"მუდმივი ხმაური" — ანუ როგორ იტაცებს ტექნოლოგია ჩვენს გონებას
ხშირად, როცა ვმუშაობ ან ვმეცადინეობ ან უბრალოდ ფილმს ვუყურებ, ინსტინქტურად ვიღებ ტელეფონს და მის ეკრანს ვუყურებ. შეიძლება რომელიმე სოციალურ მედიაზე შევიდე, შეიძლება სულაც ძველი ფოტოები დავათვალიერო. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ტელეფონს უბრალოდ თვალს ვერ ვწყვეტ.
აშშ-ის რიგითი მოქალაქე სმარტფონს საშუალოდ 12 წუთში ერთხელ ამოწმებს. ხოლო აპლიკაცია RescueTime-ის მიხედვით, სმარტფონს აქტიურად დღეში საშუალოდ 3-5 საათის მანძილზე ვიყენებთ.
სმარტფონი მსოფლიოში 3,5 მილიარდ ადამიანზე მეტს აქვს და, რაც დრო გადის, მომხმარებლების რიცხვი იზრდება.
2017 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სმარტფონის მფლობელების ნახევარს მათი გამოყენების დროის შემცირება სურს.
21-ე საუკუნეში ინფორმაცია ძალიან მარტივად ვრცელდება. ყველა ადამიანს ხელი პრაქტიკულად უსასრულო ინფორმაციაზე მიუწვდება, თანაც მომენტალურად.
საქართველოში მცხოვრებს, მალაიზიის პოლიტიკაზე იმდენივე ინფორმაციის მიღება შეუძლია, რამდენისაც მალაიზიელს. ამასთანავე ყველას შეუძლია გაიგოს რა არის ბილი აილიშის საყვარელი საკვები (ალბათ უკვე დაგაინტერესათ და ბარემ გეტყვით, ეს ავოკადოა).
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია უშრეტია, რაც დრო გადის, "სასარგებლო" და "უსარგებლო" ინფორმაციის გარჩევა რთულდება. ბევრჯერ მქონია მომენტი, როცა რაიმე ვიდეო მინახავს, ან სტატია წამიკითხავს და მიფიქრია, რატომ? რატომ გადავწყვიტე, რომ დავინტერესებულიყავი ვინმე ცნობილი მსახიობის ვარჯიშის რუტინით?
რა თქმა უნდა, არსებობს მიზეზი, რატომაც სოციალურ მედიაზე და "სენსაციურ" ახალ ამბებზე ასე მჭიდროდ ვართ დამოკიდებული.
უსასრულო ინფორმაცია ორგანიზების გარეშე ზედმეტად ქაოტური იქნებოდა. კომპანიები ბუნებრივია ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ამბავმა კონკრეტულ აუდიტორიამდე მიაღწიოს. დემოგრაფიის სათანადო შერჩევა მარკეტინგისთვის მნიშვნელოვანია. დემოგრაფიის შერჩევას კი ძირითადად სოციალური ქსელები უზრუნველყოფენ.
შედით Facebook-ზე და შეამოწმეთ თქვენი ნიუს ფიდი. დარწმუნებული ვარ ის მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩემი ნიუს ფიდისგან. სოციალური ქსელები ალგორითმებზე მუშაობენ, რომელიც იმახსოვრებს რა გაინტერესებთ, როგორ პოსტებს აქცევთ ყველაზე მეტ ყურადღებას, რაზე აკომენტარებთ და ასე შემდეგ.
ამის მიხედვით Facebook (და არამარტო) რეკლამებს პირადად თქვენს ინტერესებს არგებს. ყველამ იცის, რომ იგივე Facebook და სხვა სოციალური ქსელების უმეტესობა უფასოა. ამიტომ მათი ბიზნეს მოდელი მთლიანად რეკლამებს ეყრდნობა. ყველა ასეთი ტექ-კომპანია ცდილობს, რომ მეტი დრო გაატაროთ მათი აპლიკაციის მოხმარებაში. შესაბამისად, ამ სოციალური ქსელების დიზაინიც სწორედ ამ გათვლითაა შემუშავებული.
Google-ის ყოფილი ეთიკური დიზაინის სპეციალისტის, ტრისტან ჰარისის თქმით, სმარტფონების და აპლიკაციების დიზაინი საგანგებოდაა ისე გაკეთებული, რომ მან თქვენი ყურადღება მაქსიმალურად მიიქციოს.
