მეცნიერებმა მკვდარი ობობები რობოტებად გარდაქმნეს — ნახეთ "ნეკრობოტი"
ფოტო: DuPage County Forest Preserve
მკვდარ ობობებს ფეხები უცნაურად აქვთ მოხრილი. ვიზუალურად ცოტა შემაშფოთებელია, თუმცა მეცნიერებმა მათ უსიცოცხლო სხეულებს პოტენციური დანიშნულება მოუძებნეს და რობოტების შესაქმნელად გამოიყენეს.
რაისის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ობობა-მგლის მოძრაობის უცნაური მექანიზმი გამოიყენეს და რობოტიკის ერთ-ერთ განხრას,"ნეკრობოტიკას", ჩაუყარეს საფუძველი. სხვა სიტყვებით, მათ მკვდარი ობობებისგან რობოტები შექმნეს. ერთ ვიდეოში ასეთი ნეკრობოტი ელექტრულ წრედს წყვეტს, მეორეში კი ნივთს იღებს; ასევე, სხვა უსიცოცხლო ფეხსახსრიანს სწევს.
ობობას სხეულის რობოტად გადასაქცევად უნდა ვიცოდეთ, როგორ გადაადგილდებიან ისინი. სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებიც კუნთებს იყენებენ, თავიანთი რვა ფეხის მართვას ობობები ჰიდრავლიკური წნევით ახერხებენ. სპეციალური სტრუქტურა, რომელსაც პროსომას კამერა ეწოდება, ფეხსახსრიანებს საშუალებას აძლევს, რომ სხეულში არსებული სითხე ფეხებისკენ მიმართონ და გაადიდონ ისინი. როცა სითხის რაოდენობა მცირდება, კიდურები ისევ იკრუნჩხება.
"საქმე ისაა, რომ ობობას სიკვდილის შემდეგ ბუნებრივად წარმოქმნილი პატარა სატაცებისთვის იდეალური სტრუქტურა აქვს", — განაცხადა დენიელ პრესტონმა, ნაშრომის თანაავტორმა და რაისის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის მეცნიერმა.
მკვლევრებმა ნემსისა და სუპერწებოს გამოყენებით ობობას პროსომას კამერაში ჰერმეტული დაბოლოება შეუქმნეს. ასე მათ საშუალება მიეცათ, რომ ჰაერი მის კიდურებში შეეყვანათ. შედეგად ფეხები იბერებოდა და იზრდებოდა, ჰაერის წნევის შემცირებისას კი კვლავ იკეცებოდა. ასე ერთგვარი მექანიკური მომჭერი შექმნეს მკვდარი ბიოლოგიური მასალებისგან.
რაც შეეხება ამ ობობა-ნეკრობოტების შესაძლო გამოყენებას, აღმოჩნდა, რომ ეს ბიოტიკური მექანიკური სატაცები საკმაოდ მტკიცეა. მათ დაახლოებით 1 000 ცდას გაუძლო, შემდეგ კი ნელ-ნელა დაშლა დაიწყო. თუკი სატაცებს დამცავი საფარი დაემატება, პრესტონის ვარაუდით, ისინი აღება-დადების ტიპის საქმეებში შეიძლება გამოვიყენოთ, თუნდაც მიკროელექტრონიკის აწყობისას.
როგორც კვლევის მთავარი ავტორი ფეიე იეპი ამბობს, ნეკრობოტები შეიძლება ბუნებაში მწერების დასაჭერადაც გამოვიყენოთ — ასეთი რობოტი ძალიან კარგად ერწყმის გარემოს და ქამელეონის მსგავსად შენიღბვაც შეუძლია.
ნეკრობოტების შესახებ ნაშრომი მკვლევართა ნაშრომი 2022 წელს გამოქვეყნდა გამოცემაში Advanced Science.

კომენტარები