რატომ ამბობენ იაპონელი ბავშვები უარს სკოლაში წასვლაზე
იაპონიაში უფრო და უფრო მეტი ბავშვი ამბობს უარს სკოლაში სიარულზე. ამ ფენომენს ფუტოკო ეწოდება. მსგავს შემთხვევათა ზრდასთან ერთად სულ უფრო მწვავედ ისმევა კითხვა, ეს სასკოლო სისტემის ბრალია თუ პრობლემა თავად მოსწავლეებშია.
ფოტო: Getty Images
ათი წლის იუტა იტო გასულ გაზაფხულს ოქროს კვირის არდადეგებს დაელოდა, რათა მშობლებისთვის ეთქვა, რას გრძნობდა — ოჯახურ შეკრებაზე მან აღიარა, რომ აღარ სურდა სკოლაში სიარული.
თვეების განმავლობაში იგი უხალისოდ ესწრებოდა დაწყებითი სკოლის გაკვეთილებს და ხშირად წასვლაზეც უარს ამბობდა. ის ბულინგის მსხვერპლი იყო და მუდმივად ჩხუბობდა თანაკლასელებთან.
მისი მშობლები არჩევანის წინაშე დადგნენ: მიეყვანათ იუტა სკოლის ფსიქოლოგთან იმ იმედით, რომ რამე გაუმჯობესდებოდა; მისთვის სახლში ესწავლებინათ; ან გაეგზავნათ იგი თავისუფალ სკოლაში. მათ ბოლო ვარიანტი აირჩიეს.
ახლა იუტა სკოლაში იმას აკეთებს, რაც სურს — და ის გაცილებით ბედნიერია.
იაპონური დაწყებითი სკოლის მოსწავლეები.
ფოტო: Getty Images
იუტა იაპონელი ფუტოკოების მრავალრიცხოვანი ჯგუფიდან ერთ-ერთია. იაპონიის განათლების სამინისტროს მიხედვით, ფუტოკოები არიან ბავშვები, რომლებიც სკოლას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აცდენენ ხოლმე და ამის მიზეზი არ არის დაკავშირებული არც ჯანმრთელობასთან და არც ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან. ტერმინი სხვადასხვაგვარად ითარგმნებოდა; ვერსიებს შორის იყო დაუსწრებლობა, ჭირვეულობა, სკოლის ფობია ან სკოლის უარყოფა.
ფუტოკოსადმი დამოკიდებულება ათწლეულების განმავლობაში იცვლებოდა. 1992 წლამდე სკოლაში სიარულზე უარის თქმა, რასაც იმ დროს ტოკოკიოჰი, ანუ წინააღმდეგობა ერქვა, ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთ სახეობად ითვლებოდა. მაგრამ 1997 წელს ტერმინოლოგია შეიცვალა და მოვლენას მეტად ნეიტრალური სახელი, ფუტოკო ეწოდა, რაც გამოუცხადებლობას ნიშნავს.
გასული წლის 17 ოქტომბერს იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეების სკოლაში გამოუცხადებლობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2018 წელს 164,528 ბავშვმა გააცდინა სკოლა 30 დღეზე მეტი დროით; 2017 წელს ეს მაჩვენებელი 144,031 იყო.
ტამაგავას თავისუფალ სკოლაში მოსწავლეებს ძაღლთან თამაში შეუძლიათ.
ფოტო: Stephane Bureau Du Colombier
თავისუფალი სკოლის მოძრაობა იაპონიაში 1980-იანი წლებში დაიწყო, რაც ფუტოკოთა რაოდენობის ზრდით იყო ნაკარნახევი. ეს გახლავთ ალტერნატიული ტიპის სკოლები, რომლებიც თავისუფლებისა და ინდივიდუალურობის პრინციპებით ხელმძღვანელობენ. მსგავსი სკოლები, სახლში სწავლების პრაქტიკასთან ერთად, სავალდებულო განათლების საყოველთაოდ მიღებული ალტერნატივაა, მაგრამ ბავშვებს ოფიციალურ კვალიფიკაციას არ ანიჭებს.
