კერძო სექტორში დასაქმებული ყოველი მეოთხე ადამიანი სექსუალურ შევიწროებას განიცდის — ახალი კვლევა

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

საქართველოში დასაქმებული ყოველი მეოთხე ადამიანი სამსახურში სექსუალური შევიწროების შემთხვევას აწყდება.

კვლევის შესახებ

საქართველოში დასაქმებული ყოველი მეოთხე ადამიანი სამსახურში სექსუალური შევიწროების შემთხვევას აწყდება — ეს აღმოჩენა გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით CRRC-ს მიერ ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ გააკეთა, რომელიც კერძო სექტორში სექსუალური შევიწროების მასშტაბებს, ფორმებსა და რეაგირების პრაქტიკას იკვლევდა.

კვლევა 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის იანვრამდე ჩატარდა და მასში კერძო სექტორში დასაქმებულმა 824 პირმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვასთან ერთად 20 სიღრმისეული ინტერვიუც ჩატარდა — როგორც სპეციალისტებთან, ისე ქალებთან, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს შევიწროება სამუშაო გარემოში.

სექსუალური შევიწროება არის სერიოზული და გავრცელებული პრობლემა

სექსუალური შევიწროება საქართველოში სამუშაო გარემოში ყოველდღიური რეალობაა მრავალი ადამიანისთვის — განსაკუთრებით ქალებისთვის. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ეს საკითხი არა მხოლოდ ფართოდ გავრცელებულია, არამედ საზოგადოების მხრიდან სერიოზულ პრობლემად აღიქმება:

  • გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა – ქალების 90% და კაცების 86% – ფიქრობს, რომ სექსუალური შევიწროება სერიოზული სოციალური პრობლემაა.
  • სამუშაოზე სექსუალური შევიწროების შემთხვევა გამოუცდია ყოველ მეოთხე რესპონდენტს (24%).
  • ქალების 27%-ს და კაცების 18%-ს პირადად გამოუცდია სექსუალური შევიწროების მინიმუმ ერთი ფორმა.
  • ბოლო 12 თვის განმავლობაში ასეთი გამოცდილება ჰქონდა ქალების 12%-ს და კაცების 6%-ს.

ქალები და ახალგაზრდები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან

სექსუალური შევიწროების სამიზნედ ყველაზე ხშირად ქალები და ახალგაზრდა ადამიანები გვევლინებიან. გარდა სქესისა და ასაკისა, რისკს ზრდის სოციალური სტატუსიც — რაც მეტია მოწყვლადობა, მით მეტია შევიწროების შანსიც:

  • სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა უმრავლესობა ქალია, განსაკუთრებით — 35 წლამდე.
  • ქალები ხშირად განიცდიან არა ერთ, არამედ რამდენიმე ფორმას შევიწროებას.
  • დაუქორწინებელი ქალები უფრო ხშირად ხდებიან შევიწროების სამიზნე, ვიდრე დაქორწინებულები.
  • მაღალი რისკის მქონე ჯგუფებად ასევე სახელდებიან შშმ ქალები, მარტოხელა დედები, ქვრივები, ლგბტქი+ პირები, სტაჟიორები და დროებითი თანამშრომლები.

სექსუალური შევიწროება ხშირად შეუმჩნეველი რჩება

დაზარალებულთა დიდი ნაწილი დუმს — სექსუალური შევიწროების ფაქტები იშვიათად ხვდება ყურადღების ცენტრში. კვლევა აჩვენებს, რომ შეტყობინების პრაქტიკა თითქმის არ არსებობს, რაც ხელს უწყობს პრობლემის დამალვას:

  • გამოკითხულთა მხოლოდ 31%-მა თქვა, რომ მის შემთხვევას ვინმე შეესწრო. ანუ შემთხვევათა ორი მესამედი სხვებისთვის შეუმჩნევლად ხდება.
  • დაახლოებით მესამედს (32%) საკუთარი თვალით უნახავს ან კოლეგისგან გაუგია შევიწროების შემთხვევა.
  • მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა (75%) ფიქრობს, რომ შეტყობინება მნიშვნელოვანია, მხოლოდ 9%-მა მიმართა ფორმალურ მექანიზმს.
  • მთავარი ბარიერები: შიშის გამო დუმილი, შესაძლო სტიგმა, მტკიცებულებების ნაკლებობა და ინფორმაციის არქონა — ხშირად არ იციან, ვის უნდა მიმართონ.

სექსუალური შევიწროების ჩამდენი უმეტესად არიან კაცები, ხშირად — ხელმძღვანელები

დამნაშავეების დიდი ნაწილი კაცია, ხშირად იმ ადამიანებიდან, ვინც ძალაუფლების პოზიციაშია. ქალებს ყველაზე ხშირად ავიწროებს თანაბარი პოზიციის კოლეგა ან უშუალო უფროსი:

  • მსხვერპლი ქალების 84%-ის შემთხვევაში, დამნაშავე კაცი იყო.
  • შემთხვევების 28%-ში შევიწროება თანაბარი პოზიციის თანამშრომლის მხრიდან ხდებოდა, ხოლო 22%-ში — ხელმძღვანელისგან.
  • ხელმძღვანელის მხრიდან შევიწროება ქალებში ორჯერ უფრო ხშირია (26%), ვიდრე კაცებში (12%).

შევიწროების ფორმები მრავალფეროვანია და ხშირად ვერბალურ-ციფრულ ხასიათს ატარებს

ექსპერტთა და დასაქმებულთა თანხვედრით, შევიწროება განსაკუთრებით ხშირია მომსახურების, გართობის, ტურიზმის, უსაფრთხოების და მშენებლობის სექტორებში. ხშირია ვერბალური (სექსუალური ხასიათის კომენტარები, გარეგნობაზე აქცენტები, არასამუშაო საათებში შეტყობინებები) და არავერბალური ფორმები (მიშტერება, არასასურველი შეხება, ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნა):

  • ყველაზე ხშირია: სექსუალური ხასიათის კომენტარები, გარეგნობაზე კომპლიმენტები, არასამუშაო დროს შეტყობინებები, პირად ცხოვრებაზე კითხვები, არასასურველი შეხება და ინტიმური სიახლოვის შეთავაზება.
  • პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით გავრცელდა ტექსტური შეტყობინებების, ფოტოებისა და ვიდეოების გზით სექსუალური შევიწროება.
  • მაღალი რისკის გარემოა არა მხოლოდ ოფისი, არამედ დახურული კაბინეტები, მივლინებები, კორპორატიული წვეულებები და სხვა არაფორმალური სივრცეები.

კომპანიების ნაწილი საერთოდ არ აღიარებს პრობლემას ან არ აქვს რეაგირების მექანიზმები

ორგანიზაციების უმრავლესობას არ აქვს შიდა წესები შევიწროების შესახებ და არ აწარმოებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. სწორედ ამ მექანიზმების ნაკლებობას მოჰყვება დაბალი მიმართვიანობა:

  • გამოკითხულთა მესამედმა არ იცის, არსებობს თუ არა მის ორგანიზაციაში შიდა წესები შევიწროების წინააღმდეგ.
  • 38%-მა თქვა, რომ მათი ორგანიზაცია საერთოდ არ აქვს შიდა პოლიტიკა ამ მიმართულებით.
  • მხოლოდ 21%-მა დაადასტურა შიდა მექანიზმის არსებობა.
  • 86%-ს არასოდეს გაუვლია ტრენინგი ან მიუღია ცოდნა ამ საკითხზე.

რეკომენდაციის სახით კვლევის ავტორები სახელმწიფოს ურჩევენ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და საჩივრის ეფექტიანი მექანიზმების უზრუნველყოფას, ხოლო კერძო კომპანიებს მოუწოდებენ, შეიმუშავონ შიდა წესები, დანერგონ რეაგირების მექანიზმები და განახორციელონ ტრენინგები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დროშაზე დაებიჯა თუ გადაუარა? ჯასტინ ტიმბერლეიკის ჟესტმა ქართველი მსმენელი აალაპარაკა20022 ნახვა
  2. 6 მუსიკოსი, რომელმაც დროშა პატივისცემისა და სოლიდარობის ნიშნად აღმართა12584 ნახვა
  3. ტესტი: როგორ იცნობ საქართველოს?5617 ნახვა
  4. ევროვიზიის გამარჯვებული ალექსანდრ რიბაკი საქართველოში კონცერტს გამართავს5174 ნახვა
  5. ქვიზი: რამდენად კარგად გესმის მეგრული ენა?3691 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შესაძლოა, 2050 წლისთვის ღვიძლის სიმსივნის შემთხვევები გაორმაგდეს — რა არის ამის მიზეზი

მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით ღვიძლის სიმსივნემ, შესაძლოა, ორჯერ მეტი ადამიანი…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~