თავისუფლებაში?

მიხაილოსთვის დღევანდელი დღე ისევ ქაოტური, დაულაგებელია. ამბობს, რომ ყველაფერს ნულიდან იწყებს. აქვს დიდი გეგმები, მიზნები, რაც ციხეში ყოფნის დროს დაისახა და ახლა იწყებს განხორციელებას. მანამდე, სახლში მოწყობილ სტუდიაში ქმნის მუსიკას და სპეციალური ნებართვით უკრავს მხოლოდ ადგილობრივ კლუბებში:

"თითქმის დაგეგმილი მაქვს თვის ივენთები. 7 თებერვალს ხიდზე ვუკრავ, 8 თებერვალს მტკვარზე. გათავისუფლების შემდეგ უკვე 3 ივენთი მქონდა".

ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნიდან კონტრაქტები, ურთიერთობები, მიღწევები დააგროვა, თუმცა საქართველოს ვერ ტოვებს. ამბობს, რომ ახლაც ისჯება:

"ბევრი რამ გავაკეთე, რომ როცა გავთავისუფლდებოდი, გარეთ რაღაც პლატფორმა დამხვედროდა, მუშაობა დამეწყო, ოჯახზე ზრუნვა საკუთარ თავზე ამეღო. ეს სამაჯური ხელს მიშლის, საღამოს 9 საათზე უნდა ვიყო სახლში, ჩემი სამუშაო გრაფიკი კი პირიქითაა — ღამით იწყება. სამინისტრო მეხმარება იმ კუთხით, რომ საბუთების წარდგენის შემთხვევაში მუშაობის უფლებას მაძლევენ და ამისთვის მადლობას ვუხდი…"

გული მწყდება იმაზე, რომ დოკუმენტურ ფილმების საუნდტრეკზე სათანამშრომლოდ მიმიწვიეს და უარის თქმა მიწევს. თან ერთი არ არის, რამდენიმეა, ჰოლანდიაში, გერმანიაში. იტალიაში გამოდის ახლა ჩემი ერთი რემიქსი... მინდა, რომ ვიწანწალო, ყველა ქვეყანაში დავუკრა, ყველა ფესტივალზე ჩავიდე, მინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გულამდე მივაღწიო ჩემი მუსიკით. ბევრი მომღიმარი სახე დავინახო. ეს არის ყველაფერი".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"ციხე დროს ვერ წაგართმევს"

მანამდე, იყო 6-წლიანი პატიმრობა, რომელსაც თავად "სასწავლებლად ყოფნას" უწოდებს. იქ მიღწევებიც დააგროვა. ამბობს, რომ დრო გავიდა და ციხემ წარსულზე, მომავალზე, შეცდომებზე ფიქრის საშალება მისცა:

"პატიმრობამდე მიხაილო ერთი თავქარიანი ბიჭი იყო, ბავშვური აზროვნებით, რომელიც მხოლოდ გართობაზე ფიქრობდა, "ტუსოვჩიკის" ცხოვრებით ცხოვრობდა. ახლა უკვე გაიზარდა და ვფიქრობ, უკვე დასერიოზულდა, ფასეულობები გადაახარისხა და ცხოვრებას უფრო სერიოზული თვალით უყურებს, როგორც მამა, ქმარი…".

ცვლილება მარტივი არ ყოფილა. ყველაფერი დროის ეფექტიანად გამოყენებით დაიწყო. მიხაილო ჰყვება, რომ 9-წლიანი სასჯელიდან ციხეში გატარებული ყოველი წუთი ენანებოდა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ციხეში მოწყობილ სტუდიაში სამუშაოდ გამოყოფილი დრო აღარ ჰყოფნიდა და დამატებას ითხოვდა:

"ისედაც ცოტა გვაქვს გააზრებული ცხოვრების დრო. იმდენად შევსებული მქონდა მთლიანად ყოველი წუთი, ჩემთვის დრო არ იწელებოდა, პირიქით, სწრაფად გადიოდა".

ამბობს, რომ თუ ფიქრებს სწორი მიმართულებით დაალაგებ, ციხე დროს ვერ წაგართმევს. სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი, რაც, როგორც ამბობს, ბევრი წვალების, ნერვებისა და საკუთარ თავთან ომის ფასად დაუჯდა.

"მაგრამ ამად ღირდა ეს ყველაფერი", — აგრძელებს მიხაილო და ამაყობს იმით, რაც მეგობრებთან ერთად ციხეში მოახერხა: იქ, სადაც დანაშაულებრივი გარემო და ქურდული მენტალიტეტია, მათ სპექტაკლი დადგეს, მუსიკალური სტუდია მოაწყვეს და მუსიკა დაწერეს. სასჯელის მოხდის პერიოდში რვა ალბომი გამოუშვა, თუმცა ამ ყველაფერს ახლდა წინაღობები. ბევრი დრო დასჭირდა, რომ მისი შესაძლებლობები ციხის ადმინისტრაციისთვის დაემტკიცებინა:

"ალბომებს გამოვუშვებდი თუ ლეიბლებს, ფულის მაგივრად სინთეზატორებს ვაგზავნინებდი. თითოეული აპარატის დაწესებულებაში შესატანად კი დაახლოებით 3 თვე მჭირდებოდა ხვეწნა".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / ON.ge

