პირველად, პაციენტს ლაბორატორიაში გაზრდილი გულის კუნთის უჯრედები გადაუნერგეს
ორშაბათს ოსაკას უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ უჯრედების ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა.
იმის ნაცვლად, რომ პაციენტის მთლიანი გული ახლით ჩაენაცვლებინათ, მათ მხოლოდ გულის დაზიანებული ნაწილის კუნთოვანი უჯრედები შეცვალეს. გულის კუნთოვანი უჯრედების მისაღებად გუნდმა მუშაობა ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებით (iPS) დაიწყო. iPS ზრდასრული ქსოვილისთვის დამახასიათებელი ღეროვანი უჯრედებია, რომლებიც მეცნიერებმა ისე "დააპროგრამეს", რომ ისინი ემბრიონული ღეროვანი უჯრედებივით მოქცეულიყვნენ. ამ შემთხვევაში კი იაპონელმა მეცნიერებმა iPS უჯრედებისგან გულის კუნთოვანი უჯრედები შექმნეს.
პაციენტს, რომელმაც ტრანსპლანტი მიიღო, იშემიური კარდიომიოპათია აწუხებდა. ამ დროს პაციენტის გულს ტუმბვის პრობლემები ექმნება, რადგან მისი კუნთები საკმარის სისხლს ვერ იღებს.
იშემიური კარდიომიოპათიის მძიმე შემთხვევების დროს გულის ტრანსპლანტი ხდება საჭირო, თუმცა ოსაკას უნივერსიტეტის გუნდს იმედი აქვს რომ მათი კუნთოვანი უჯრედები შეძლებენ ისეთი ცილების გამოყოფას, რომლებიც სისხლძარღვებს განახლებაში დაეხმარება და შესაბამისად, პაციენტს გულის ფუნქციონირება გაუუმჯობესდება.
მკვლევარები პაციენტს ერთი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და იმედი აქვთ, რომ იმავე პროცედურას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ცხრა სხვა ადამიანზე გამოცდიან, რომლებსაც ასევე იშემიური კარდიომიოპათია აწუხებთ.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, პროცედურა გულის ტრანსპლანტზე ბევრად მოთხოვნადი გახდება. გარდა იმისა, რომ iPS უჯრედების მოპოვება გულის შესაფერისი დონორის პოვნაზე ბევრად მარტივია, ასევე, შესაძლოა, მიმღების იმუნური სისტემა უცხო ორგანოთან შედარებით ახალი უჯრედების მიმართ უფრო ტოლერანტული აღმოჩნდეს.
"იმედი მაქვს, რომ ტრანსპლანტი ისეთ სამედიცინო ტექნოლოგიად იქცევა, რომელიც მაქსიმალურად ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს", — განაცხადა მკვლევარმა იოში სავამ.
კომენტარები