იმ მოსწავლეების რიცხვი, რომლებიც ჩვეულებრივი სკოლების ნაცვლად თავისუფალ ან ალტერნატიულ სკოლებში დადიან, უკანასკნელი წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. 1992 წელს მათი რაოდენობა 7,424 იყო, ხოლო 2017 წელს უკვე — 20,346.
სკოლის მიტოვებამ გრძელვადიანი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. დიდია იმის რისკი, რომ ახალგაზრდა მოწყდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას და ჩაიკეტოს ოთახში — ეს ფენომენი ჰიკიკომორის სახელითაა ცნობილი.
გაცილებით შემაშფოთებელია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც თავს იკლავენ. 2018 წელს სკოლის მოსწავლეთა შორის სუიციდის 332 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 2016 წელს მოსწავლეთა თვითმკვლელობების მზარდმა რიცხვმა იაპონიის მთავრობა აიძულა, მიეღო სუიციდის პრევენციის აქტი, რომელშიც სკოლებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციებიც იყო გაწერილი.
თავისუფალი სკოლები თავად ადგენენ საკუთარ წესებს.
ფოტო: Stephane Bureau Du Colombier
და მაინც, რატომ არიდებს იაპონიაში ამდენი ბავშვი სკოლას თავს?
განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ოჯახური მდგომარეობა, პირადი პრობლემები მეგობრებთან და ბულინგი გახლავთ ამ ფენომენის გამომწვევი მთავარი მიზეზები. ზოგადად, მოზარდებმა, რომლებმაც სკოლა მიატოვეს, თქვეს, რომ არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა სხვა ბავშვებთან და ხანდახან მასწავლებლებთანაც.
ასევე იყო ტომოე მირიჰაშის შემთხვევაშიც.
"ბევრ ადამიანთან თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი", — ამბობს 12 წლის მირიჰაში, — "სკოლის ცხოვრება მტკივნეული იყო". ის იტანჯებოდა შერჩევითი მუტიზმით, რომელიც თავს მაშინ იჩენდა ხოლმე, როდესაც ხალხმრავლობაში იმყოფებოდა. "ჩემი სახლის გარეთ ან ოჯახისგან მოშორებით ყოფნისას ლაპარაკი არ შემეძლო", — იხსენებს მოზარდი.
გასაკვირი არაა, რომ მას გაუჭირდა, დამორჩილებოდა იმ მკაცრ წესებს, რომლებითაც იაპონური სკოლები იმართება. "წინდები არ უნდა იყოს ფერადი, თმა არ უნდა იყოს შეღებილი, თმის რეზინის ფერიც კი წინასწარაა განსაზღვრული და მათი მაჯაზე გაკეთება აკრძალულია", — ამბობს მირიჰაში.
ფოტო: Stephane Bureau Du Colombier
იაპონიის ბევრი სკოლა აკონტროლებს მოსწავლეების ჩაცმულობის თითოეულ დეტალს; აიძულებს მოსწავლეებს, ყავისფერი თმა შავად შეიღებონ; არ აძლევს მათ უფლებას, ატარონ წინდები ან ქურთუკები ცივ ამინდშიც კი. ზოგჯერ ისინი მოსწავლეების საცვლების ფერსაც კი წყვეტენ.
სკოლის მკაცრი წესები 1970-80-იან წლებში დაინერგა ძალადობისა და ბულინგის საპასუხოდ. ეს წესები შემსუბუქდა 90-იანებში, მაგრამ ბოლო პერიოდში კვლავ დაიწყო სასკოლო სისტემის გამკაცრება. მსგავსი ბოლოდროინდელი რეგულაციები "სკოლის შავი წესების" სახელითაა ცნობილი და იმ პოპულარული ტერმინის სახეცვლილი ვერსიაა, რომელიც კომპანიების მიერ მუშახელის ბოროტად გამოყენების პრაქტიკას აღწერს.
