ახალ კვლევაში სამყაროს წარმოშობის სხვაგვარი სცენარია განხილული, რომელიც დიდი აფეთქების ალტერნატივას გვთავაზობს. ამ ჰიპოთეზის თანახმად, შესაძლებელია, კოსმოსი შავი ხვრელის შიგნით გაჩენილიყო, როცა ამ ობიექტმა კოლაფსი განიცადა, შემდეგ კი ისევ გაფართოვდა.

ეს დიდი აფეთქების სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელს ეწინააღმდეგება. მისი მიხედვით, სამყაროს დასაბამში სინგულარობა იყო, ანუ უსასრულო სიმკვრივე, რომლის მიმართაც ფიზიკის წესები სრულიად ინგრევა. კოსმოსის სტრუქტურისა და მახასიათებლების ასახსნელად მეცნიერები ისეთ კონცეფციებს ეყრდნობიან, როგორიც ინფლაცია (ადრეული სწრაფი გაფართოება) და ბნელი ენერგიაა, რომელიც სამყაროს ამჟამინდელ აჩქარებულ გაფართოებას უნდა იწვევდეს. ამის მიუხედავად, პროცესში მონაწილე უცნობი ძალების შესახებ კითხვები არსებობს.

პორტსმუტის უნივერსიტეტის პროფესორი, ენრიკე გასტანაგა, კოლეგებთან ერთად ახალ პერსპექტივაზე მსჯელობს. ის გამოცემა Physical Review D-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

მათ ჰიპოთეზას "შავი ხვრელის სამყარო" ეწოდება, რომლის თანახმადაც სამყაროს წარმოქმნას წინ მკვრივი მატერიის გრავიტაციული კოლაფსი უძღოდა — ისეთი, როგორიც მასიური ვარსკვლავის სიკვდილის დროს ხდება და შავი ხვრელის ფორმირებას განაპირობებს. ზოგადი ფარდობითობის, კვანტური მექანიკისა და ფართოდ აღიარებული სხვა ფიზიკური თეორიების გათვალისწინებით ავტორები ასკვნიან, რომ ეს პროცესი სინგულარობით არ სრულდება.

მათი თქმით, ამ სცენარში კვანტური ფიზიკის კანონები მატერიას უსასრულოდ შეკუმშვის საშუალებას არ აძლევს და მის ერთგვარ ასხლეტას უწყობს ხელს. შედეგად, ის გარე მიმართულებით ფართოვდება და ისეთ სამყაროს ქმნის, როგორიც ჩვენი კოსმოსია. საინტერესოა ისიც, რომ ეს ასხლეტა სწრაფი გაფართოების ფაზებს ბუნებრივად წარმოქმნის, რითაც ინფლაციისა და ბნელი ენერგიის გავლენას იმეორებს, თუმცა დამატებითი, უცნობი ძალების გარეშე.

ალტერნატიული მოდელის მიხედვით, სამყარო ოდნავ გამრუდებულია, რისი შემოწმებაც ისეთი კოსმოსური ტელესკოპით შეგვიძლია, როგორიც "ევკლიდეა". ასევე, ჰიპოთეზა ზემასიურ შავ ხვრელებსა და ბნელ მატერიას კოლაფსის დროს წარმოქმნილ ობიექტებთან აკავშირებს.

საბოლოოდ, ამ ალტერნატიული სცენარით გამოდის, რომ ჩვენი სამყარო შავ ხვრელშია, რომელიც თავის "მშობელ" სამყაროში მდებარეობს. შესაბამისად, კოსმოსურ ციკლთან შეიძლება გვქონდეს საქმე და არა ერთ უნივერსალურ დასაბამთან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.