აშშ–ს შეცვლილი დემოგრაფიული სურათი და გავლენა არჩევნებზე
არცერთი ამერიკული არჩევნები არ ჰგავს წინა არჩევნებს, რადგან რაც დრო გადის, მით უფრო რადიკალურად იცვლება აშშ–ს დემოგრაფიული სურათი ძირითადად, ესპანურენოვანი და აზიური წარმოშობის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის ხარჯზე. არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს კი ისღა დარჩენიათ, საარჩევნო კამპანია მოარგონ შეცვლილ რეალობას. ამას ადასტურებს კვლევები, რომელიც მუდმივად ტარდება შტატებში. ამის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებთან ვაშინგტონის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Pew Research Center–ის წარმომადგენლებმა.
Pew Research Center–ის უფროსი მკვლევარის, ალეკ ტაისონის თქმით, წლიდან წლამდე იზრდება ესპანურენოვანი და წარმოშობით აზიელი ამომრჩევლების რაოდენობა, რადგან ათწლეულების წინ ამერიკაში გადასახლებული ადამიანების დიდ ნაწილს უკვე აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, გარდა ამისა, მათი ამერიკაში დაბადებული შვილებიც სრულწლოვანები ხდებიან. მაგალითად, 2016 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, დაახლოებით 1 მილიონზე მეტი ესპანურენოვანი მოქალაქე გახდება საარჩევნო უფლების მქონდე და არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, სხვა ესპნაურენოვან მოსახლეობასთან ერთად, უკვე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
Pew Research Center–ის კვლევა აჩვენებს, რომ 2000 წელს ამერიკაში საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის 7% იყო ესპანურენოვანი, 12% – შავკანიანი, 2% კი – აზიელი. ამერიკელ ამომრჩეველთა შორის წარმოშობით აზიელთა წილი 2016 წელს 4%–მდეა გაზრდილი, ესპანურენოვანის კი 12%–მდე.
ანტისაემიგრაციო და სექსისტური განცხადებების პარალელურად, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მას მხარს ამერიკის ესპანურენოვანი მოსახლეობაც უჭერს. მის საჯარო გამოსვლებზე არაერთხელ გამოჩენილან ადამიანები მაისურზე წარწერით „ლათინო მოსახლეობა ირჩევს ტრამპს“, „ლეგალური ემიგრანტი ტრამპისთვის“ და ა.შ.
აღნიშნულის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა წინასაარჩვნოდ იმის შესწავლამ, საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფში კონკრეტული კანდიდატების მიმართ როგორი დამოკიდებულება არსებობს.
Pew Research Center –ის მონაცემებით, რეგისტრირებული ქალი ამომრჩევლების 50% და კაცების 37% მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი იქნებოდა „საშინელი პრეზიდენტი“. ქალების მხოლოდ 21% მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი იქნებოდა კარგი პრეზიდენტი, იგივე აზრზეა არჩევნებზე რეგისტრირებული კაცების 30%. ტრამპს, როგორც შესაძლო კარგ პრეზიდენტს, შავკანიანთა მხოლოდ 4% და ესპანურენოვანთა 12% აფასებს.
ამ მხრივ საპირისპირო დამოკიდებულებაა ჰილარი კლინტონის შემთხვევაში. საარჩევნოდ რეგისტრირებული შავკანიანთა 64% და ესპანურენოვანი მოსახლეობის 48% მიიჩნევს, რომ ჰილარი კლინტონი იქნებოდა კარგი, ან ძალიან კარგი პრეზიდენტი.
როგორც Pew Research Center-ის ესპანური კვლევების ხელმძღვანელმა მარკ უგო ლოპესმა ორგანიზაციის ვაშინგტონის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ამერიკის მოსახლეობის დემოგრაფიული სურათი 1960–იანი წლების შემდეგ დრამატულად შეიცვალა და ამის მიზეზი შეერთებული შტატების ღია საემიგრაციო პოლიტიკაა.
უგო ლოპესის ინფორმაციით, 1960–იან წლებამდე აშშ ძირითადად თეთრი და შავკანიანი მოსახლეობის ქვეყნად იყო მიჩნეული. მაგალითად, 1965 წელს ქვეყნის მოსახლეობის 84%–ს თეთრკანიანები წარმოადგენდნენ, 11%–ს – შავკანიანები, ესპანურენოვანი – 4%.
2015 წლის მონაცემებით ეს სურათი შეცვლილია.
ამ მაჩვენებლით, ესპანურენოვანი მოსახლეობა აშშ–ში უმცირესობის ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, მათი ხმების მოპოვება თითოეული კანდიდატისთვის, შეიძლება, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს.
აშშ–ს ესპანურენოვანი მოსახლეობის უფლებადაცვითი ორგანიზაცია NCLR–ის კომუნიკაციის დირექტორი ჟულიან ტეიშეირა ამბობს, რომ ამერიკის ლათინო მოსახლეობა 55 მილიონს შეადგენს და მათი ხმა კონგრესში საკმარისად არ არის წარმოდგენილი. ამის მიზეზი კი მათი არჩევნებზე პასიურობაა.
NCLR-ის მონაცემებით, მაგალითად, ტეხასის შტატში მხოვრები 27 მილიონამდე ადამიანიდან 10.4 მილიონი ლათინოა, მათგან დაახლოებით 4.8 მილიონს აქვს ხმის მიცემის უფლება, თუმცა, 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 1.8 მილიონმა მიიღო. ტეიშეირა მიიჩნევს, რომ ეს ძალიან ცოტაა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ადამიანები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ხმას დემოკრატებს მისცემენ (სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლათინო მოსახლეობის 60%–ზე მეტი მხარს დემოკრატებს უჭერს), ტეხასი აღარ იქნება შტატი, სადაც მუდამ რესპუბლიკელები იმარჯვებენ. იგივე მდგომარეობაა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხმის უფლების მქონე აშშ–ს 12 მილიონზე მეტი ესპანურენოვანი მოქალაქე არჩევნებზე არ არის რეგისტრირებული. NCLR და მისი პარტნიორი 300–მდე ორგანიზაცია ცნობიერების ამაღლებაზე მუდმივად მუშაობენ და იმედი აქვთ, რომ უახლოეს წლებში ლათინო მოსახლეობის ხმა ამერიკის ხელისუფლებაში საკმარისად იქნება წარმოდგენილი.
კომენტარები