ვაშინგტონის უნივერსიტეტის შექმნილი ფაზლი, შესაძლოა, კორონავირუსთან ბრძოლაში დაგვეხმაროს
ვაშინგტონის უნივერსიტეტმა კორონავირუსთან ბრძოლის განსხვავებული მეთოდი შემოგვთავაზა.
უნივერსიტეტის ახალ თავსატეხ თამაშში მეცნიერებმა და მოხალისეებმა ისეთი ცილა უნდა ააგონ, რომელიც ვირუსს ადამიანის უჯრედებში შეღწევის საშუალებას არ მისცემს. თამაში Foldit-ზე, 12 წლის წინ უნივერსიტეტის მიერ შექმნილ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი, სადაც დარეგისტრირებულ მოთამაშეებს თამაშების მეშვეობით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცილის კვლევაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. თამაშის მსვლელობისას შექმნილ ყველაზე დამაიმედებელ ცილებს კი მეცნიერები გამოცდიან.
COVID-19-მა მსოფლიოს გარშემო 89 000-ზე მეტი ადამიანი დააინფიცირა, 3 000-ზე მეტი კი იმსხვერპლა. კორონავირუსი მხოლოდ ამ კონკრეტული ვირუსის სახელწოდება არ არის, იგი ვირუსების იმ ჯგუფის სახელია, რომელთა გარშემოც შემორტყმული ცილები გვირგვინის ფორმას ქმნიან. "კორონა" ლათინური სიტყვაა და გვირგვინს ნიშნავს.
Foldit-ის განმარტებით, კორონავირუსი მაშინ ვრცელდება, როდესაც მის ზედაპირზე არსებული ცილები ადამიანის უჯრედის ზედაპირზე არსებულ ცილა რეცეპტორებს მჭიდროდ უკავშირდებიან. პროცესის დასრულების შემდეგ ადამიანის უჯრედი ინფიცირდება და ვირუსი გამრავლებას იწყებს.
"ახლახან მკვლევრებმა COVID-19-ის ზედაპირის ცილის სტრუქტურისა და მისი ადამიანის რეცეპტორთან დაკავშირების მექანიზმის შესწავლა მოახერხეს, თუკი ჩვენ ისეთ ცილას შექმნით, რომელიც ვირუსის ზედაპირის პროტეინს დაუკავშირდება, შესაძლოა, მან ვირუსის ადამიანის უჯრედდთან კავშირი დაბლოკოს", — ნათქვამია თამაშის აღწერაში.
ვირუსმა ყველაზე მეტად ჩინეთი დააზარალა, დაფიქსირებული შემთხვევების 90%-ს სწორედ ამ ქვეყანაში ვხვდებით.
უსაფრთხოების სერიოზულ ზომებს იღებენ კომპანიებიც, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ. მაგალითად, Amazon-მა და Google-მა დასაქმებულებს მოგზაურობა აუკრძალა და გადაიდო რამდენიმე მასშტაბური კონფერენციაც.
კომენტარები