კომპიუტერული მეცნიერი ჯარონ ლანიერის თქმით, ადამიანების ყურადღებას ნეგატიური ამბები უფრო მარტივად იპყრობს. მართლაც, ახალი ამბები მეტწილად ისეთ კონტექსტშია წარმოჩენილი, რომ მკითხველში ნეგატიური ემოცია გააჩინოს და, შესაბამისად, მისი ყურადღება მომენტალურად მიიპყროს.
ისიც აღსანიშნავია, რომ რადგან ინფორმაცია ასეთი გლობალურია და რადგან აპლიკაციები ხშირად ცდილობენ ისარგებლონ თქვენში "ნეგატიური ემოციების" წამოჭრით, ყველაფერი უფრო საგანგაშო ჩანს.
უძირო ფიალა — ანუ რატომ ვსქროლავთ ამდენს
შედით ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე და მალევე მიხვდებით, რომ ინფორმაციის ნაკადს ბოლო არ უჩანს. ანუ არ არსებობს ვიზუალური მანიშნებელი, რომელიც აქტივობის შეწყვეტისკენ გიბიძგებთ. სოციალურ ქსელში ვიდეოების, პოსტების და ფოტოების თვალიერება პრაქტიკულად უსასრულოდ შეგიძლიათ.
უსასრულო სქროლვა ფეისბუქის და ინსტაგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებაა.
ბევრი მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელის ასეთი ხშირი გამოყენება სწორედ უსასრულო სქროლვის და მუდმივი განახლების ფუნქციის გამო ხდება. ნიუს ფიდზე ნავიგაციისთვის სხვადასხვა პოსტის ან ფოტოს ნახვა ღილაკზე ფიზიკურად დაჭერით რომ გიწევდეთ, სავარაუდოდ ამას ნაკლებად იზამდით.
ვიზუალური ბარიერის გარეშე რთულია, რომ რაღაც აქტივობა დავასრულოთ და გავჩერდეთ. სწორედ ამას მოწმობს 2005 წელს გამოქვეყნებული კვლევა:
მოხალისეებს სუპი ორი სხვადასხვა ჯამიდან უნდა ეჭამათ. ერთ შემთხვევაში სუპის ჭამის შემდეგ მოხალისეებს თავად შეეძლოთ ჯამში სუპის ჩამატება. მეორე ექსპერიმენტში მოხალისეების ჯამი სუპით თავისით ივსებოდა.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თვითშევსებადი ჯამიდან მონაწილეები 73%-ით მეტს ჭამდნენ, ვიდრე ჩვეულებრივიდან. მიუხედავად ამისა, ისინი ირწმუნებოდნენ, რომ იგივე რაოდენობა მიირთვეს.
რაც უნდა უინტერესო ჩანდეს ინფორმაციის ნაკადი, რომელსაც ვიღებთ, ვიზუალური ბარიერის არარსებობის გამო გაჩერება გვიჭირს.
სოციალური ქსელები და სხვადასხვა კომპანია, რომლებიც თავიანთ სერვისებს ინტერნეტში ათავსებენ, ჩვენი ჩვევებით სარგებლობენ. ჩვევებით, რომელთა საწყისიც ჩვენსავე ევოლუციაში შეიძლება ვეძებოთ.
სუპერნორმალური სტიმული
ეს ტერმინი, შესაძლოა, უცხოდ მოგეჩვენოთ, თუმცა სუპერნორმალურ გამღიზიანებლებთან შეხება ყოველდღიურად გვიწევს და ისინი, ჩვენს ყოველდღიურ ქმედებებზე უდიდეს გავლენას ახდენენ.
ტერმინი სუპერნორმალური სტიმული ნობელის ლაურეატმა ნიკო ტინბერგენმა ცხოველების კვლევისას შემოიღო, მან დაადგინა, რომ ძალიან მარტივი იყო ისეთი ობიექტების შექმნა, რომლებიც ცხოველებში არსებულ სხვადასხვა ინსტინქტს იმაზე უფრო ძლიერად აღძრავდა, ვიდრე ის ობიექტები, რომლისთვისაც ინსტინქტი ბუნებაშ თავდაპირველად ჩამოყალიბდა.