მიხაილო ამბობს, რომ იგი სხვა პატიმრებისთვის მისაბაძად იქცა. მუსიკის წერის მიღმა ციხის საგანმანათლებლო კურსები გაიარა, რასაც პატიმრები, მისი თქმით, მანამდე არ აკეთებდნენ. მეგობრებთან ერთად სხვებს აჩვენა, რომ "სწავლა არ ტეხავს". ამას გარდა, პატიმრებმა დადგეს სპექტაკლი "12 განრისხებული მამაკაცი", რაც აპლოდისმენტებით დასრულდა:

"ბევრი ვიწვალეთ იმისთვის, რომ 12 კაცი მოგვეგროვებინა. ადამიანები მანამ ვერ შემოვკრიბეთ, სანამ არ ვთქვით, რომ თეატრი გაგვაქვს გარეთ და შეიძლება გაგვიშვან სპექტაკლის ბოლოსო. შეივსო დასი. თავისუფლების წყურვილი ისეთია… თუმცა არავის მადლობა არ უთქვამს სცენაზეც კი არ ამოსულა არავინ. პატრიარქიც იყო, სავსე იყო დარბაზი, მთელი მთავრობა მოვიდა. პრეზიდენტი [გიორგი მარგველაშვილი] არ მოსულა, ქვეყანაში არ იყო. ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ ყოფილიყო…"

კიდევ ერთი აქტივობა, რაც ციხეში გამოუვიდა "მუს-თერაპიაა". ასე უწოდეს თავად პატიმრებმა, რომლებსაც მიხაილომ "ერთი საათით თავისუფლება აჩუქა":

"ისეთებმა მიიღეს სიამოვნება, რომ ჩემთვის რაღაც კუთხით შოკისმომგვრელიც იყო. მათ შთაბეჭდილებას აღფრთხოვანებულსაც ვერ დავარქმევ, ალბათ, აჟიტირებულს და დავიწყებულის გახსენებას. აი, თავისუფლებაზე რომ გამოიყვანო ადამიანი და ასეირნო… მადლობას მიხდიდნენ მარტო იმისთვის, რომ ციხეში არ ვიყავითო, სადღაც ვიმოგზაურეთო. ღონისძიების დროს ერთ-ერთი ჩვენი შავკანიანი მეგობარი დგება და ცეკვავს იწყებს, თანამშრომელი მიდის და ეუბნება, ცეკვა არ შეიძლებაო…"

შეუწყალებელი

პრეზიდენტს შეწყალება ხუთჯერ სთხოვა, აქედან 2-ჯერ ყოფილს, გიორგი მარგველაშვილს. ამ მხრივ, დანებებას არ აპირებს და გეგმავს, უკვე შინაპატიმრობაში მყოფის სტატუსით ითხოვოს შეწყალება. იხსენებს, რომ დახასიათებაში იმდენი პოზიტიური აქტივობა ჩაწერა, პატიმრები ეუბნებოდნენ, "სამაჯურზეც თუ უარი გითხრეს ჩვენ რა ვქნათ, ვინც არაფერს არ ვაშავებთ, მაგრამ არც ვაკეთებთო".

ფიქრობს, რომ სასჯელი არაადეკვატურია და ნარკომომხმარებლებს წლობით არ უნდა კეტავდნენ ციხეში. ამბობს, რომ ვისაც ფული ან "ნაცნობი" ჰყავს 1 წელში გადის ციხიდან, ვისაც არა — 6-9 წელში:

"ჩემ გარდა, იქ ბევრი ადამიანია, ვინც რეალურად არაფერს აკეთებს და ცხოვრება ენგრევა. ბევრს ოჯახი დაენგრა ამ სისულელის გამო. როცა იცი, რომ შენს ქვეყანაში ასეთი კანონმდებლობაა და კლავს, უკვე შენზეა დამოკიდებული და შენ არ უნდა გააკეთო, მაგრამ მაინც, როცა ხედავ, ადამიანი შეცდომას უშვებს, იმ შეცდომას არ უნდა დაუმატო და ცხოვრება არ უნდა წაართვა. ყველამ კარგად ვიცით რომ ესაა ავადმყოფობა, როგორ შეიძლება ავადმყოფი ადამიანი სადღაც გამოკეტო? მხოლოდ იმისთვის რომ არ გაქვს ფული საპროცესოსთვის? ვფიქრობ არასწორია".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ციხის მეგობრების ნაწილი უკვე თავისუფალია, თუმცა იქაურ მუსიკალურ სტუდიაში მოსწავლე დატოვა. ჰყვება, რომ ისიც აქტიურად მუშაობს, პერიოდულად მუსიკას უგზავნის, პასუხად კი მიხაილოს შეფასებას იღებს, რა გააკეთოს, რა ჩაასწოროს:

"უნდა, რომ იგივე გზა გაიაროს, რაც მე გავიარე მუსიკალურად".

დღეს უკვე ნახევრადთავისუფალი მიხაილო ამბობს, რომ ოჯახს მისი შესაძლებლობები დაუმტკიცა, რომ პატიმრობის მიუხედავად, შეუძლია იყოს საამაყო შვილი და მამა. მიუხედავად ამისა, ფიქრობს შვილზე:

"ძირითადად, რაც ყოველთვის გამახსენდება და ჩემი ტკივილი იქნება, არის ის, რომ ჩემი შვილის პატარა ასაკს ავცდი, 9 წლის დამხვდა, როცა გამოვედი. ამაზე მწყდება გული, დანარჩენზე არაფერზე…".