, ფილოსოფოსებით დაწყებული, ფიზიკოსებით დამთავრებული.
იმ დროისთვის პოპულარული "მექანისტური ფილოსოფიით", ბუნებრივი სამყარო ჩვენ გარშემო ერთი დიდი მექანიკური მექანიზმი იყო, მექანიზმი, რომელიც ყველაზე დიდმა ხელოვანმა, ღმერთმა შექმნა.
დეკარტი მიიჩნევდა, რომ რეალური განსხვავება ცხოველებსა და რობოტებს შორის არ არსებობდა. რობოტები, ცხოველების მსგავსად რეაგირებდნენ "გარედან შემოსულ" ინფორმაციაზე, შეზღუდულები იყვნენ აბსტრაქტულ აზროვნებაში და ბოლოს, აკლდათ ის, რაც ადამიანებს უნიკალობას სძენდა — "სული".
თუნდაც იმდროინდელ რობოტებზე დაკვირვებით, მარტივად აღმოაჩენთ რატომ მივიდა დეკარტი ასეთ დასკვნებამდე და რატომ იყო ამდენი ხელოვანი თუ ფილოსოფოსი ავტომატონებით დაინტერესებული.
"ფლეიტისტი", იმ პერიოდში მექანიკური ინჟინერიის საგანძურად მოიაზრებოდა. ეს ავტომატონი 1737 წელს, ჟაკ დე ვაუკანსონმა შექმნა. მას ფლეიტაზე 12 სიმღერის დაკვრა შეეძლო.
განსაკუთრებით საინტერესოა ფლეიტაზე დამკვრელი "ბიჭის" დეტალები და "მანერიზმები."
ბევრი რეალური შემსრულებლის მსგავსად, ეს ავტომატონი დაკვრისას თვალებს ხუჭავდა და თავს ამოძრავებდა.
ვაუკანსონს ასევე ეკუთვნის რობოტი, სახელწოდებით "მომნელებელი იხვი".
იხვის ავტომატონი ფრთების მოძრაობის გარდა, საჭმლის ჭამის და შემდგომ დეფეკაციის ილუზიას ქმნიდა. რაც, ბევრისთვის დეკარტის იდეის ილუსტრაცია იყო, რომ ცხოველი უბრალოდ ხორცშესხმული "ავტომატონია" — დიდი მექანიზმის პატარა ნაწილი.
ავტომაცია და რობოტიკა მე-17 საუკუნეში არ დაწყებულა. ხშირად მოიაზრება, რომ პირველი რეალური ავტომატონები ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში გამოიყენებოდა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ პირველი რობოტი ბერძენმა მათემატიკოსმა, არქიტემ შექმნა.
ხის ქმნილებას კომპრესირებული აირის გამოყენებით 200 მეტრის სიმაღლეზე შეეძლო აფრენა. მისი მუშაობის მექანიზმის დეტალები უცნობია. თუმცა, ჰერონის მიერ (ალექსანდრიელი მათემატიკოსი) ის დოკუმენტირებულია, როგორც ერთ-ერთი პირველი მფრინავი მოწყობილობა.
ჰელინისტური ეპოქის ავტომატონებიდან ერთადერთი შემორჩენილი ეგზემპლარი, "ანტიკითერას მექანიზმია". მიიჩნევა, რომ ეს არის პირველი ანალოგური გამოანმგარიშებელი (კომპიუტერი). ეს მოწყობილობა ასტრონომიული კალენდრის ფუნქციას ასრულებდა.
რობოტიკის და ავტომატონების შექმნისას, ხელოვანები და მეცნიერები ხშირად ერთი პრინციპით ხელმძღვანელობდნენ, რომელიც განსაკუთრებულით პოპულარული, მე-18 საუკუნეში გახდა. საუბარი მაქვს ანთროპომორფულობის პრინციპზე.
ანთროპომორფული რობოტიკის ეპოქა
თუ გადახედავთ ავტომაციის ისტორიას, აღმოაჩენთ, რომ ინჟინრები ხშირად ადამიანების და ადამიანური აქტივობის მექანიკურ რეპრეზენტაციას ცდილობდნენ. მცდელობები, რომ რობოტს ადამიანური გარეგნობა ან ადამიანური თვისებები ჰქონოდა, მეტწილად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რობოტის ფუნქციურობა.
ამ პრინციპის მაგალითების პოვნისთვის შორეულ წარსულში მოგზაურობა საჭირო არც არის.
მაგალითისთვის, Honda-ს რობოტი სახელად ასიმო, ერთ-ერთი პირველი მრავალფუნქციური ჰუმანოიდი რობოტი იყო, რომელსაც ნივთების, მოძრავი ობიექტების, მინიშნებების და სახის გამომეტყველების აღქმა შეეძლო.
ამჟამად ჰონდას რობოტი მირაიკანის მუზეუმში იმყოფება. "მრავალფუნქციურობის" მიუხედავად, ის არც ისე პრაქტიკული იყო. მიუხედავად ამისა, ასიმომ რობოტმწარმოებული კომპანიები შთააგონა. და შედეგად ბევრმა კომპანიამ ისეთი რობოტების განვითარება დაიწყო, რომლებიც ადამიანებს თავიანთ საქმიანობაში ეხმარებიან.
აეოლუსის ახალი "მსახური რობოტი" ამის ერთი მაგალითია. კომპანიის გენერალური დირექტორის, ალექსანდრ ჰუანგის თქმით, ეს რობოტი დროთა განმავლობაში სახის გამომეტყველებებს და მიმიკებს უკეთ სწავლობს, რაც მას ბრძანებების შესრულებაში ეხმარება.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ რობოტი სახლის დალაგებას, ნივთების მოწოდებას და საჭმლის გაკეთებასაც კი შეძლებს.
აქ მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაისვას. საჭიროა თუ არა, რომ რობოტი ადამიანურად გამოიყურებოდეს?
მეორენაირად რომ ითქვას, ზემოხსენებული ფუნქციების შესასრულებლად, "ჰუმანოიდური ფორმა" გარდა იმისა, რომ არანაირ რეალურ ფუნქციას არ ემსახურება, საკმაოდ არაპრაქტიკულიც კია.
მაგალითად, ბორბლებით ან მუხლუხოებით გადაადგილება ენერგეტიკულად ბევრად მომგებიანია. ფუნქციის და მოვალეობის შესასრულებლად რობოტი "სახეს", განსაკუთრებით კი ადამიანურ სახეს, არ საჭიროებს. ამის მიუხედავად, ბევრი კომპანია რომელიც დამხმარე რობოტების კომერციულ წარმოებას გეგმავს, მაინც ცდილობს, რომ პროდუქციას ადამიანური გამომეტყველება ჰქონდეს.
რობოტისთვის ადამიანური სახის და ხასიათის მინიჭება მიზნად ჩვენ (ადამიანების) ემოციურ პასუხს ისახავს.
საიდუმლო არაა, რომ ადამიანები მუდამ ცდილობენ ადამიანური ნაკვთების და თვისებების დანახვას ცხოველებში, ბუნებაში და უსიცოცხლო ნივთებშიც კი. ნებისმიერი რამ რაც კი ოდნავ მაინც გავს ადამიანს, ხშირად ემოციურ პასუხს განაპირობებს.
მაგალითად, American Express-ის 2009 წლის რეკლამა, ბევრისთვის უცნაურად ემოციური გამოდგა, რადგან უსულო ობიექტები თითქოს "ემოციას გამოხატავდნენ". უსიცოცხლო ნივთებში ემოციების დანახვის მიდრეკილება , ხშირად კარგი მარკეტინგული საშუალებაა.
ამას გარდა, უსიცოცხლო ნივთების "ადამიანურობა" ამ ნივთებს გარკვეულ პიროვნულობას და დამაჯერებლობას მატებს.
კომერციული მიზეზების გარდა, რობოტებისთვის ადამიანური სახის მინიჭება თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური ამბიციების ერთგვარი მანიფესტაციაცაა.
მანქანური დასწავლის და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, კომპიუტერებში და რობოტებში "ადამიანური" ელემენტების რეპლიკაცია მნიშვნელოვნად გამარტივდა. 2018 წელს Google-ის კონფერენციაზე, აღმასრულებელმა დირექტორმა აჩვენა პირველი ნამდვილი საუბარი, რომელიც შედგა კომპანიის AI-ს და ნამდვილ ადამიანს შორის.
Google-ის ასისტენტის "საუბარი" იმდენად ბუნებრივი იყო, რომ სალონში მომუშავე ადამიანმა, რომელსაც Ai-მ დაურეკა, არაფერი იეჭვა. ეს Google ასისტენტის პოტენციალის მხოლოდ პატარა დემონსტრაცია იყო. მომავალში, სავარაუდოდ ეს ტექნოლოგია სრულფასოვნად დაინერგება.
გარდა იმისა, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება მრავალ ეთიკურ შეკითხვას აჩენს. რამდენიმე საინტერესო გარემოება იქმნება, რომელიც "ადამიანურობის" გადააზრებისკენ გვიბიძგებს. კითხვა — "შეუძლიათ თუ არა მანქანებს აზროვნება?" ისევ დისკუსიის საგანი ხდება.
საინტერესოა, რომ ამ საკითხის განხილვა კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებლისთვის, ალან ტურინგისთვის მაინცდამაინც აზრიანი არ იყო.
მკრთალი ზღვარი
"შეკითხვა შეუძლიათ თუ არა მანქანებს აზროვნება? განხილვისთვის ზედმეტად უაზრო მგონია", — წერს ტურინგი თავის ცნობილ სტატიაში, რომელსაც ხშირად ტურინგის ტესტს ეძახიან.
ტურინგისთვის მანქანებს ადამიანური აქტივობის დამაჯერებელი იმიტაცია შეეძლოთ და არა მათი რეპლიკაცია.
აშკარაა, რომ Google-ის ასისტენტი სინამდვილეში არ ლაპარაკობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ტვინში მიმდინარე პროცესები, რომლებიც ლაპარაკს განაპირობებენ და პროცესები, რომლებიც კომპიუტერში მიმდინარეობს, განსხვავებულია. თუმცა, საბოლოო შედეგი — სინტაქსურად გამართული წინადადებები, იგივეა.
"ფიქრობს თუ არა მანქანა" ისეთივე შეკითხვაა, როგორც "დაფრინავს თუ არა თვითმფრინავი" ან "დაცურავს თუ არა წყალქვეშა ნავი". ძალიან აშკარაა, რომ მანქანის და ჩიტის "ფრენა" ძალიან განსხვავებული მოვლენებია, თუმცა ისინი ერთიდაიგივე სიტყვით აღინიშნება.
ზედაპირული გაგებით, თუ ფრენაში ვიგულისხმებთ ჰაერში ხანგრძლივ გადაადგილებას, მაშინ თვითმფრინავის და ჩიტის ფრენას შორის დიდი განსხვავება არ არის.
თუმცა, საკითხის უფრო დეტალური განხილვისას, განსხვავებები აშკარაა.
მიუხედავად ამისა, ტურინგის სკეპტიციზმი შეიძლება ითქვას მივიწყებულია. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, "იმიტაციის თამაში" იმდენად დამაჯერებელი ხდება, რომ მანქანური და ადამიანური აქტივობების გარჩევა უფრო და უფრო რთულდება.
როდესაც ადამიანთან ვურთიერთობთ, ჩვენ მის შინაგან მოწყობას და ტვინში მიმდინარე პროცესებს არ ვხედავთ. ხილული, მხოლოდ ამ პროცესების შედეგებია: იქნება ეს მიმიკები, მანერიზმები თუ საუბრის სტილი. ჩვენი ემოციური პასუხი მსგავს ურთიერთობებში, უშუალოდ ბიოლოგიური პროცესებით კი არა, არამედ მათი მანიფესტაციით არის განპირობებული.
რობოტი სახელად სოფია, საუდის არაბეთის ოფიციალური მოქალაქე გახდა. ცხადია, მოქალაქეობის მინიჭება სიმბოლური ჟესტი იყო, თუმცა რობოტისთვის მოქალაქის სტატუსის თუნდაც სიმბოლურ მინიჭებას მნიშვნელოვანი იმპლიკაციები აქვს.
თუ არ ვიცით სინამდვილეში რა განაპირობებს ადამიანურ ცნობიერებას, ხოლო ამასთანავე ადამიანების უფრო და უფრო დამაჯერებელი რეპლიკები იქმნება, მომავალში საერთოდ შევძლებთ თუ არა რობოტის და ადამიანის გარჩევას?
რა მოხდება მაშინ, როცა იმიტიაციის ორიგინალისგან გარჩევა შეუძლებელი გახდება?
რეალობა, სადაც რთულია იმის დამტკიცება, რომ რობოტი არ ვარ, ჯერჯერობით, სავარაუდოდ, შორეული მომავალია. თუმცა, ტექნოლოგიური პროგრესის სწრაფი ტემპების გათვალისწინებით, გარკვეულ კითხვებზე დაფიქრება უკვე გვიწევს.
რადგან ზღვარი რეალობას და ფიქტიურს, ცოცხალს და არაცოცხალს, ცნობიერს და არაცნობიერს შორის ნელ-ნელა იშლება, ვგონებ სავსებით შესაძლებელია, რომ რენე დეკარტს თავისი შვილის რეპლიკანტი (თუკი ის მართლა არსებობდა) ისევე ჰყვარებოდა, როგორც "ორიგინალი".
კომენტარები