მოდი განვმარტოთ:
მან აღმოაჩინა, რომ ცხოველებში ბევრი ქცევა ძალიან კონკრეტული, მარტივი ინსტინქტებითაა განსაზღვრული. მაგალითად, დედა ჩიტმა "იცის," რომ ყველაზე მეტი საკვები იმ ბარტყს უნდა აჭამოს, რომელიც პირს ყველაზე დიდზე აღებს. ასევე "იცის," რომ ყველაზე მეტად იმ კვერცხს უნდა მოუაროს, რომელიც სხვებზე უფრო დიდია.
ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ ამ "ცოდნის," ანუ ინსტინქტის მოტყუება მარტივად შეიძლება. თუ ჩიტს ბუდეში ხელოვნურ კვერცხს ჩავუდებთ, რომელიც მის ბუნებრივ კვერცხებზე დიდია, ის ხელოვნურ კვერცხს მოუვლის, დანარჩენებს კი ყურადღებას აღარ მიაქცევს. თუ ჩიტს ბუდეში მუყაოს ბარტყს ჩავუდებთ, რომელსაც მის ბუნებრივ ანალოგებზე უფრო დიდი პირი აქვს, ის ქაღალდის ბარტყის მოვლას დაიწყებს, დანარჩენები კი შიმშილით დაიხოცებიან. სწორედ ესაა ის, რასაც ჩვენ სუპერნორმალურ გამღიზიანებელს ვუწოდებთ.
მანამ, სანამ ჩიტებსა და სხვა ცხოველებს დავცინებთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ — რამდენად განსხვავებულები ვართ ჩვენ?
ჩვენ გარშემო არსებული ტექნოლოგიები იმაზე ბევრად სწრაფად ყალიბდება და ვითარდება, ვიდრე ჩვენი ინსტინქტები. შედეგად კი ვხვდებით გარემოში, სადაც ჩვენი გონება სუპერნორმალური ნამცხვრების, ფილმების, სერიალებისა და სოციალური ქსელების სამიზნე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება.
ადამიანები მეტწილად სოციალური აქტივობისკენ და კომუნიკაციისკენ არიან მიდრეკილნი. სოციალური ქსელები და აპლიკაციები კი ცდილობენ, რომ თქვენი კომუნიკაციის და სოციალური აქტივობის სურვილი მაქსიმალურად გამოიყენონ და თქვენს ინსტინქტებზე ითამაშონ.
როცა ფეისბუქზე ახალ მეგობარს დაიმატებთ, მომენტალურად მოგდით შეტყობინება: "მიესალმე შენს ახალ მეგობარს". როცა რომელიმე თქვენი ამხანაგი რაიმე ღონისძიებაზე წასვლას დაგეგმავს, ფეისბუქი ამის შესახებ მომენტალურად გეუბნებათ.
სოციალურ ქსელში თქვენი და თქვენი მეგობრების აქტივობა რეალური სოციალური ინტერაქციის უფრო გაზვიადებული ვერსიაა. თქვენ მუდმივად გესმით "ხმაური" — ყველა თქვენი მეგობარი რაღაცას უყურებს, რაღაცას წერს, რაღაცას უსმენს, ამ ყველაფერს კი ფეისბუზე საჯაროდ აცხადებს.
სოციალურ ქსელებამდე შეგეძლოთ მეგობრებს შეხვედროდით და გეთქვათ, რომ რაღაც ფილმი არ მოგეწონათ, ახლა კი ამის გაკეთება საჯაროდ შეგიძლიათ, ასობით მეგობრის თანდასწრებით. ამხელა მასშტაბის კომუნიკაცია სოციალურ ქსელამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ერთდროულად ასობით ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა კი ერთგვარი სუპერნორმალური გამღიზიანებელია.
როგორ იტაცებს ტექნოლოგია ჩვენს ყურადღებას
ხშირად უბრალოდ მიღებულია, რომ ტექნოლოგიების გამოყენება რიგ დისციპლინებში პროგრესის საწინდარია. ოცდამეერთე საუკუნეში სკოლებსა და ზოგადად აკადემიურ სივრცეებში კომპიუტერების, ტაბლეტების და ინტერაქციული ეკრანების მასობრივი გამოყენება დაიწყო.
მსოფლიოს გარშემო ბევრგან, დაწყებით კლასებში, ბავშვები კითხვას და წაკითხულის გააზრებას ხშირად ტაბლეტებით სწავლობენ. სასწავლო "ტაბლეტები" კლასებში ხშირად პერსონალური მასწავლებლის ფუნქციას ასრულებენ. კლასში, სადაც ბევრი ბავშვია და მასწავლებელი ყველას ყურადღებას ვერ აქცევს, ასეთი ტაბლეტების გამოყენება ერთობ ლოგიკური ჩანს.
ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, სკოლებში, სადაც კომპიუტერები ინტენსიურად არის გამოყენებული, "მოსწავლეებს უფრო დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ, სოციალური და დემოგრაფიული ფონის გათვალისწინებითაც კი."
ეს პრობლემა დაწყებით კლასებში უფრო თვალსაჩინოა. მაგალითისთვის, მეოთხე კლასელები, რომლებიც სკოლაში ტაბლეტებს იყენებენ, წაკითხულის გააზრებაში საშუალოდ 14 ქულით დაბალ შედეგებს აჩვენებენ (სტანდარტიზებულ ტესტებზე).
სპეციალისტების თქმით, ბევრი ბავშვი კონცენტრაციას ტაბლეტზე დიდ ხანს ვერ ამახვილებს იმიტომ, რომ მათთვის კომპიუტერის ეკრანი "თამაშთან" უფრო ასოცირდება, ვიდრე სწავლასთან. ეკრანზე გამოსახულ ინფორმაციაზე კონცენტრირება, სირთულეს, მხოლოდ ბავშვებისთვის არ წარმოადგენს.
კვლევის მიხედვით, მონაწილეთა ნახევარმა ციფრული მოწყობილობებიდან კითხვაზე უკმაყოფილება გამოთქვა. ძირითადად თვალების დაღლისა და წვის მიზეზით. მათმა 67%-მა ასევე განაცხადა, რომ მოწყობილობებიდან კითხვისას სხვადასხვა საქმის ერთდროულად კეთების შანსი უფრო მაღალი იყო. წიგნიდან კითხვასთან კავშირში იგივე მოსაზრება მხოლოდ 41%-მა გამოთქვა.
მაინც რატომ არის კომპიუტერის ეკრანიდან წაკითხულის გააზრება უფრო რთული? როგორც ჩანს ამის მთავარი მიზეზი ეკრანის გამოსხივებაა:
თანამედროვე კომპიუტერების ეკრანები არაბუნებრივად ნათელია, რაც თვალის დაღლილობას იწვევს, ეს კი ინტელექტუალური სამუშაოს შესრულებას, ისევე როგორც წაკითხულის გააზრებას რთულს ხდის. წაკითხულის გააზრების პრობელემები დიდწილად საკუთარი გამოსხივების მქონე მოწყობილობებიდან მიღებული ინფორმაციისას იჩენს თავს. ქინდლიდან წაკითხვის შემთხვევაში, ადამიანი წაკითხულს პრაქტიკულად ისევე იაზრებს, როგორც ბეჭდური წიგნიდან.
როგორ ვებრძოლოთ სუპერნორმალურ სტიმულს?
არასწორად ნუ გამიგებთ, სოციალური ქსელები, სმარტფონები და ზოგადად ტექნოლოგიური პროგრესი ცუდი, რა თქმა უნდა, არ არის. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელთ არსებული ტექნოლოგია მიზნობრივად და სწორად გამოვიყენოთ.
სკოლებში ტექნოლოგიების გამოყენება არ უნდა შეწყდეს, მიდგომა — უნდა შეიცვალოს. ტაბლეტებმა მასწავლებლები კი არ უნდა ჩაანაცვლონ, არამედ სწავლის პროცესს ხელი უნდა შეუწყონ.
თუ მიიჩნევთ, რომ კომპიუტერთან ან სმარტფონთან ბევრ დროს ატარებთ და თვლით, რომ ეს ცხოვრებაში ხელს გიშლით, მარტო არ ხართ. მსოფლიოში მსგავსი განცდა ბევრს აქვს.
თუმცა, "ციფრული კეთილდღეობა" ნელ-ნელა აქტუალური ხდება. კომპანიები ცდილობენ შეიმუშაონ მიდგომები, რომელთა დახმარებითაც ჩვენ ტექნოლოგიების გამოყენებას უფრო პროდუქტიულად და სასარგებლოდ შევძლებთ.
ტექნოლოგიების ერაში ინფორმაციის ნაკადი უწყვეტია, ჩვენი შესაძლებლობები და დრო — შეზღუდული, შესაბამისად კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ უკანასკნელს.
კომენტარები