გარდაცვლილი ბავშვი დედამ ვირტუალურ რეალობაში ''მოინახულა''
2016 წელს ჯანგ ჯი-სუნგის 7 წლის შვილი — ნაეონი, განუკურნებელი დაავადებისგან გარდაიცვალა. აქედან 3 წლის შემდეგ, სამხრეთ კორეელმა ქალმა კიდევ ერთხელ შეძლო თავისი შვილის მონახულება. უფრო სწორედ, თავისი შვილის ავატარის.
ხუთშაბათს, მუნჰვას მაუწყებლობამ თავის იუთუბ გვერდზე გააზიარა ვიდეო სახელწოდებით "მე შეგხვდი შენ". ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ მოახერხა გარდაცვლილი გოგოს დედამ თავისი შვილის ვირტუალურ რეალობაში მონახულება.
ვიდეოში სამხრეთ კორეელი ქალი უზარმაზარი მწვანე ეკრანის წინ დგას, მას ვირტუალური რეალობის სათვალეები უკეთია. ჯი-სუნგს ასევე სპეციალური ხელთათმანები აცვია, რომლებსაც შეხების სიმულირება შეუძლიათ.
დედა-შვილის ვირტუალურ რეალობაში "შეხვედრა" ძალიან ემოციურია. ჯი-სუნგი თავისი შვილის ავატარის დანახვისთანავე ტირილს იწყებს, ოჯახის წევრები კი ამ შეხვედრას აცრემლიანებული თვალებით აკვირდებიან.
"იქნებ ეს მართლაც სამოთხეა", — თქვა ჯინ-სუნგმა ვირტუალურ რეალობაში შეხვედრაზე — "მე ჩემი შვილი ვნახე, რომელიც მომღიმარი მეძახდა. შეხვედრა მოკლე იყო, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი."
დედა-შვილის შეხვედრა დოკუმენტური ფილმისთვის გაკეთდა. Aju Business Daily-ის მიხედვით, პროექტზე 8 თვე დაიხარჯა. ვირტუალურ რეალობაში არსებული პარკი, სადაც დედა-შვილი შეხვდნენ, რეალური ადგილის ასლი იყო. ნაეონის ავატარი კი სპეციალური ტექნოლოგიების მეშვეობით, ბავშვი მსახიობის მოძრაობებზე დაყრდნობით შეიქმნა.
ამ ეტაპზე ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია ბოლომდე განვითარებული არ არის და საბოლოო პროდუქტი არც ისე სრულყოფილია. თუმცა, როგორც ჩანს, ვირტუალურ რეალობას დაღუპული ადამიანების აღდგენა ისე შეუძლია, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები ცრემლებამდე მიიყვანოს.
ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის პოტენციალის წინასწარმეტყველება ამ ეტაპზე რთულია. შესაბამისად ბევრი კითხვა ჩნდება:
მიუხედავად იმისა, რომ "მე შეგხვდი შენ"-ის გაკეთებას პროფესიონალების დიდი გუნდი და 8 თვე დასჭირდა, იქნებ მომავალში მსგავსის გაკეთება ყველას შეეძლოს? რამდენად შორს ვართ რეალობიდან, სადაც ნებისმიერს შეეძლება სპეციალურ პლატფორმაზე სასურველი ადამიანის ავატარის შექმნა და მასთან ვირტუალურად ურთიერთობა?
დაეხმარება თუ არა ვირტუალური რეალობა ადამიანებს, ტრაგიკული მოვლენის შემდეგ იპოვონ ნატრული სიმშვიდე? შეიძლება თუ არა ზოგი ადამიანი ასეთ ვირტუალურ რეალობაზე მიჯაჭვული გახდეს და ვირტუალურ მსოფლიოში უფრო მეტი დრო გაატაროს, ვიდრე რეალურში? როგორ შეიძლება ამის თავიდან არიდება?
ტექნოლოგიური პროგრესი უამრავ კითხვას აჩენს და ამ საკითხებზე სერიოზულად დაფიქრების დრო ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება. მანამდე შეგვიძლია დავტკბეთ იმის ცოდნით, რომ სადღაც, მსოფლიოს შორეულ წერტილში, დედამ 4 წლის გარდაცვლილი შვილის "ნახვა" და მასთან ლაპარაკი შეძლო.
კომენტარები