ახლა ტომოე, იუტას მსგავსად, ტოკიოს ტამაგავას თავისუფალ სკოლაში დადის, სადაც მოსწავლეები არ არიან ვალდებულები, ჩაიცვან უნიფორმა და აქვთ თავისუფლება, თავად აირჩიონ, რისი კეთება სურთ იმ გეგმის მიხედვით, რომელზეც სკოლა, მშობლები და მოსწავლეები წინასწარ შეთანხმდნენ. აქ მოსწავლეებს აქეზებენ, რომ თამამად მისდიონ თავიანთ ინტერესებსა და უნარებს. სკოლაში იაპონურისა და მათემატიკის გაკვეთილებისთვის განკუთვნილი ოთახები კომპიუტერებითაა მომარაგებული, ბიბლიოთეკა კი — წიგნებითა და მანგათი.
თავისუფალ სკოლებში სტუდენტებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად აირჩიონ, რისი გაკეთება სურთ.
ფოტო: Stephane Bureau Du Colombier
აქ ატმოსფერო ძალიან არაფორმალურია და დიდი ოჯახის დინამიკას მოგაგონებთ. მოსწავლეები ერთმანეთს საერთო სივრცეებში ხვდებიან, სადაც საუბრობენ და თამაშობენ. "ამ სკოლის მიზანი ხალხის სოციალური უნარების განვითარებაა", — ამბობს ტაკაში იოშიკავა, სკოლის დირექტორი.
იქნება ეს ვარჯიშის, თამაშისა თუ სწავლის გზით, სკოლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ხალხმრავალ გარემოში ყოფნა და პანიკის შეტევებთან გამკლავება ისწავლონ. სკოლა ახლახანს უფრო დიდ სივრცეში გადავიდა და ყოველდღიურად გაკვეთილებს დაახლოებით ათი ბავშვი ესწრება.
ტამაგავას თავისუფალ სკოლას ყოველდღე დაახლოებით 10 ბავშვი სტუმრობს.
ფოტო: Stephane Bureau Du Colombier
იოშიკავამ თავისი პირველი თავისუფალი სკოლა 2010 წელს გახსნა ტოკიოს ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში მდებარე სამ-სართულიანი კორპუსის ბინაში. "მე 15 წელზე უფროსი ასაკის მოსწავლეებს ველოდი, მაგრამ ისინი, ვინც მოვიდნენ, მხოლოდ შვიდი ან რვა წლისები იყვნენ", — ამბობს ის, — "უმეტესობას შერჩევითი მუტიზმი სჭირდა და სკოლაში არაფერს აკეთებდა".
იოშიკავას სჯერა, რომ მოსწავლეების მხრიდან სკოლაზე უარის თქმის მიზეზები, უმეტესად, კომუნიკაციურ პრობლემებში უნდა ვეძიოთ. მისი თავგადასავალი განათლების სფეროში უჩვეულო იყო. ორმოც წელს ახლადგადაბიჯებული რომ იყო, მან ერთ-ერთ იაპონურ კომპანიაში რიგითი მოხელის სამსახური მიატოვა, რადგან გადაწყვიტა, რომ არ იყო დაინტერესებული კარიერული წინსვლით. მამამისი ექიმი იყო და იოშიკავასაც მასსავით სურდა, მომსახურებოდა საზოგადოებას, ამიტომაც იგი სოციალური მუშაკი გახდა და ბავშვებზე ზრუნვა ითავა.
ტაკაში იოშიკავამ თავისუფალი სკოლა პირველად 2010 წელს გახსნა.
ფოტო: Stephane Bureau Du Colombier
გამოცდილებამ მას თვალი აუხილა და დაანახა, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ბავშვები. მან გააცნობიერა, რამდენი მოსწავლე იტანჯებოდა იმის გამო, რომ ღარიბები ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ და ეს ყველაფერი რამხელა გავლენას ახდენდა მათ აკადემიურ მოსწრებაზე.
მოსწავლეების წინაშე მდგარი გამოწვევის ნაწილი დიდი ზომის საკლასო ჯგუფებია, ამბობს პროფესორი რიო უჩიდა, რომელიც ნაგოიას უნივერსიტეტში განათლების ექსპერტია: "საკლასო ოთახში, სადაც 40-მა ბავშვმა მთელი წელი ერთად უნდა გაატაროს, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს".
პროფესორი უჩიდა აღნიშნავს, რომ ამხანაგობა იაპონიაში გადარჩენისთვის საჭირო მთავარი ინგრედიენტია, რადგან მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი ძალიან მაღალია — თუ სხვებს არ დაუმეგობრდები და მათთან საერთო ენას არ გამონახავ, ვერ გადარჩები. ეს არ ეხება მხოლოდ სკოლებს; იგივე ითქმის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებზე, რადგან ყველა მსგავსი სივრცე საოცრადა გადატვირთული ხალხით.
ამხანაგობა სკოლაში გადარჩენის გასაღებია.
ფოტო: Getty Images
მაგრამ ბევრი სტუდენტისთვის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება პრობლემურია. ისინი არ გრძნობენ თავს კომფორტულად გადაჭედილ საკლასო ოთახში, სადაც მათ ყველაფრის გაკეთება კლასელების მხარდამხარ, პატარა სივრცეში უხდებათ.
"მსგავს სიტუაციაში თავის არაკომფორტულად გრძნობა ნორმალურია", — ამბობს პროფესორი უჩიდა. ამას ემატება ისიც, რომ იაპონიაში ბავშვები წლიდან წლამდე ერთსა და იმავე საკლასო ოთახში რჩებიან. ასე რომ, თუ პრობლემები შეექმნებათ, სკოლაში წასვლა, შეიძლება, მტკივნეული გახდეს. "ასეთ სიტუაციებში თავისუფალი სკოლების მიერ შეთავაზებული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია", — ურთავს პროფესორი უჩიდა, — "თავისუფალ სკოლებში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ჯგუფს და უფრო მეტად აფასებენ თითოეული მოსწავლის აზრებს და გრძნობებს".
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი სკოლები ბავშვებს ალტერნატივით უზრუნველყოფს, თავად განათლების სისტემაში არსებული პრობლემები უცვლელი რჩება. პროფესორ უჩიდასთვის მოსწავლეების მრავალფეროვნების განვითარებისთვის ხელის შეშლა ადამიანის უფლებების დარღვევაა — და ამაში მას ბევრი ეთანხმება.
ბავშვები თამაშობენ ტამაგავას თავისუფალ სკოლაში.
ფოტო: Stephane Bureau Du Colombier
"სკოლის შავი წესებისა" და იაპონური სასკოლო გარემოს კრიტიკა ქვეყნის მასშტაბით იზრდება. ბოლოდროინდელ სტატიაში გაზეთმა, Tokyo Shimbun, მსგავს პრაქტიკას ასევე უწოდა ადამიანის უფლებების დარღვევა და აღნიშნა, რომ მოსწავლეებში მრავალფეროვნების წახალისება უგულებელყოფილია.
აგვისტოში კამპანიის, Black kosoku o nakuso! ("მოვიშოროთ სკოლის შავი წესები!"), წევრებმა განათლების სამინისტროში წარადგინეს ონლაინ პეტიცია, რომელიც სკოლის არაგონივრული წესების გადახედვას მოითხოვდა და ხელმოწერილი იყო 60 ათასზე მეტი ადამიანის მიერ. ოსაკას პრეფექტურამ ყველა თავის საშუალო სკოლას უბრძანა, გადაეხედათ საკუთარი წესებისთვის, შედეგად კი სკოლების დაახლოებით 40-მა პროცენტმა შეიატანა ცვლილებები წესდებაში.
პროფესორი უჩიდა ამბობს, რომ განათლების სამინისტრო მზადაა, მიიღოს დაუსწრებლობა არა როგორც ანომალია, არამედ — გავრცელებული ფენომენი. იგი ამაში იმის აღიარებას ხედავს, რომ ფუტოკო ბავშვები არ წარმოადგენენ პრობლემას, რადგან ისინი განათლების იმ სისტემაზე რეაგირებენ, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათთვის მეგობრული გარემოს შექმნას.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები