ახალი კვლევის თანახმად, შესაძლებელია, ვენერას ორბიტას ისეთი ასტეროიდები იზიარებდეს, რომლებსაც ვერ ვხედავთ. სიმულაციების მიხედვით, ამგვარი ობიექტები მომდევნო ათასწლეულის განმავლობაში დედამიწისთვის პოტენციური საფრთხის შემცველია, თუკი ვერ დავაფიქსირებთ.

მათ კოორბიტალური ეწოდება, რადგან ისინი მზის გარშემო დაახლოებით იმავე მანძილსა და ტრაექტორიაზე გადაადგილდება, რომელზეც კონკრეტული პლანეტა. ამ შემთხვევაში, ეს ციური სხეული ვენერაა, რომლის მიმდებარედაც 20 მსგავსი ობიექტია ცნობილი — ე.წ. ტროელი ასტეროიდები და კვაზითანამგზავრი ზოოზვე. თითოეული მათგანის სიგანე 140 მეტრს უნდა აღემატებოდეს, ანუ თუ დედამიწას რომელიმე შეეჯახება, მჭიდროდ დასახლებული ქალაქის განადგურება შეუძლია.

ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ ასეთი ასტეროიდი ისე მოგვიახლოვდება, რომ გრავიტაცია სხვა პლანეტის ორბიტიდან გამოაგდებს და ჩვენკენ მოიზიდავს. შედარებისთვის, ვენერა (და მისი კოორბიტალური ასტეროიდები) დედამიწას სხვა პლანეტებს შორის ყველაზე მეტად უახლოვდება — მაქსიმუმ 40 მილიონი კილომეტრით.

ვენერას გადაადგილება მზის გარშემო.

ფოტო: NASA/Goddard/SDO

შესაძლოა, სხვა კოორბიტალური ობიექტებიც არსებობდეს, რომელთაც ვერ ვხედავთ, რადგან მზის ელვარება ფარავს. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მათზე კომპიუტერული სიმულაციები ჩაატარეს, რომელიც 36 000-წლიან პერიოდს მოიცავდა. აღმოჩნდა, რომ ამ დროის განმავლობაში ზოგიერთმა უცნობმა ასტეროიდმა შეიძლება საშიშროება შეგვიქმნას. იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტი რაოდენობა არ ვიცით, შეჯახების ალბათობის გამოთვლა ძნელია.

საუბარია მხოლოდ პოტენციურ რისკზე და არა გარდაუვალ შეჯახებაზე, ამიტომ ავტორები ამბობენ, რომ ახლო მომავალში ამგვარი კატასტროფა არ გვემუქრება.

მკვლევრები იმასაც გვახსენებენ, რომ ახალაღმოჩენილ ასტეროიდ 2024 YR4-ს პირვანდელი მონაცემებით დედამიწასთან შეჯახების დიდი შანსი ჰქონდა, მაგრამ მალევე რისკი 0-ზე დავიდა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პოტენციურად საშიშ ობიექტებს თვალი ვადევნოთ, მაგრამ ყველანაირი განგაშის გარეშე.

ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და რეფერირების პროცესშია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.