თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში ციხეში ყარაულად სამუშაოდ ახალგაზრდების გაწვევას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს "მონური შრომაა". მისი თქმით, ეს "რეპრესიული მანქანის" ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება.

"არ მესმის, რატომ უნდა აკეთებდეს სახელმწიფო ამას, ასეთი ტიპის მავნებლობით რატომ უნდა იყოს სახელმწიფო დაინტერესებული. ყოველი არჩევნების წინ ეს თემა აქტუალური ხდება. იმიტომ, რომ ადამიანების მანიპულირებისთვის ძალიან მარტივია. ჩვენ ყოველ წელს 28 000 წვევამდელი გვყავს. როდესაც 28 ათასიდან მხოლოდ 4 000-ს იწვევ ან 3 000-ს, ეს ბუნებრივად აჩენს შერჩევითობას. ადამიანებს უჩენს იმის შესაძლებლობას, რომ თავი დაიძვრინოს ამ სამსახურიდან", — განუცხადა ხიდაშელმა მთავარ არხს.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაზაფხულზე ციხეში ყარაულად სამუშაოდ 1 328 ახალგაზრდას გაიწვევენ. დადგენილება საქართველოს მთავრობის სახელით პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამოსცა.

დადგენილებას კანონიერი ძალა 3 თებერვლიდან აქვს. ამ დოკუმენტით ჯამში 4 189‬ ახალგაზრდას გაიწვევენ, თუმცა მხოლოდ მათი მესამედი (1 400) იმსახურებს თავდაცვის სამინისტროში. დანარჩენები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (950), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა (311) და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (200) გადანაწილდებიან.

დადგენილების ფარგლებში 18-დან 27 წლის ასაკამდე წვევამდელებს 30 ივნისამდე გაიწვევენ. დადგენილება ვრცელდება ყველაზე, სასულიერო პირების, სტუდენტების, ჩვილი შვილების, ოჯახში ერთი შვილად ყოფნისა და სხვა რიგი გამონაკლისების გარდა.

ამავე თემაზე: გირჩის რელიგიური ორგანიზაცია წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება