ირანში კორონავირუსით ინფიცირებული მინიმუმ 210 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია BBC-ის ადგილობრივ განყოფილებას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა ანონიმურად დაუდასტურეს.

BBC-ის ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა დედაქალაქ თეირანში იმყოფებოდა, ხოლო 19 — კუმში.

ეს რიცხვი 6-ჯერ აღემატება დაღუპულთა იმ რაოდენობას, რომელზეც ირანის ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა. მისი სიტყვებით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსს სულ 34 ადამიანი ემსხვერპლა. მინისტრი მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ ადასტურებს.

რამდენიმე დღის წინ ვირუსი აღმოაჩნდა ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ჰარირჩის.

თეირანში და კიდევ ირანის 22 ქალაქში დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები. ასევე შეწყვეტილია ლოცვები. ათასობით ირანელი ქვეყნის გარეთ იმყოფება, რის პარალელურადაც უამრავმა ქვეყანამ ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

ამ დროისთვის, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით 83 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული, მათგან 2 800 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა.

ამავე თემაზე: